The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1.04

1863    
    
1 აპრილი   
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის ბარათს, რომელშიც სიხარულით აცნობებს, რომ ხეჩო დარჩიანოვმა თადეოზ გურამიშვილი დაითანხმა მათ ჯვრისწერაზე. წერილიდან ჩანს, რომ იმ საღამოს აპირებს მსახურ ლაზარე ღონიაშვილის გაგზავნას ექიმთან და თუ ფეხზე წამოდგომის ნებას მიიღებს, მოაგვარებს ყველაფერს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 403; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 445; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 72-73, 340-341.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ლაზარე ღონიაშვილის მხოლოდ სახელია ნახსენები. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის“, თბ. 2016, გვ. 156.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

დარჩიანოვი (დარჩიევი, დარჩილოვი) ხეჩო

გლეხური წარმოშობის თბილისელი მიწათმფლობელი. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ევალებოდა მცხეთის ტაძრის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება.

ღონიაშვილი ლაზარე

ილია ჭავჭავაძის მსახური ბიჭი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    
1881    
    
1 აპრილი     
    
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე ნომერი.  წყარო:

ჟურნ. „ივერია“, 1881, № 4.

    
1882    
    
1 აპრილი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ წინარეხის სკოლაში დროებით გამოიყენონ ბათუმის სასწავლო პროგრამა; ნიკო ცხვედაძეს ავალებენ სამწლიანი და ექვსწლიანი ახალი პროგრამების შემუშავებაზე მუშაობის დაწყებას; ახალციხის ქალთა სკოლისგან მოითხოვენ ინფორმაციის დაზუსტებას იმის თაობაზე, თუ რა დრო ეთმობა ქართულისა და რუსულის სწავლებას და რა თანხა სჭირდება სკოლას თავის შესანახად. გამგეობა არ იღებს ახალქალაქიდან გაგზავნილ თანხას იმის გამო, რომ ეს ფული საზოგადოების სახელზე არ არის შეგროვებული. ნიკო ცხვედაძესა და იაკობ გოგებაშვილს გადასამომწმებლად გადასცემენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მიერ გაგზავნილ პროგრამებს. მსჯელობენ წინარეხის სკოლის შენობის ადგილის შესახებ და სასწავლო გეგმის შედგენას ავალებენ ალექსანდრე სარაჯიშვილსა და ნიკო ცხვედაძეს. განიხილავენ ნურიბეგ ხიმშიაშვილის წერილს შავშეთში ქართული სკოლის გახსნის შესახებ. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ზაფხულში მასთან გაგზავნონ საზოგადოების წევრი ინფორმაციის დასაზუსტებლად.  წყარო:

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი. ფ. 481 , № 45, გვ. 60.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

ხიმშიაშვილი ნურიბეგ

ბათუმის ოლქის პოლიციის ინსპექტორი.

    
1886    
    
1 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 აპრილს“ („რაკი ირლანდიაში სამი მეოთხედი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ირლანდიის სიღატაკის მიზეზები“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 68; გაზ. „ივერია“, 1886, № 73, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 508.

    
1887    
    
1 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 31 მარტი“ („ღვინის სიმაგრისა და გამძლეობისათვის ევროპაში უმატებენ ალკოგოლსა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 616-619; გაზ. „ივერია“, 1887, 1 აპრილი, № 68, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 185.

    
1890    
    
1 აპრილი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 მარტი“ („ამ მოკლე ხანში ევროპას ბევრი რამ მოსალოდნელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 1 აპრილი, № 69, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 569.

    
1894    
    
1 აპრილი    
    
იღებს წერილს პეტრე უმიკაშვილისგან, რომელიც უგზავნის ალექსანდრე ორბელიანის მეუღლის, ეკატერინე ზაალის ასულ ბარათაშვილ-ორბელიანის რამდენიმე წერილის ასლს ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 593.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი.

ბარათაშვილი-ორბელიანისა ეკატერინე ზაალის ასული

ერეკლე II-ის შვილიშვილის, ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე.

    
1899    
    
1 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ განაგრძობს ვრცელი ნარკვევის ბეჭდვას სათაურით „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“(„ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს... “).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 1 აპრილი, № 70, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, ტფ., „ივერიის“ რედაქციის გამოცემა, 1899; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 229.

პირთა ანოტაციები:

ეზოვი გერასიმე არტემის ძე (1835-1905)

სომეხი ისტორიკოსი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე.

    
1905 1 აპრილი   
    
გლეხთა გამოსვლების დასაწყნარებლად საგურამოში ადის კავკასიის მსროლელთა პირველი ბატალიონის ერთი როტა.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1905, 7 აპრილი, № 2791, გვ. 2.

    
1 აპრილი    
    
აქტიურ მონაწილეობას იღებს თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავს საქართველოს ავტონომიის საკითხს და იმპერატორთან გასაგზავნი პეტიციის ტექსტს. უპირისპირდება მიხეილ მაჩაბლის გამოსვლას ავტონომიის წინააღმდეგ, მოითხოვს, რომ ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდეს ყველა პარტია და გაითვალისწინონ ხალხის აზრი. კრება წერილით მიმართავს რუსეთის იმპერატორს, რომ მშვიდობიანი და კულტურული განვითარება ქართველ ხალხისა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს მიენიჭება უფლება საკუთარ კანონებით მართვა-გამგეობისა“. პეტიციას ხმას აძლევს 44 მონაწილე, 4-ის წინააღმდეგ  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი,“ 1905, 3 აპრ., № 2788, გვ. 2; „ივერია “, 1905, 2 აპრ., № 43; გაზ. „Новое Обозрение“, 1905, 2 აპრილი, გვ. 3; „არჩილ ჯორჯაძე, „ეროვნული პრობლემის გარშემო“, თხზულებები, წ. 1, 1911, თბ., გვ. 228. გიორგი ლასხიშვილი, მემუარები (1885-19015), ტფილისი, 1934, გვ. 196; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე), ტ. 2, თბ., 1990, გვ. 231; მ. კვატაია, ახალი ქართული დემოკრატიის სათავეებთან. კრებ. ილია ჭავჭავაძე და გლობალიზაცია, თბ., „მწიგნობარი“, 2012; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 241-242, 490-492.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)

„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.

    
1906    
    
1 აპრილი    
    
მიხეილ გედევანიშვილთან და ვლადიმერ მიქელაძესთან ერთად ჩადის პეტერბურგში და ბინავდება მოიკის № 61-ში.  წყარო:

გ. ხვედელიძე, მიხეილ გედევანიშვილი, 1960, გვ. 146.

პირთა ანოტაციები:

გედევანიშვილი მიხეილ ალექსანდრეს ძე (1862-1922)

ექიმი და საზოგადო მოღვაწე. მისი ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი 1914 წელს.

მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი,