The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ირლანდიისადმი
ირლანდიისადმი

მური ტომას

ირლანდიისადმი

(ტომას მურისა)

არ დაგივიწყებ, არა, არა!.. ვიდრე ჰფეთქს გული,
ვიდრე მიდგია ძარღვში სისხლი და პირში სული!
ვიდრე სიცოცხლის ჩემის ძაფი სრულ არ გაწყდება,
შენი, სამშობლოვ, უბედურო, ხსოვნა მექმნება.
ჰოი, ტანჯულო! მაგ მწუხარის სახით შენითა,
უიმედობის წყლულით გულში, თვალში ცრემლითა,
შენ უტკბესი ხარ ჩემთვის ყოველ იმა ქვეყნებზე,
თავისუფლების რომელთ ათბობს მშვენიერი მზე.

შენ რომ, ვიშ ტურფავ, იქმნე ისე ძლიერ მორჭმული,
თავისუფალი, ბედნიერი და დიდებული,
როგორც ოცნებით დღე და ღამე მე მენატრები,
რა რიგ ამაყის სიხარულით თავს მოგევლები!
თუმცა დიდების სვითა შენით მე დავსტკბებოდი,
მაგრამ მაშინაც მეტად მე ვერ მეყვარებოდი,
ვით მიყვარხარ დღეს, სევდიანი, მჭმუნვარ-მწუხარე,
გულდაკოდილი, მოღრუბლული და მგლოვიარე.

დე, დაგითრგუნოს მტერმა შენმა თავისუფლება,
დე, დაგდვას კისრად მძიმე ხუნდი, მძიმე კირთება!
ხოლო რაც უფრო მწუხარედა ჩვენ-წინ იქმნები,
მით უფრო მეტის გულის-წვითა შენ გვეყვარები.
ვით არ აღვენთვით სიყვარულით შენდამი ჩვენა,
როს – ვითა თვისთა შვილთ ფელქვანი – გვაწოვებ შენა
შენსა უბიწო, წმინდა სისხლსა, რომელიც არი
მწვავს ტკივილით შენის წყლულით გადმომდინარი.

5 თებერვალი, 1872 წ.

  ირლანდიისადმი

ხელნაწერი:
ავტოგრაფი U №108 (B).

ნაბეჭდი: კრებული, 1872, № 7, გვ. 100-101 (C). თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, ტფ., 1892, გვ. 171172 (A). ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოც. მე-2, თბ., 1892, გვ. 145. ვ. აბაშიძე, ჩანგი, გამოც. მე-4, ბათომი, 1900, გვ. 206-207 (D). ლექსები ილია ჭავჭავაძისა, ტფ., 1904, გვ. 33*, (E).

სათაურის ქვეშ: ტომას მურის ნათქვამი, რუსულიდამ გადმოღებული (BC).

ხელმოწერა: ილია ჭავჭავაძე (CD).

თარიღი: 1872 წ. 5 თებერვალი (BC), 1872 წ. (A),–(DE).

ჩვენთვის არაა ცნობილი, თუ საიდან შეასრულა ი. ჭავჭავაძემ ინგლისელი პოეტის ტომას მურის (1779-1852) ლექსის „ირლანდიისადმი“ ქართული თარგმანი. ლექსის 22-ე სტრიქონი ათტომეულის I ტომში (1951 წ.) დაბეჭდილია B ავტოგრაფის მიხედვით, რომელსაც იმეორებს „კრებულიც“: „როს-ვითა თვის შვილთ ფელიქვანი-გვაწოვებ შენა“. ჩვენ ვბეჭდავთ 1892 წლის (I ტ.) გამოცემის მიხედვით.

57. 4 მიდგია] მიდგა მე BC, მიდგას მე D, ძარღვში] ძარღვებში C. 5. გაწყდება] გასწყდება D. 6 უბედუროვ] უბედურო BC, ხსოვნა] ხსოვა BCD, მექმნება] მექნება D. 7 მწუხარის] მწუხარების D. 9 იმა ქვეყნებზე] იმ ქვეყანაზე D. 10 თავისუფლების რომელთ ათბობს] რომელთაც ათბობს თავისუფლების CD. B-ში ჯერ დაუწერია: „რომელთ ათბობს თავისუფლების მშვენიერი მზე“. შემდეგ ასე გადაუკეთებია: „თავისუფლებას ათბობს რომელთ მშვენიერი მზე“. 15 დავსტკბებოდი] დავჰსტკბებოდი BC, დავტკბებოდი D. 21 იქმნები] იქნები D, ხოლო] მხოლო D.

58. 2 თვისთა] თვის BCD. ფელქვანი] პელიკანი CD. B-ში ჯერ უწერია „პელიკანი“, შემდეგ გადაუხაზავს და დაუწერია „ფელიქვანი“.

__________________

* ამ გამოცემის ტექსტი ზუსტად იმეორებს 1892 წლის გამოცემას.