The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


17.10

 1880    
     
17 ოქტომბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 17 ოქტომბერი, № 219, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 167.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 659.

     
1886    
     
17 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ოქტომბერი“ („გუშინ მოვახსენეთ ჩვენს მკითხველებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი კანონი სოფლის „პოერნიების“ შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 17 ოქტომბერი, № 224, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 450.

     
     
1889    
     
17 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 ოქტომბერი“ („ცოტად თუ ბევრად სარწმუნო კაცები ამბობენ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო ბანკის გამართვა თავადაზნაურთათვის“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 17 ოქტომბერი, № 220, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 324.

     
1897    
     
17 ოქტომბერი    
     
თავადაზნაურთა დარბაზში ტარდება კრება, რომელზეც ირჩევენ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტს ქრისტეფორე მამაცაშვილის თავმჯდომარეობით. წევრები არიან: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი, პეტრე გრუზინსკი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, კიტა აბაშიძე, კოტე მესხი, ანდრია ღულაძე, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ აბაშიძე.   წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1897, 18 ოქტომბერი, № 344, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

მამაცაშვილი ქრისტეფორე (1839-1909)

რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი, მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეს გლეხთა მიწიანად გათავისუფლების საქმეში.

ჯამბაკურ-ორბელიანი მარიამ ვახტანგის ასული (1852-1941)

ერეკლე მეფის შვილთაშვილი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის, მასწავლებელ ქალთა საზოგადოების გამგეობისა და სამუსიკო სკოლის კომიტეტის წევრი.

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.

თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია მიხეილის ასული (1849-1932)

საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქალთა საზოგადოება „განათლების“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი.

ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922)

კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

აბაშიძე კიტა (იოანე) გიორგის ძე (1870-1917)

ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

მესხი კოტე (იაკობ) სიმონის ძე (1857-1914)

მსახიობი, დრამატურგი და რეჟისორი. 1879 წელს ჩამოყალიბებული მუდმივი ქართული დასის წევრი, ქუთაისის პროფესიული თეატრის დამაარსებელი.

ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

ზურაბიშვილი ივანე ივანეს ძე (1872-1940)

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. წერდა ფსევდონიმებით: „ვინ-ხენ“, “ჟანზეტ“, „დარბაისელი“.

აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866-1903)

პოეტი, ჟურნალისტი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.