The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

„ლექსიკონი პროზითა“


„ლექსიკონი პროზითა“



„ლექსიკონი პროზითა

1 მუსაიფი

▲ზევით დაბრუნება


ტურგენევი ივანე

„ლექსიკონი პროზითა“

(ტურგენიევისა)

მუსაიფი

ალპების მწვერვალებია... მთელი კედლებია ფრიალო კლდეებისა... თვით შუა გულია მთებისა.

მთებს გადმოჰფენია ციაგი, ფუსტუღი, ნათელი ცა. ძლიერი, მწვავე სუსხია ყინვისა. თოვლიდამ ზოგან თავები ამოუყვია გაყინულს, ნაქარევს წვეტებს კლდეებისას.

ორი უზარმაზარი, ორი გოლიათი მთა ცის კალთებზედ ორივე მხრივ ამართულა: ერთი იუნგფრაუ და მეორე ფინსტერნაარგორნი.

იუნგფრაუ ეუბნება თავის მეზობელს:

– რას იტყვი ახალს? შენ უფრო დაინახავ, რა ამბავია იქ, ქვევით?

გადის რამდენიმე ათასი წელიწადი: ერთი წუთი. აჰა გრგვინავს პასუხად ფინსტერნაარგორნი: – მთლად ზედ წაჰბურებია ღრუბელი დედა-მიწას. თვალი არა სჭრის... დაიცა პატარა!

გადის კვლავ ათასობით წელიწადები: ერთი წუთი.

– აბა ეხლა-ღა? ჰკითხავს იუნგფრაუ.

– ეხლა კი ვხედავ. იქ, ქვევით ისევ ისეა: აჭრელებული, დანამცეცებული. მოჩანან წყალნი ლურჯად, ტყეები შავად, თაგვისფრად უშველებელი გროვა ქვისა. მათ ახლო-მახლო ჰფუსფუსებენ ჭია-ჭუანი, აი ხომ იცი, ორფეხანი, რომელთაც ჯერ აქამომდე ჩვენამდე ვერ ამოუღწევიათ და მწიკვლი არ მოუცხიათ არც შენთვის და არც ჩემთვისა.

– ადამიანებს ამბობ?

– ჰო, ადამიანებს.

გადის კვლავ ათასობით წელიწადები: ერთი წუთი.

– აბა ეხლა? ჰკითხავს იუნგფრაუ.

– თითქო ჭია-ჭუა შეცოტავებულა, ცოტანიღა სჩანან; – ჰგრგვინავს ფინსტერნაარგორნი: იქ, ძირს ნათელია, თვალი ეხლა კარგად სჭრის უფრო. წყალნი დაპატარავებულან, ტყენი გათხელებულან.

გადის კვლავ ახალი ათასი წელი: ერთი წუთი.

– ეხლა რაღას ჰხედავ? ეუბნება იუნგფრაუ. – ჩვენს გარეშემო, ჩვენს ახლო ყველაფერი თითქო ჩაირეცხაო, – უპასუხა ფინსტერნაარგორნმა: აბა იქ კი, შორს მინდვრებზედ კიდევ ეტყობა შიგადაშიგ ჭუჭყი და რაღაც მოძრაობს.

– აბა ეხლა? – ჰკითხავს იუნგფრაუ, რაკი კიდევ გაიარა სხვა ათასმა წელმა: ერთმა წუთმა.

– ჰო, აბა ეხლაა კარგად, – მიუგო ფინსტერნაარგორნმა: ყველგან სისუფთავეა, ყველგან სულ გასპეტაკებულია, საითაც კი მიიხედავ... ყველგან ჩვენი თოვლია; ერთნაირი, თანაბარი თოვლი და ყინული. ყოველისფერი გაყინულა. ეხლა კარგია, ყველა დადუმდა, ყველამ მოისვენა.

– ძალიან კარგი, – სთქვა იუნგფრაუმ: შორიშორს სიტყვა კია, მაგრამ ჩვენ ძალიან გავებით ლაპარაკსა, ბებერო! დროა ჩავთვლიმოთ.

– დროა.

სძინავთ უშველებელს მთებს; სძინავს ფუსტუღს, მოწმენდილს ცას, სამუდამოდ დადუმებულის დედამიწის ზემოდ წამოდგმულსა.

 

ლექსნი პროზითა

ბაასი, ბებერი დედაკაცი, ძაღლი, მთხოვარა, გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა, სულელი, ბეღურა.

ხელნაწერი: ასლი U №214 (B).

ნაბეჭდი: ივერია, 1883, № 12, გვ. 50-61 (C); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. III, ტფილისი, 1892, გვ. 203-219 (A).

სათაურის ქვეშ: თხზ. ტურგენევისა (A). თარგმანი (C).

თარიღი: (– ABC).

აღსანიშნავია, რომ 1892 წლის პირველი პუბლიკაციის შემდგომ გამოცემებში ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამომცემლებს არც ერთი ეს თარგმანი არ შეუტანიათ. გ. შარაძემ ამ თარგმანებს მიუძღვნა წერილი ილია ჭავჭავაძე და ივანე ტურგენევი. გაზ. კომუნისტი, 1983 წ. 2 ოქტომბერი და აქვე გამოაქვეყნა ამ თარგმანთა ტექსტები, ხოლო შემდეგ შეიტანა წიგნში: პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე, თბ., 1986. ამგვარად, მკითხველი იღებს ი. ტურგენევის ამ ნახევრად დავიწყებულ ილიასეული თარგმანების აკადემიურად დადგენილ ტექსტს.

თარიღდება პირველი პუბლიკაციის მიხედვით.

გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა. ა. პუშკინი. ეს სათაური ი. ტურგენევს აუღია ა. პუშკინის ლექსიდან პოეტს.

 

 

2 ბებერი დედაკაცი

▲ზევით დაბრუნება


ბებერი დედაკაცი

ერთს ტრიალს მინდორზედ მარტოკა მივდიოდი. უეცრად მომელანდა, თითქო რაღაც ქურდული, ფრთხილი ფეხის ხმა მომესმა უკანით. ჩემს ნავალს ვიღაცა მოსდევდა.

უკან მივიხედე და დავინახე ერთი პატარა, ტანშიმოხრილი დედაბერი. თაგვისფერ ძონძებში იყო შეხვეული. ძონძებში მარტო პირის სახეღა უჩანდა: ყვითელი, დამჭკნარი, ცხვირწვეტა, კბილებჩაცვივნული პირისახე.

მე მივედი... იგი შედგა.

– ვინა ხარ? რა გინდა? მთხოვარა ხარ? მოწყალებას ელი?

დედაბერმა ხმა არ ამოიღო. დავაკვირდი სახეს და ვნახე, რომ ორსავ თვალებზედ უსინათლო, მოთეთრო ლიბრი გადაჰკროდა, როგორც ზოგიერთს ფრინველსა აქვს ხოლმე. ფრინველი მაგ ლიბრსა ჰხმარობს, რომ მეტმა ნათელმა თვალი არ შეუწუხოს: ხან იფარებს ლიბრს, ხან აიცლის ხოლმე.

ხოლო დედაბერს კი ის ლიბრი არ ეძროდა, თვალთა გუგას არა ჰშორდებოდა... ამით დავრწმუნდი, რომ იგი ბრმაა, უსინათლო...

– მოწყალება გინდა? ვკითხე ხელმეორედ: რად მომდევ უკან?

ბებერმა უწინდებურად ხმა არ გამცა და ცოტა არ იყოს მოიკუნტა მხოლოდ.

მე გამოვბრუნდი და გავუდექ ჩემს გზასა.

ხელახლად მომესმა იგივ ქურდული, ფრთხილი ხმა ფეხისა.

– კიდევ ის ბებერია! ვიფიქრე მე: რას გადამკიდებია? გულში გამიარა, – – ვერასა ჰხედავს, ბრმაა, უსათუოდ გზა არევია და ჩემს ფეხის ხმას მოსდევს, რომ ჩემთან ერთად ადამიანის სადგურს სადმე მიაღწიოს. დიაღ, სწორედ ეგრე უნდა იყოსმეთქი!

მაგრამ რაღაც უცნაურმა შიშმა ცოტ-ცოტად ამიტანა და დაინებია ჩემი ფიქრები: ეხლა ისე მეჩვენა, ვითომც ბებერი მე კი არ მომდევს, არამედ მე თითონ იმას მივყევარ, ხან აქედ მიმატრიალებს, ხან იქით და ძალაუნებურად თავის ნებაზედ მატარებს.

მაინც კიდევ გული არ გავიტეხე და ჩემს გზას გავუდექ... ჩემ წინ, აიქ შორს, გზაზედ ეს რა გამოჩნდა შავად? თანდათან დიდდება და დიდდება... რაღაცაა, ორმოსა ჰგავს... „სამარეა, სამარე!“ გამიელვა თავში ამ ფიქრმა: „აი სად მივყევარ თურმე ბებერსა!“

უცბად მოვტრიალდი და გამოვწიე უკან. ბებერი ისევ თვალწინ ამეტუზა. ეხლა თვალი აეხილა! დამიწყო ცქერა თავისის დიდრონის, ბოროტის და უბედურობის მომასწავებელის თვალებითა... სისხლთა მსმელის სვავის თვალები იყო სწორედ. ახლო მივედი, კვლავ დავაკვირდი იმის პირისახეს, იმის თვალებს... ხელახლად იგივ უსინათლო ლიბრი, იგივ დამჭკნარი და მკვდარი სახე დავინახე.

– „ეჰა! ვიფიქრე მე: ეგ ბებერი ჩემი წერაა, სვე-ბედია-მეთქი. იგი წერა, იგი სვე-ბედი, რომელსაც ადამიანი ვერასად ვერ წაუვა ხოლმე“.

– „ვერსად წაუვა, ვერა, ვერა, ვერა!... – ეჰ, რა სულელობაა!... რატომ ვერა?... ცდაა საჭირო, ცდა!.“

მაშინვე გადვუხვიე გზას, სხვა მხარეზედ წავედი. მივდივარ, რაც შემიძლიან, ჩქარა... მაგრამ იგივ ქურდული ხმა ფეხისა არ მეშვება... მომდევს, ზურგთ უკან უფრო ახლოსა და ახლოს. წინ იგივ შავი თხრილია...

ხელახლად გადვუხვიე გზას, სხვა მხარეს ვეცი. მაინც კიდევ იგი ფეხის ხმაა უკანით და წინ იგივ საშინელი თხრილია.

ხან იქით ვეცი, ხან აქედ, გავრბოდი და გამოვრბოდი, როგორც გამოფთხალი კურდღელი... მაგრამ მაინც კიდევ იგივ ფეხის ხმაა უკან, იგივ ორმოა წინ.

– „მაშ კარგი! ვიფიქრე მე: მოდი ჩავჯდები. ვნახოთ რას იზამს ბებერი?“ მაშინვე ჩავჯექ იქავ დედამიწაზედ.

ბებერი უკანიდამ თავს წამომადგა, სულ ორი ფეხის გადადგმა არ იქნებოდა, ისე ახლო. ხმა, კრინტი მისი არ ისმის, მაგრამ მესმის, ვგრძნობ, რომ ჩემს ახლოა.

უეცრად დავინახე: ის თხრილი, რომელიც შავად მოჩანდა შორს, ჩემკენ მოდის, ჩემკენ მოცურავს!

– აჰა, ღმერთო ჩემო!... მივიხედე უკან... ბებერი პირდაპირ მე ჩამომშტერებია და უკბილო პირი დაჰგრეხია დაცინების ღიმისაგან...

– ვერ წამიხვალ, ვერა!

3 ძაღლი

▲ზევით დაბრუნება


ძაღლი

ჩვენ ორნი ვართ ოთახში: ჩემი ძაღლი და მე... გარედ საშინელი ქარი ჰქრის და ჰღმუის.

ძაღლი წინ მიზის და თვალებში შემომცქერის.

მეც თვალებში შევცქერი.

თითქო რიღაცის თქმა უნდაო... იგი მუნჯია, პირუტყვია, თვითონაც არა იცის-რა თავის თავისა, მაგრამ მე კი ვიცი, მე ვგრძნობ...

მე მესმის, რომ ამ წუთს იმასაც და მეც ერთი და იგივე გრძნობა გვიღვივის, რომ ჩვენს შორის არაფერი განსხვავებაა... ჩვენ ერთნი ვართ, თვითვეულს ჩვენგანს ათბობს და ანათებს ერთიდაიგივე ცეცხლი.

სიკვდილი წამოგვიქროლებს, მოგვისომს თავის ცივსა და განიერს ფრთასა...

და მშვიდობით კიდეც!...

ვინ გაარჩევს მერე: თვითვეულს ჩვენგანში რა გვარი ცეცხლი ენთო სახელდობრ.

არა! აქ პირუტყვი და ადამიანი კი არ შეჰყურებენ ერთმანეთს თვალებში... ორი წყვილი ერთნაირი თვალი ერთმანეთს შესცქერიან.

ეგ ორი წყვილი თვალი პირუტყვისა და ადამიანისა – კრძალვით აწვდიან ერთმანეთს ერთსადაიმავე სიცოცხლესა. 

4 მთხოვარა

▲ზევით დაბრუნება


მთხოვარა

მე ქუჩებში დავდიოდი, ჯანმიღებულმა მოხუცმა მთხოვარამ შემაყენა.

ჩაწითლებული თვალთა ბუდენი, სველი, წირპლმორეული თვალები, გალურჯებული ტუჩები, აბურძგნული თმები, ჩირქიანი წყლულები... ოჰ, რა საშინლად გამოუხრავს სიღარიბეს ეს საცოდავი ადამიანი!

გამომიწოდა აბურცებული, დასიებული, ჭუჭყიანი ხელი. შემომკვნესა, ძროხასავით შემომბღავლა.

მე მაშინვე ჯიბეს ვიკარ ხელი... ჯიბე-უბეები სულ გადმოვაბრუნე და ღვთისაგან განაჩენი ვერა ვიპოვერა... არც ქისა, არც საათი, ხელთსახოციც კი არ გამომყოლოდა შინიდამ.

მთხოვარა მიცდიდა, გამოწვდილი ხელი უკანკალებდა, უთრთოდა.

მე დაბნეულმა, სირცხვილეულმა ჩამოვართვი მთრთოლვარე ჭუჭყიანი ხელი, მაგრა მოვუჭირე და ვუთხარი:

– ნუ მიწყენ, ძმაო! არაფერი არ მაქვსრა, ძმაო!

მთხოვარმა გამისწორა თავისი ჩაწითლებული თვალები. მისთა ჩალურჯებულთა ტუჩთა შემომცინეს გულისტკენით. მაგრა მოკუმშა თავის ხელში ჩემი გაცივებული თითები.

– რა ვუყოთ, ძმაო! წაიწმუკუნა მთხოვარამ: მაგისათვისაც მადლობელი ვარ, ეგეც გაკითხვაა, მოწყალებაა, ძმაო!

მე შევიგენ, მე ვიგრძენ, რომ მეც განკითხულ ვიქმენ, მეც მოწყალება მივიღე ჩემის ძმისაგან.

5 * * * („გაიგონებ მსჯავრსა სულელისასაო“)

▲ზევით დაბრუნება


* * *


„გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“
პუშკინი

„გაიგონებ მსჯავრსა სულელისასაო“... შენ ყოველთვის მართალს ამბობდი ხოლმე, ჩვენო დიდებულო მწერალო! ამ ხანადაც მართალია ეს შენი ნათქვამი. „მსჯავრი სულელთა და კირთად აგდება ხროვისაგან“. ვის არ გამოუცდია ერთიცა და მეორეც?

ყოველივე ესე შესაძლოა და საჭიროცა კაცმა აიტანოს და, ვისაც ძალღონე შესწევს, ილიზღოს კიდეც, ყური არ ათხოვოს.

მაგრამ არის ისარი, რომელიც შიგ გულში მოხვდება ხოლმე კაცსა და ყველა კვეთებაზედ მწვავია... კაცმა ჰქმნა ყოველი, რაც კი შეეძლო. დღედაღამ მუშაობდა, სიყვარულიანად, პატიოსნურად... და პატიოსანი კაცნივ საძაგლად პირს არიდებენ. პატიოსანი გვამნი აინთებიან ხოლმე წყრომისაგან იმის სახელის ხსენებაზედ. წარვედი ჩვენგან! გადი, გადი! მისძახის პატიოსანი ყმაწვილკაცობა. შენ ჩვენთვის არაფრის მაქნისი ხარ, არც შენი ნაშრომი, ნაჯაფევი... შენ ჰბილწავ ჩვენს სადგურსა – შენ ჩვენი არა იცი რა, ჩვენი არა გაგეგება რა... შენ ჩვენი მტერი ხარ!

რა ქნას მაშინ იმ კაცმა? უნდა განაგრძოს თავისი შრომა, არამც და არამც არ ინდომოს თავის მართვლა და არც მოელოდებოდეს უფრო სამართლიანს განსჯასა.

ერთს დროს მხვნელნი და მთესველნი სწყევლიდნენ მოგზაურსა, რომელმაც კარტოფილი პირველად მოუტანა, რომ თუ არ პურით, იმით მაინც იკვებოს თავი ღარიბმა. გაწვდილ მათ მიმართ ხელიდამ გააყრევინეს იგი ძვირფასი საჩუქარი, გადაჰყარეს ლაფში, ფეხით დაუწყეს სრესა.

ეხლა იგინი იმით იკვებებიან, – და არც კი იციან სახელი თავისის კეთილმყოფელისა.

ნუ იციან! რად უნდოდათ იმისი სახელი? იგი უსახელოდაც შიმშილისაგან იხსნის ხალხსა.

ჩვენ მარტო ის ვეცადოთ, რომ ჩვენი მოტანილი, მართლა და, სასარგებლო საზრდო იყოს.

მწარეა უმართლო მდურვა იმათგან, ვინც გიყვარან... მაგრამ, შესაძლოა, კაცმა ესეც აიტანოს...

„მცემე, ოღონდ კი მომისმინეო“. – ეუბნებოდა ათინელი მხედართმთავარი სპარტანელსა.

„მცემე, ოღონდ კი შენ იყავ ჯანმრთელ და მაძღარ“ – უნდა ვსთქვათ ხოლმე ჩვენცა.

6 სულელი

▲ზევით დაბრუნება


სულელი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სულელი.

დიდხანს მიდიოდა იმისი ცხოვრება ქეიფითა დ შვებითა. ბოლოს ცოტ-ცოტად მოაწია იმის ყურამდინ, რომ ყველანი ქარაფშუტას ეძახიან.

ეწყინა სულელს და დაიწყო ზრუნვა მასზედ, რომ როგორმე კრიჭა აუკრას ამ უსიამოვნო ხმებსა.

უცბად ამისი ბნელი ტვინი გაანათა ერთმა აზრმა. ერთს წუთს აღარ დაყოვნებულა და ის აზრი განახორციელა.

ქუჩაში შეხვდა ერთი თავისი ნაცნობი. ამან უქო ერთი გამოჩენილი მხატვარი...

– რას ბრძანებთ!... შეჰყვირა სულელმა: ამ მხატვარს დიდი ხანია აბრუ გაუტყდა, დაძველდა... ნუთუ არ იცოდით? მე ეგ თქვენგან არ მეგონა... თქვენ, ერიჰა! საიდამ სად ჩამორჩენილხართ ქვეყნიერობას!...

ნაცნობი შეშინდა და მაშინვე თანახმა გაუხდა სულელსა.

– რა მშვენიერი წიგნი წავიკითხე დღეს! ეუბნება მასვე სულელს მეორე ნაცნობი.

– რას ბრძანებთ! შეჰყვირა სულელმა: როგორ არ გრცხვენიანთ? რის მაქნისია ის წიგნი!... რამდენი ხანია, რაც ზედ არც კი აფურთხებენ... ნუთუ ეგ არ იცოდით? ერიჰა! საიდამ სად ჩამორჩენილხართ ქვეყნიერობას!

ეს ნაცნობიც შეშინდა და თანახმა გაუხდა სულელსა.

რა კაი კაცია ჩემი მეგობარი ΝΝ! ეუბნებოდა სულელს მესამე ნაცნობი: აი, მართლა-და, კეთილშობილი კაცი ის არის!

– რას ბრძანებთ! შეჰყვირა სულელმა: ΝΝ ხომ გაქნილ, უნამუსო კაცად არის ყველგან და ყველასაგან ცნობილი. მთელი თავისი გვარეულობა გაყვლიფა. ვინ არ იცის ეს ამბავი? ერიჰა!... საიდამ სად ჩამორჩენილხართ ქვეყნიერობას!

მესამე ნაცნობიც შეშინდა, თანახმა გაუხდა სულელსა და მეგობარს გადაუდგა. ვინც და რაც კი უნდა გექოთ სულელის წინაშე, ყოველზედ და ყველაფერზედ ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა.

ხანდისხან, დრო გამოშვებით, ამასაც ჩაუმატებდა ხოლმე კიცხვით: ნუ თუ აქამომდე თქვენ ავტორიტეტები გწამთ?

„გესლიანი კაცია! წიწლაკიანია!“ დაიწყეს ლაპარაკი სულელის ნაცნობებმა: მაგრამ რა ჭკუაა, რა გოგრა!“

„რა ენის პატრონია, უმატებენ სხვანი: უეჭველი ნიჭია, უეჭველი ტალანტი!“

ბოლოს ისე გათავდა საქმე, რომ ერთმა რედაქტორმა გაზეთისამ მიიწვია იგი სულელი და ჩააბარა კრიტიკის ნაწილი გაზეთისა.

სულელმაც დაიწყო კრიტიკა ყველასი და ყველაფრისა. ერთი სიტყვა არ გამოაკლო თავის ჩვეულებრივს სიტყვა-პასუხსა, სულ ერთსა და იმავეს გაიძახოდა.

ეხლა იგი, უარმყოფელი ავტორიტეტებისა, თვითონ შეიქმნა ავტორიტეტად და ყმაწვილი კაცნი თაყვანს სცემენ, მისი დიდი შიში და რიდი აქვთ. მაშ სხვას რას იქმოდენ საცოდავნი ჭაბუკნი? თუმცა – საზოგადოდ რომ ვსთქვათ – თაყვანება რიგი არ არის... მაგრამ რასა იქმ აქა... არა სცემ თაყვანს, ძველებში, უკან ჩამორჩენილებში ჩაგთვლიან!

მხთალთა შორის სულელების ბედს ძაღლიც არა ჰყეფს.

7 ბეღურა

▲ზევით დაბრუნება


ბეღურა

მე ნადირობიდამ მოვდიოდი ბაღ და ბაღ. მეძებარი ძაღლი წინ მიძუნძულებდა.

უცბად ძაღლმა სიარული იკლო. ფეხაკრეფით დაიწყო მიპარება, თითქო ნადირის, თუ ფრინველის ალღო აიღოვო.

გავიხედე წინ, ვითვალთვალე და დავინახე ბღარტი ჩიტისა: იგი ბუდიდამ ჩამოვარდნილიყო (ქარი ძალიან არხევდა ხეებსა) და უძრავადა იჯდა, ახლად აშლილი ფრთები გადაეფოფხა აქეთ-იქით უნუგეშოდ.

ჩემი ძაღლი მძიმედ ეპარებოდა ბღარტსა. უეცრად გადმოქანდა იქავ ხიდამ ხნიერი შავგულმკერდა ბეღურა და შურდულის ქვასავით ძაღლის ცხვირწინ დაეცა. აბურძგნულმა, გაკაპასებულმა, იმედ-დაკარგულის და საცოდავის ხმით, ერთი ორჯერ ისკუპა პირდაპირ პირდაღებულ, დაღრენილ ძაღლისაკენ.

ეცა გამოსახსნელად და წინ აეფარა თავის შვილსა... მაგრამ მაინც კი პატარა ტანი უთრთოდა შიშისაგან, პაწია ხმა გაუხრინწიანდა, გაუბოხდა, იგი თრთოდა, გული ელეოდა, იგი თავგანწირული იყო შვილისათვის!

რა უშველებელ ვეშაპად უნდა სჩვენებოდა ძაღლი! მაინც კიდევ არ დადგა იგი, მაღალ ტოტზედ უშიშრად მჯდომარე... ძალმა, ნებაზედ უფრო ღონიერმა, გადმოაქანა იგი მაღალ ხიდამა.

ჩემი ტრეზორა შედგა, უკან დაიწია... სჩანს, იმანაც იცნა იგი ძალი.

მე ვუხმე გაშტერებულს მყეფარს და წამოვედი, ბეღურის მიმართ თაყვანისცემით გულ აღვსილი.

დიაღ! ნუ გაგეცინებათ. მე მოწიწებით თაყვანისცემა ვიგრძენ იმ პაწია და თავგაწირულ ჩიტის წინაშე, წინაშე მისის სიყვარულის აღფრთოვანებისა!

სიყვარული, ვიფიქრე მე: სიკვდილსაც და სიკვდილის შიშსაც სძლევს. მარტო მითი, მარტო სიყვარულით მძლეობს და მოძრაობს ცხოვრება.

[1883]