The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


17.02

1874    
    
17 თებერვალი   
    
 ერთად იღებს მეუღლის ორ წერილს და იგებს ყვარლის სახლის გაქურდვის ამბავს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 336; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 177-179, 364.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
17 თებერვალი    
    
პეტერბურგში მასთან სტუმრად მიდის გარდაცვლილი ძმის - კონსტანტინეს ვაჟი სიმონ ჭავჭავაძე, რომელიც იუნკერთა სასწავლებელში აპირებს შესვლას. ძმისწულის არჩევანი არ მოსწონს და გულწრფელად ეუბნება, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ გადააფიქრებინებს.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 336. გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ფოტომატიანე, ტ. 1, გვ. 33,34; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 177-179, 364.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854)

ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას.

ჭავჭავაძე სიმონ (სენო) კონსტანტინეს ძე (დაბ. 1855)

ილია ჭავჭავაძის ძმისშვილი, კონსტანტინე ჭავჭავაძისა და ბარბარე კუკოლევსკაიას ვაჟი. იუნკრად მსახურობდა პეტერბურგში.

    
1880    
    
17 თებერვალი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 16 თებერვალს“ („ჩვენ ამას წინათ ავღნიშნეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის ხელსაყრელი პირობები“.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 17 თებერვალი, № 38, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 84.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 642-643.

    
1881    
    
17 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში“ იონა მეუნარგია აქვეყნებს წერილს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომის შესახებ, რომელზეც ილია ჭავჭავაძემ საჯაროდ წაიკითხა „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავი. მისი დეკლამაციის შესახებ წერს, რომ ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ცოტა ერთფეროვანი.  წყარო:

იონა მეუნარგია, „ვეფხისტყაოსანი“, გაზ. „დროება“, 1881, 17 თებ. № 36, გვ. 3-4.

პირთა ანოტაციები:

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

 მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

    
1883    
    
17 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდება წიგნი „დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა“.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1883, № 35, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922)

მესტამბე, გამომცემელი.

    
1888    
    
17 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 თებერვალი“ („გუშინ ჩვენ ჩამოვაგდეთ სიტყვა მასზედ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსალოდნელ ახალ კავშირში ინგლისის მონაწილეობის მიზეზები“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 17 თებერვალი, № 36 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 93.

    
1889    
    
17 თებერვალი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 თებერვალი“ („კიდევ ერთი ახალი პროცესი მკურნალთა შორის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პროცესი მკურნალთა შორის“).  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 17 თებერვალი, № 37 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 85.

    
1893    
    
17 თებერვალი    
    
თელავში გამართულ კახეთის მევენახეთა კრებაზე ირჩევენ ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის წესდების შემმუშავებელ კომისიაში.  წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1893, № 3146.

    
1896 17 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში” ფსევდონიმით „inman“ იბეჭდება ივანე მაჭავარიანის რეცენზია ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე. იქვე წარმოდგენილია ამონარიდი ახლადგამოცემული წიგნის წინასიტყვაობიდან.  წყარო:

„inman“, ბიბლიოგრაფია, გაზ. „ივერია“, 1896 , 17 თებერვალი , № 37, გვ. 3-4

პირთა ანოტაციები:

მაჭავარიანი ივანე ნიკოლოზის ძე (1862-1943)

მთარგმნელი, ჟურნ. „მოამბის“ თანამშრომელი, ცხოვრობდა შვეიცარიაში; თარგმნა მოლიერის, პ. ჯაკომეტის, ტოლსტოის, ჰიუგოსა და სხვათა ნაწარმოებები.

უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909)

ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას.

    
1897   
    
 17 თებერვალი    
    
მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს, მისი საწერი მაგიდიდან აიღოს ფურცლები წარწერით „ჟურნალ-გაზეთები“ და რედაქციას გადასცეს. სწერს, რომ საღამოს თავადაც ჩავა.  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 378; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 222, 375.