The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ქალწული

ქალწული

როგორც წყნარი ღიმილი

ნათელ-კაეშნიანი,

ღამე დაუვიწყარი,

ღამე სუბუქ-ფრთიანი,

ეფინება მაღალ მთებს,

ეფინება ველს მწვანეს,

და ვერცხლისფრად ანათებს

მკვდართა სამყოფ სავანეს.

ჯვრებს და ლოდებს, აკლდამებს

ლანდი ღონე-მიხდილი

დასწოლია აჩრდილად

შავი, როგორც სიკვდილი.

ღამის სიო ზვირთივით

ბალახს ედუდუნება...

და მთლად გარინდებული

მას ყურს უგდებს ბუნება.

ჩუ, სად ისმის ქვითინი

გულით ამონახეთქი,

ოჰ, არ გესმის ეს ოხვრა?

სიოვ, დაჩუმდი-მეთქი!

ოჰ, რამდენი ტკივილი,

რამდენი მწუხარება

და რამდენი ვაება

ამ ხმებში იფარება.

სდგას ქალწული საფლავთან

და მთებს კი ღამის ჩრდილი

დასწოლია ლანდებად

ავი, როგორც სიკვდილი.