The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ახლა არ ვდარდობ და ვიღიმები

***

ახლა არ ვდარდობ და ვიღიმები,

დგება ცისფერი წამი ზმანების.

ქრიან საღამოს ნელი წვიმები

და მოდის მთვარე დაგვიანებით.

სადღაც აწყვია ცივი თოფები

და იარაღი მეც ხომ ვიწამე.

მგონია, სადღაც შორს ვიმყოფები

და ახლა თითქოს არ ვარ მიწაზე.

დღისით მზე არის, წვიმს საღამოთი,

გული წაიღეს ზამთრის ქარებმა.

როიალიდან ქალი ამოდის,

როიალიდან ქრის მწუხარება.

ახ არ ვდარდობ და ვიღიმები,

დგება ცისფერი წამი ზმანების.

ქრიან საღამოს ნელი წვიმები

და მოდის მთვარე დაგვიანებით.