The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო

***

რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო,

აქ ზვირთი ზღვისა ჟღერს უბოლოო,

აქ სიმშვიდეში ვხედავ აღგზნებულს

სანაპიროებს გაჩირაღდნებულს.

აქ გემებია და ზღვის ქედები,

იქ, შორს, ძლიერ შორს როს იხედები,

სჩანან უსაზღვრო სივრცედ ნადები

სასაფლაოთა მირიადები.

კანკალებს გემთა შემკრთალი ალი,

შენსკენ მხარულით მისცურავს ქალი,

გრიგალი სწეწავს მის თმათა გიშერს,

იგი გეძახის, იგი ხელს გიშვერს;

გამწარებული და უსასოო,

რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო!