The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე

* * *

მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე

მახვილს ვფერავდი,

შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი

ფერად-ფერადი.

მიყვარს ამ ხმის გაგონება,

რადგან ვერრათი -

ვერ წავშალე მოგონება

ფერად-ფერადი.

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი

ბედისწერამდი,

სად არ დამდევს მისი ჩრდილი

ფერად-ფერადი.

იყოს ისე, როგორც დარჩა,

ამიერამდი,

ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა

ფერად-ფერადი.