The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
შევალ ოთახში, ავანთებ სანთელს

***

შევალ ოთახში, ავანთებ სანთელს,

ეს თვალი ისევ ცრემლში დასცურავს.

აჰა, მოვშორდი იმ კორიანტელს,

რომელმაც ასე გამანადგურა.

მე დღესაც ვფიქრობ და ვიწყებ წერას,

რომ ასეთ პოეტს ყველაში მრევდნენ.

აჰა, მოვშორდი იმ ატმოსფერას,

ძვირფასო, სადაც მე მამცირებდნენ.

ალბათ ის ქალი ბოლოს ნანობდა,

მე წამოვედი და ბევრი მდიეს.

აჰა, მოშორდი იმ მეშჩანობას,

რომლის გარშემო მე მოვემწყვდიე.

ჩემი სახელი ხომ ასე ბრწყინავს,

მე მეტ სიხარულს ველი დღეიდან.

აჰა, დავტოვე ის ძველი ბინა,

რომელიც ჩემთვის კუბოს უდრიდა.

შევალ ოთახში, ავანთებ სანთელს,

ეს თვალი ისევ ცრემლში დასცურავს.

აჰა, მოვშორდი იმ კორიანტელს,

რომელმაც ასე გამანადგურა.