The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჩიტი აფრინდა სადღაც მაღლობთან

***

ჩიტი აფრინდა სადღაც მაღლობთან,

ახლა იქნება საათის ათი.

ახლა ეს ყვავი ჩემთან ახლოა,

ახლა ეს ყვავი კაცივით დადის.

ალბათ იქ დები მელოდებიან,

ქარია მაღლა, ქარია დაბლა.

თოვლია ირგვლივ და ლოდებია

და გვირგვინები აწყვია საფლავს.

იქ მაღლობია და აქეთ ვაკე

და მიწისფერი უმზეო დღეა.

ვიღაც უცნობი მარხია აგერ,

ვიღაც უცნობის საფლავთან ვდგევარ.

ახლა ბნელია სიზმრების მხარე,

ახლა ცხოვრება უფრო სწრაფია.

ღმერთო! შეუნდე და შეიწყნარე

ეს ტატიანა და აგაფია.