„ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ მესამე ტომის წარდგენა
 18/04/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემის, იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი „ქართველ მოღვაწეთა" ლექსიკონის ხუთტომეულის მესამე ტომის წარდგენა გაიმართა.

გამოცემის მნიშვნელობასა და გაწეულ სამუშაოზე აუდიტორიას ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ესაუბრა. „მადლობა ქეთი გზირიშვილს, თინა ლაღიძესა და ლევან თაქთაქიშვილს გაწეული შრომისთვის. გამოცემას „ქართლის ცხოვრების" გაგრძელებაც კი შეიძლება ვუწოდოთ. ერის ინდივიდუალობა მისი წარმომადგენლების ინდივიდუალობისგან შედგება. იოსებ იმედაშვილმა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის" შექმნით ქართული ეროვნული ინდივიდუალობა შექმნა. მას, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მეხსიერება ჰქონდა. სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ამგვარი საქმეების აღსრულება. გილოცავთ ამ წიგნის გამოცემას. მეოთხე და მეხუთე ტომის ასეთივე წარმატებით გამოცემასაც გისურვებთ. ხმამაღლა ფიქრს დავარქმევ და ვისურვებ, რომ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე მოღვაწე ქართველებზეც შეიქმნას ასეთი ლექსიკონი", - თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ლექსიკონში იოსებ იმედაშვილმა მხოლოდ კარგი ხალხი კი არ შეიყვანა, ისტორიისთვის მნიშვნელოვან ყველა ადამიანზე მოიძია და შეკრიბა ცნობები. გამოცემა ბევრ, აქამდე უცნობ ამბავს მოიცავს. ლექსიკონის მეოთხე და მეხუთე ტომებიც აუცილებლად გამოვა. მადლობა ბატონ კობა იმედაშვილს ნდობისთვის", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.