ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ანზორ ერქომაიშვილის მიერ შედგენილი კატალოგი გამოსცა
 09/08/2022

აქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შედგენილი კატალოგის - „პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან"  - წარდგინება გაიმართა.

კატალოგი მოიცავს ანზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომს, რომელიც გამოსაცემად მოამზადა, მაგრამ ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება ვერ მოასწრო.

ბატონი ანზორის სურვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ აასრულა.  

წიგნის რედაქტორია იოსებ ჭუმბურიძე.

გამოცემაში შესულია ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული „გრამოფონის" იმ ფირფიტებისა და საარქივო კარტოთეკათა ნომრები, სიმღერების დასახელება, შემსრულებელთა გვარები და ჩაწერის თარიღები, რომლებზეც ქართული ფონოჩანაწერები იყო შენახული.

პირველი თბილისური ფონოჩანაწერი 1901 წლით თარიღდება.

„ბრიტანულმა კომპანია „გრამოფონმა", თავის დროზე, უდიდესი საქმე გააკეთა: ფირფიტებზე ჩაწერა მაშინდელ დიდებულ შემსრულებელთა ხმები და ქართული ხალხური სიმღერების ორასწლოვანი ვარიანტები, რომელთა დაკარგვა არა მხოლოდ ჩვენი მუსიკალური ფოლკლორისთვის იქნებოდა აუნაზღაურებელი დანაკლისი", - წერს ანზორ ერქომაიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში.