ეროვნული ბიბლიოთეკა და პროკრედიტ ბანკი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს იწყებენ
 03/08/2022

3 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და პროკრედიტ ბანკის დირექტორმა მარიტა შეშაბერიძემ.   

სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით.

კერძოდ: დამზადდება წიგნის ბუდეები (მინიბიბლიოთეკები), რომლებიც განთავსდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ამ პროექტს ბიბლიოთეკა უკვე წლებია ახორციელებს);

მომზადდება გამოფენა საქართველოში გერმანელების (ისინი კავკასიაში და მათ შორის საქართველოში ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ჩამოსახლდნენ) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.  ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც განთავსდება წიგნის ბუდეები. აქვე გაიმართება საჯარო ლექცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ასევე შეეხება იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ და რა გავლენა იქონიეს გერმანელებმა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

იგეგმება ეროვნული ბიბლიოთეკისა და პროკრედიტ ბანკის ერთობლივი გამოცემის შექმნა, რომელიც საქართველოში გერმანელების ცხოვრებას შეეხება. 

„პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებში წიგნიერების ხელშეწყობის ინიციატივებსა და ევროპული ღირებულებების  გაზიარების შესაძლებლობებს. 

გერმანული ბანკი საქართველოში 23 წელზე მეტია საქმიანობს  და მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირსეული წვლილი შევიტანოთ, როგორც  ქვეყნის ეკონომიკურ, ასევე საზოგადოებრივი  განვითარების საქმეში. ამიტომაც ჩვენი კომპანიისთვის სიმბოლური და სასიხარულოა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან  დაწყებული თანამშრომლობა. მემორანდუმის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელსაც წლის განმავლობაში წარვუდგენთ საზოგადოებას", - აცხადებს პროკრედიტ ბანკის დირექტორი მარიტა შეშაბერიძე.