გამოფენა „1920-1930-იანი წლების წიგნის გრაფიკა და მხატვრობა“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 15/04/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში, თბილისის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, გამოფენა „1920-1930-იანი წლების წიგნის გრაფიკა და მხატვრობა" გაიხსნა.  

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოდერნისტული, სიმბოლისტური, ფუტურისტული და კონსტრუქცივიზმის მიმართულების უნიკალური ნაბეჭდი ნიმუშები.

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული ისეთი ბიბლიოგრაფიული ერთეულები, როგორიცაა იოსებ გაბაშვილის მიერ ხელით შესრულებული ილუსტრაციები, რომლებიც „შაჰ-ნამეს" 1934 წლის გამოცემისთვის შეიქმნა. ილუსტრაციები ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინა. ასევე წარმოდგენილი იყო კირილე ზდანევიჩის მიერ მოხატული ბანქო, დავით კაკაბაძის მიერ შესრულებული ტერენტი გრანელის პორტრეტი, რომელსაც თავად დავით კაკაბაძისა და ტერენტი გრანელის მინაწერები ერთვის, ირაკლი გამრეკელის, ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და სხვების მიერ გაფორმებული წიგნები.