დედაენის უნიკალური გამოცემების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 14/04/2024

14 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დედაენის უნიკალური გამოცემების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა.

46 წლის წინათ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 14 აპრილს გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის გადაწყვეტილება შეიცვალა.

ამ მოვლენების შემდეგ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდსა და ხელუხლებელ ფონდში დაცული დედანის უნიკალური გამოცემები. მათ შორისაა მშობლიური ენის შემსწავლელი პირველი სახელმძღვანელოს ავტორის, იაკობ გოგებაშვილის შექმნილი და მისი ხელით ჩასწორებული დედაენა, 1670 წელს რომში გამოცემული ქართული ენის სახელმძღვანელო და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება იაკობ გოგებაშვილის კარადა მისი პირადი ბიბლიოთეკით.