ონლაინკონფერენცია - „წიგნი კარანტინის წინააღმდეგ – ბიბლიოთეკები ახალ ფორმატში“
 30/04/2020

29 აპრილს ყაზახეთის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ყაზახეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინკონფერენცია სახელწოდებით „წიგნი კარანტინის წინააღმდეგ – ბიბლიოთეკები ახალ ფორმატში“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, კორეის, რუსეთის, ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკების წარმომადგენლები. კონფერენციაზე იმსჯელეს მიღწევებსა და ინოვაციებზე საბიბლიოთეკო და ინფორმაციული ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარებაში, ინფორმაციული საქმიანობის იურიდიულ ასპექტებზე, ელექტრონული წიგნის მომავალზე, საკანონმდებლო პრობლემებსა და ინიციატივებზე, ელექტრონულ და ბეჭდურ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფაზე. ასევე საუბარი შეეხო ფართო საზოგადოების პრობლემებს საკარანტინო პერიოდში და ბიბლიოთეკების განახლებულ სერვისებს პანდემიის პირობებში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარმოადგინა მოხსენება დისტანციური სერვისების, ციფრული ბიბლიოთეკის, ვირტუალური გამოფენის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვისა და პანდემიის პერიოდში საბიბლიოთეკო მომსახურების ტრანსფორმაციის შესახებ.

კონფერენციის მიზანი იყო საინფორმაციო და სამეცნიერო-კულტურული ონლაინპლატფორმის შექმნა, რომელმაც ბიბლიოთეკებს საერთაშორისო მასშტაბით მისცა საშუალება გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და გლობალური პანდემიის პერიოდში ახალი გამოწვევების დაძლევის გზები.