The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე გურგენიძე

ალექსანდრე გურგენიძე
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 1975  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო მფრინავი, კადრის ოფიცერი ალექსანდრე ერმალოზის ძე გურგენიძე დაიბადა 1916 წლის 8 ივლისს, სოფელ ხოტევში (ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

1934 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა განაგრძო  ქ. სვერდლოვსკის სამშენებლო ინსტიტუტში (1934-1937); 

1937 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1940 დაამთავრა ქ. ჩკალოვის  სამხედრო–საჰაერო სასწავლებელი; 

1940-1942 წწ. მუშაობდა  ჩკალოვის აეროკლუბში მფრინავ–ინსტრუქტორად;

II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმში, ლენინგრადთან, ვიბორგთან, შემდეგ ესტონეთსა და ლატვიაში;

ალ. გურგენიძე მფრინავი-მოიერიშე გახლდათ. მის მიერ მართული „ილ-2“-ით ქართველმა ოფიცერმა წარმატებული ბრძოლები აწარმოა ნოვოროსიისკისა და ქერჩის თავზე, სადაც იგი აქტიურად მონაწილეობდა გერმანული ჯარების ტამანის დაჯგუფების განადგურებაში.
1944 წლის 9 მაისს გურგენიძე 18 მოიერიშე „ილ-2“-ს გაუძღვა მტრის გემების დასაბომბად. გერმანული ხომალდები კაზაჩიას უბეში იდგნენ. ეს უბე ნაცისტებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული, საზენიტო ცეცხლით, მაგრამ ქართველმა მფრინავმა გაარღვია მათი თავდაცვა, ჩაძირა 4 ხომალდი, გაანადგურა კიდევ ორი თვითმფრინავი „ჰამბურგ-138“ და მთელი თავისი ჯგუფით უვნებლად დაბრუნდა ბაზაზე. 
ყირიმის გათავისუფლების შემდეგ გურგენიძის შენაერთი ბალტიის ზღვაზე საომრად გადაიყვანეს. 1944 წლის 15 სექტემბერს, შვედეთის კუნძულ გოტლანდთან ახლოს, მან და მისმა ჯგუფმა გერმანელებს 2 გემი ჩაუძირეს. 
21 სექტემბერს კაპიტანმა გურგენიძემ ძალზე რთული მისია იკისრა და ტალინის პორტი დაბომბა. მან პირადად ჩამოაგდო 250-კილოგრამიანი ბომბი 5-ათასი ტონაჟის მქონე მტრის გემზე და ჩაძირა იგი. გარდა ამისა, რეაქტიული ჭურვების საშუალებით, ერთი იალქნიანი შხუნაც ზედ მიაყოლა. 8 ოქტომბერს ჩაძირა 8-ათას-ტონიანი გერმანული გემი100-კილოგრამიანი ბომბით, 6 ოქტომბერს მწყობრიდან გამოიყვანა დიდი სატვირთო გემი, ხოლო 7 ოქტომბერს მეორე ხომალდი, რომლის გემბანზე დაჭრა და დახოცა 200-მდე ნაცისტი ჯარისკაცი და ოფიცერი. 9 ოქტომბერს კი კიდევ ერთი 3-ათას ტონაჟიანი გემი ჩაძირა.
ერთი წლის მანძილზე კაპიტანმა გურგენიძემ 91 საბრძოლო გაფრენა განახორციელა, მოწინააღმდეგის 30 ხომალდი ჩაძირა, გაანადგურა ტანკი და ნაღმმტყორცნთა ბატარეა, არტილერიის 2 ბატარეა, 13 ავტომანქანა, ჭურვების 2 საწყობი, ჩამოაგდო 2 თვითმფრინავი, გაანადგურა 350-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი. 

მტრის გემების ჩაძირვისთვის 1945 წლის 6 მარტს ალ. გურგენიძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

მაიორმა (1945) გურგენიძემ მთელი ომი ბოლომდე გაიარა და გამარჯვების დღეც იზეიმა.

მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველისა და სამამულო ომის პირველი ხარისხის საბრძოლო ორდენები და მედლები.

გარდაიცვალა 1975 წლის 20 მარტს, თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

 წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_გურგენიძე 

https://www.didisamamulo.ge/g/gurgenidze-aleqsandre

საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.212;

 


გააზიარე: