The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ დადიანი

იოსებ დადიანი
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1937  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

სამთამადნო ინჟინერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იოსებ იულონის ძე დადიანი დაიბადა 1863 წელს, სენაკის მაზრის სოფელ მოდინახეში.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი (1886).  იმავე წლიდან ჩაება საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი (1901- 1917).

1910-იან წლებში მუშაობდა ბაქოში ნობელების ნავთობ–გადამამუშავებელი ფირმის  «ბრითიშ პეტროლიუმში» ინჟინრად (იყო BP-ს მსხვილი მეწილე).

ბაქოში ცხოვრების პერიოდში იოსებ დადიანი გახლდათ ბაქოს ქართული სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოსა და თბილისის განყოფილებათა წევრი.

1915 წელს ბაქოში დაწყებული არეულობების გამო იძულებული შეიქმნა, ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნებულიყო.

პოლიტიკაში ყოველთვის ემხრობოდა ეროვნულ-დემოკრატიულ მიმართულებას. იყო

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1917).

ამავე პარტიიდან იქნა არჩეული საქართველოს ეროვნული საბჭოსა (1917-1919) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (1919-1921)  წევრად. 

როგორც თავად ამბობს, მანამდე ემხრობოდა ფედერალისტებს, სანამ „ნამეტნავად არ გასოციალისტდნენ“.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1921 თებერვალი–მარტი) შემდეგ იმყოფებოდა პოლიტიკურ ემიგრაციაში საფრანგეთში.

1921-1937 წწ. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არჩეულ იქნა „ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის" წევრად.

ცხოვრობდა პარიზში და აქტიურად იღვწოდა საქართველოს განთავისუფლებისათვის.

მისი მონაწილეობით დაარსდა 1924 წელს, პარიზში, ქართული ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი".

თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

იოსებ დადიანი შეძლებული კაცი იყო და საფრანგეთშიც ეწეოდა ქველმოქმედებას. ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით მას რამდენიმე ნივთი შეუძენია საქართველოს საგანძურის შესავსებად.  

გარდაიცვალა 1937 წლის 30 მარტს, პარიზში.

იოსებ დადიანი დაქორწინებული გახლდათ თამარ გრიგოლის ასული თარხან-მოურავზე (1876–1942). მათი შვილები იყვნენ; ელენე (1899-1978), ელისო (1902-1944), ირინა (1904-1944), ეკატერინე (1907-1973), სალომე (1912-1957) და რუსუდანი (1917-1982) 

1921 წელს იოსებ დადიანი ემიგრაციაში მეუღლესთან და ხუთ ქალიშვილთან ერთად გაემგზავრა.

თბილისში დარჩა ელენე, რომელიც ყველაზე უფროსი იყო დებს შორის და უკვე ოჯახი ჰქონდა შექმნილი იაკობ კობიაშვილთან. თანაც მისი მამამთილი მძიმედ იყო ავად და ამიტომ საქართველოს იმხანად ვერ დატოვებდა. მოილაპარაკეს, რომ მოგვიანებით, ელენეც ჩავიდოდა საფრანგეთში. საუბედუროდ, ცოტა ხანში საბჭოთა კავშირი დიდი ხნით ჩაირაზა და ელენე დადიანმა საქართველოდან გაღწევა ვერ შეძლო.

ელენე დადიანი იყო ინგლისური ენის სპეციალისტი და ასევე სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ ენას. მან თარგმნა «შვლის ნუკრის ნაამბობი» ინგლისურად და ასევე ვაჟა-ფშაველას სხვა მოთხრობები 1964 წელს. მას ჰყავდა ერთი შვილი, მიკა კობიაშვილი (1929-2019), რომელიც დაქორწინებული იყო მერი ციციშვილზე.

მათი ერთადერთი ქალიშვილის მარინა კობიაშვილის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ

პირველი ინფორმაცია თავისიანების შესახებ ელენე დადიანმა შეიტყო 1944 წელს, როცა მიიღო ტელეგრამა, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ მისი ორი და ელისო და ირინა დადიანები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.

საფრანგეთში ჩასვლა მან მხოლოდ 1962 წელს მოახერხა. ამ დროს მისი დედ-მამა და  სამი და - ელისო, ირინა და სალომე. უკვე გარდაცვლილი იყო. ცოცხალი დახვდა მხოლოდ ორი და - ეკატერინე და რუსუდანი. ეს მისთვის ძალიან მძიმე იყო.

იოსებ დადიანი, მისი მეუღლე, ქალიშვილები - ელისო,  ირინე , სალომე, ეკატერინე, რუსუდანი და თა­მა­რ და ოთა­რ ამილახვრები დაკრძალულნი არიან პარიზის ბანიოს სასაფლაოზე (Cimetière de Bagneux).

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_დადიანი 

საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.252; https://georgianencyclopedia.ge/ka/form/28517

https://www.facebook.com/100070221796281/posts/189348859559888/

ასათანი  ალ., თავადი იოსებ დადიანი (1863–1937), ჟურნ. «სამშობლო ». პარიზი, 1937, №21–22 // შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული. 5. თბილისი, 2004. გვ. 352-356

 


გააზიარე: