The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანი გადელია

ანი გადელია
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

ქორეოგრაფი და ბალერინა ანი გადელია 2004 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მეუღლესთან, ლევან მეტრეველთან და 2 პატარა შვილთან ერთად.

დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, თბილისში. 6 წლის ასაკიდან დადიოდა ფიგურულ სრიალზე, სადაც, ასევე, სწავლობდი საბალეტო კლასშიც.

ფიგურულ სრიალზე ანიმ ოთხი წელი იარა, შემდეგ კი პედაგოგის, გიულო თავაძის რჩევით სწავლა ბალეტის განხრით განაგრძო და 10 წლის ასაკში ჩააბარა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.
სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც ბალერინას, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება. ანი პატარაობიდანვე მონაწილეობდა საბალეტო სპექტაკლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მისი დებიუტი საბალეტო სცენაზე შედგა სპექტაკლ  „დონ კიხოტში“, სადაც მეგობრებთან ერთად შეასრულა "ბავშვების" როლი.

 ცეკვის და სკოლაში სიარულის პარალელურად, ანი გადელია ფორტეპიანოზე დაკვრასაც ეუფლებოდა კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში, პედაგოგ ლონდა სამსონაძესთან. მუსიკით ძალიან იყო გატაცებული, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ორ ასეთ პროფესიასთან შეჭიდება გაუჭირდებოდა, არჩევანი ბალეტზე შეაჩერა.

ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ანი ოთხი წლის მანძილზე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წევრი.     

პარალელურად სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში თარჯიმან-რეფერენტის სპეციალობაზე.

იმ პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე, ლევან მეტრეველი, რომელიც იმ დროს შოუ-ბალეტ „ვერნისაჟში“ ცეკვავდა. გაცნობიდან ოთხი თვის შემდეგ ლევანი ამერიკაში წავიდა. თავიდან სტუდიაში ბავშვებს ამეცადინებდა და, როცა ცოტათი ფეხზე დადგა, კერძო ბიზნესი წამოიწყო. ერთ დღესაც, ანის შეატყობინა, რომ ლოს-ანჯელესში ტარდებოდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ხელმძღვანელობდა კალიფორნიის მაშინდელი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი.  

ანი ფესტივალისთვის მოემზადა და ამერიკაში ჩავიდა. სამწუხაროდ, რაღაც ინციდენტი მოხდა და ფესტივალში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა სიძნელეებს არ შეუშინდა და გადაწყვიტა კარიერა ამერიკაში გაეგრძელებინა. ერთ წელიწადში „მწვანე ბარათიც“ მიიღო, როგორც ექსტრაორდინარულმა მოცეკვავემ და ხელოვნების წარმომადგენელმა.

ლევანი და ანი ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ჯვარი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაიწერეს. ანიმ მუშაობა დაიწყო ნიუ-ჯერსის საბალეტო დასში, შემდეგ ნიუ-იორკის რუსულ-ამერიკულმა საბალეტო კომპანიამ გაუფორმა კონტრაქტი. ცეკვავდა და თან ასწავლიდა პატარა საბალეტო კომპანიებში. კერძოდაც ასწავლიდა იმ ბავშვებს, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე ცნობილ სკოლაში აბარებდნენ ცეკვას და ძირითადად ყველას იღებდნენ.
მუშაობის პარალელურად ანი გადელია იღებდა ჯაზის, სტეპის გაკვეთილებს ბროდვეიზე, კომპანია „ბროდვეი სტეპში“, რადგან თუ გინდა, ამერიკაში  რამეს მიაღწიო, უნდა იცოდე ცეკვის რამდენიმე სახეობა. დიდი გეგმებიც ჰქონდა,
სხვადასხვა ქასთინგში მონაწილეობდა და ერთხელ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ 400 მონაწილიდან ოცდაათ კაცში მოხვდა, მაგრამ, მალე დფეხმძიმდა, პატარა ეყოლა და გაჩერება მოუხდა. თუმცა, რამდენიმე ხნის განმავლობაში კვლავ მუშაობდა ბალეტის მასწავლებლად კომპანია „ფესვებში“, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი დადის.

ამჟამად კი საბალეტო სკოლებში ასწავლის. მათ შორის ყველაზე საყვარელი ადგილია პირველი ქართული კულტურის ცენტრი "Dancing Crane", რომელიც 1996 წელს ბატონმა ვიქტორ სირელსონმა შექმნა ნიუ-იორკში. ცენტრის საშემსრულებლო სტუდიის წყალობით ბევრი ქართველი ბავშვი ეზიარა ქართულ ხელოვნებას.

ანი გადელიამ Dancing Crane-ში დაარსა და თავადვე ხელმძღვანელობს საბალეტო სკოლას. მისი გუნდი წლის მანძილზე რამდენიმე ღონისძიებაზე მუშაობს: სხვადასხვა თაობის თეატრალური წარმოდგენები, მუსიკის და ცეკვის ფესტივალი, გამოსაშვები საღამოები და მრავალი სხვა...

წყარო:

https://nostal.ge/2018/06/20/yofili-balerina-ani-gadelia/

https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=4566

http://gza.kvirispalitra.ge/kveqana/10662-niu-iorkshi-sheizlebaqvela-survili-agixdes/

გადელია ანი, ნიუ-იორკში შეიძლება ყველა სურვილი აგიხდეს... : რას ჰყვება ანი გადელია - საბალეტო სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი : ინტერვიუ /ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე // ჟურნალი „გზა“. - თბილისი. – 2023. – 23-29 ნოემბერი. N 47 (1224). გვ. 16. 


გააზიარე: