The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე თულაშვილი

ივანე თულაშვილი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1863
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1930  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

სამხედრო ინჟინერ-მშენებელი და პედაგოგი ივანე ნიკოლოზის ძე თულაშვილი დაიბადა1863 წლის 21 აგვისტოს, თბილისში.

საშუალო განათლება მიიღო თბილისის სამხედრო გიმნაზიაში (1882 წლიდან კადეტთა კორპუსი), ხოლო სპეციალური უმაღლესი განათლება – პეტერბურგის სამხედრო- საინჟინრო სასწავლებელსა და ნიკოლოზის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში (დაამთავრა 1890, სხვა ცნობით 1892 წელს).

დიდხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. პარალელურად ასრულებდა პრაქტიკულ სამშენებლო და არქიტექტურულ სამუშაოებს.

1892-1895 წწ. მსახურობდა მოსკოვის სამხედრო ოლქში, 1896-1903 წწ.- ქალაქის მმართველობის ინჟინრად, 1904-1908 წწ. - მოსკოვის უნივერსიტეტის კლინიკების არქიტექტორად.

კერძო დაკვეთით აშენებდა საცხოვრებელ სახლებს (1895-1918).

ასწავლიდა ფორტიფიკაციასა და სამშენებლო საქმეს მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში (1895- 1918), ინჟინერ პრიოროვის სამშენებლო კურსებსა (1904-1914) და ქალაქის სამშენებლო კურსებზე (1905-1909).

1921 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ჩამოვიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაარსებაში (გაიხსნა 1922 წ. 16 იანვარს). 1922 წელს არჩეულ იქნა დოცენტად და ფაკულტეტის მდივნად. კითხულობდა სამშენებლო სამუშაოთა, სამოქალაქო ხუროთმოძღვრების, ფუძე-საძირკვლების, სახუროთმოძღვრო გეგმარების თეორიული საფუძვლებისა და გათბობა-ვენტილაციის კურსებს.

ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო   პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) დაფუძნების შემდეგ, ივანე თულაშვილი იყო ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის პირველი გამგე (1928-1930). მას თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის  საქართველოში  ხუროთმოძღვრული დარგის ორგანიზაციასა და პირველ ინჟინერ-მშენებელთა აღზრდაში.

გარდაიცვალა 1930 წლის 20 თებერვალს, თბილისში დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია. . 4. - თბილისი, 2018. - გვ.117.

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/26310

https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_თულაშვილი 


გააზიარე: