The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახუშტი ბაგრატიონი

ვახუშტი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1696
გარდაცვ. თარიღი:1757  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:გეოგრაფი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) თავისი დროისთვის  საქართველოს ერთ-ერთ უგანათლებულეს ადამიანად ითვლებოდა. ქართულის გარდა ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხურ ენებს. 

დაიბადა 1757 წელს, თბილისში. მისი მამა იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI, ხოლო დედა, ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (1700-1757) ცნობით, ყმა გლეხის ქალი.

ბავშვობა და ყრმობა ვახუშტიმ მეფის კარზე გაატარა, სადაც მის სწავლა-აღზრდას ხელმძღვანელობდნენ დეკანოზი იესე გარსევანიშვილი და მისი ძმა,  გიორგი. ყმაწვილს მათგან უსწავლია წიგნის კითხვა, წერა, სიმღერა-გალობა და სამხედრო ხელოვნება (სპორტული ვარჯიშობანი).

იმ პერიოდში ვახტანგ VI-ს დაარსებული ჰქონდა „სწავლულ კაცთა“ კომისია და ვახუშტისაც საშუალება მიეცა საფუძვლიანად გასცნობოდა ქართულ სასულიერო და საერო მწერლობას. მოგვიანებით, როცა 15-16 წლისა გახდა მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღეს თბილისში მყოფმა კათოლიკე ფრანგმა მისიონერებმა. ჭაბუკმა მათგან მიიღო ევროპული განათლება.

1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე.

1717 წლიდან 1724 წლამდე ვახუშტი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში: ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, მეთაურობდა ლაშქარს, რომელსაც აჯანყებული ერისთავები უნდა დაემორჩილებინა, წარმატებით ებრძოდა ქართლის სამეფოს სხვადასხვა მხარეში მოძალებულ მტერს; 1721 წელს, მდივანბეგ გივი თუმანიშვილთან ერთად ჩაატარა ქვემო ქართლის მოსახლეობის სტატისტიკური აღწერა; 1722 წელს, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული.

1724 წელს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ქართლი ოსმალებმა დაიკავეს და ვახტანგ VI-მ დიდი ამალის თანხლებით რუსეთს შეაფარა თავი. სხვებთან ერთად მას თან გაჰყვა ვახუშტი ბატონიშვილი ცოლ-შვილით.

იძულებით ემიგრაციაში აღმოჩენილი ვახუშტი განაგრძობდა საქართველოზე ფიქრსა და ზრუნვას. მას არ შეუწყვეტია მშობელი ხალხისათვის სასარგებლო მუშაობა და სამეცნიერო მოღვაწეობა მოსკოვში განაგრძო. სწორედ აქ დაასრულა მან, 1745 წელს, თავისი უმთავრესი ნაშრომი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის შუა ხანებამდე.

საქართველოს ისტორიისათვის საჭირო მასალების შეგროვება მან ჯერ კიდევ სამშობლოში დაიწყო (უპირატესად დოკუმენტების მიხედვით). შეგროვებული მასალა დაედო საფუძვლად მის მიერ შედგენილ „საქართველოს ისტორიას“. თუმცა იგი არა მარტო ქართულ წყაროებს ეყრდნობოდა, იყენებდა, ასევე, რუსულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ და სხვა საისტორიო თხზულებებსაც.

ვახუშტიმ დიდი მუშაობა გასწია, რომ აქართველოს ისტორიის თარიღები სწორი ყოფილიყო, რისთვისაც საგანგებო მეთოდი შეიმუშავა. მან პირველმა სცადა საქართველოს ისტორიის ფაქტების დაკავშირება მსოფლიო ისტორიის მოვლენებთან.

თავისი მოღვაწეობით ვახუშტი ბატონიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ზოგადი ისტორიოგრაფიის განვითარებაში. მაგრამ მისი ღვაწლი მხოლოდ ისტორიის შესწავლით არ ამოწურულა. მისი ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“მოიცავს საქართველოს გეოგრაფიულ დახასიათებასაც: რელიეფი, ჰავა, წყლები, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო, მოსახლეობა და მეურნეობა.

შრომაში მეცნიერს დასახელებული აქვს საქართველოს სიმდიდრეთა ბევრი სახე, მაგალითად, ამბობს, რომ მოიპოვებოდა ნავთობი, რკინა, ოქრო, ვერცხლი, მარმარილო და სხვ.; საინტერესო ცნობებს გვაწვდის გზების, სარწყავი არხებისა და სხვა ნაგებობების შესახებ.

ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გარდა ამ ნაშრომში მოცემულია, თუ რა სამეურნეო საქმიანობას მისდევდა მოსახლეობა. ასევე აღწერილია ზნე-ჩვეულებები, ენა, ტანსაცმელი, დასახლებათა თავისებურებები.

ეპოქის კარტოგრაფიული ხელოვნების შენაძენია ვახუშტის მიერ შედგენილი საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები. მისი რუკები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო რუკის შედგენისასაც გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი საქართველოს კლიმატური რუკა ზუსტად დაემთხვა თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილ კლიმატურ რუკას. აქედან ჩანს, რამდენად ღრმად და კარგად ჰქონდა შესწავლილი მეცნიერს თავისი მშობლიური ქვეყნის ბუნება.

ნაშრომში მოცემულია მთების სიმაღლეები, სახელები, მდინარეების სიგრძეები, ტბების ადგილმდებარეობები. მას აღწერილი აქვს მინერალური და სამკურნალო წყაროებიც.

ვახუშტი კარგად იცნობდა საქართველოს მცენარეულ საფარსაც,იგი აღწერს სად რა მცენარეები ხარობს და საქართველო ერთგვარ ზონებადაც აქვს დაყოფილი. დაწვრილებით აღწერს საქართველოს ცხოველთა სამყაროსაც.

მეცნიერი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ანთროპოლოგიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში. მან ქართველი ხალხი ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით აღწერა.

ვახუშტიმ პირველმა შეისწავლა ქართული გერბები და დაიტანა თავის ატლასში.

მაღალ შეფასებას იმსახურებს, ასევე, მოსკოვში მისი ენერგიული მთარგმნელობით-საგამომცემლო მოღვაწეობა. მან ქართულად გადმოთარგმნა „მსოფლიო გეოგრაფიის სახელმძღვანელო“, რუსულიდან თარგმნიდა სამეცნიერო-სასწავლო წიგნებს, მისი ძალისხმევით აღადგინეს არჩილ მეფის მიერ მოსკოვში გამართული ქართული სტამბა, ბეჭდავდნენ ქართულ წიგნებს …

ვახუშტის, როგორც მეცნიერს, კარგად იცნობდნენ დასავლეთ ევროპაშიც. როგორც რუსი, ისე ევროპელი მეცნიერები ხშირად იყენებდნენ მის თხზულებებსა თუ გეოგრაფიულ რუკებს, როგორც ავტორიტეტულ წყაროებს.

იგი მონაწილეობდა მოსკოვის უნივერსტეტის დაარსებაში. უნივერსტეტის შენობაზე გაკეთებული იყო კიდეც მემორიალური დაფა, რომელზეც აღბეჭდილი ყოფილა ვახუშტი ბატონიშვილის, როგორც ერთ-ერთი დამაარსებლის, სახელი.

მუდამ საქართველოზე მოფიქრალი, საქართველოს ინტერესებით მცხოვრები და საქართველოს მომავალზე მზრუნველი ვახუშტი ბატონიშვილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1757 წელს. დაკრძალეს იქვე დონის მონასტერში.

მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტი ბაგრატიონის მთავარ ნაშრომს 2010 წლისათვის 265 წელი შეუსრულდა, თხზულება მაინც ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას. იუნესკოს ეგიდით, 1997 წელს საზეიმოდ აღინიშნა მეცნიერის დაბადების 300 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი თხზულება და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული „საქართველოს ატლასი“, რომელიც მტკიცედ შევიდა მსოფლიო კულტურის საგანძურში.

XIX ს-ის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე წერდა: „ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი“.

დიდი მეცნიერის დამსახურება სამშობლოს წინაშე დავიწყებას არ მისცემია. შთამომავლობა მის ღვაწლს დღემდე აფასებს: ვახუშტის სახელობისაა თბილისში, მდინარე მტკვარზე განლაგებული ხიდი; მის სახელს ატარებს ქუჩები ქუთაისსა და თბილისში; სვანეთის კავკასიონზე არის ვახუშტის მარადთოვლიანი მწვერვალი (4000 მ); რაჭაში მდებარე უშოლთის მღვიმის ერთ-ერთ დარბაზს ვახუშტის სახელი ეწოდება; მისი სახელობისაა ბერჭილის ქედის ერთ-ერთი ღრმა უფსკრული აფხაზეთში და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისში.

1948 წელს მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძემ შექმნა ვახუშტი ბატონიშვილის ორი ბიუსტი, რომლებიც ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან.

და ბოლოს, დაწესებულია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია, რომელიც სხვადასხვა დროს მიენიჭათ ლევან მარუაშვილს (1977), გრიგოლ ხმალაძეს (1982), გივი სვანიძეს (1982) და სხვა.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/i/ვახუშტი_ბატონიშვილი

https://burusi.wordpress.com/2009/10/30/vakhushti-bagrationi-2/

თბილისიენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.471 

მეტრეველი როინ. ვახუშტი ბაგრატიონი დიდი მეცნიერი და მამულაშვილი . - თბილისი, 1997.

გაბასვილი ვალერიან. ვახუშტი ბაგრატიონი. - თბილისი, 2019 

 


გააზიარე: