The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი თოიძე

ირაკლი თოიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1902
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 1985  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ირაკლი თოიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია ფართო დიაპაზონისაა. მას შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, გრაფიკა,  წიგნის ილუსტრაციები,  სცენოგრაფიული ნამუშევრები.  

დაიბადა 1902 წლის 14 მარტს, თბილისში. მისი, როგორც მხატვრისა და შემოქმედის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მამამისმა, ცნობილმა მხატვარმა მოსე თოიძემ. სწორედ მან აზიარა ვაჟიშვილი აქტიურ მხატვრულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ირაკლი თოიძემ ხატვა დაიწყო 10 წლის ასაკში. 12 წლის იყო, როდესაც გამოფინა თავისი ნახატები, ხოლო 1919-1920 წლებში 17 წლისამ მონაწილეობა მიიღო არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში (მამასთან ერთად).

ხელოვანის პირველი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი განაცხადი იყო ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებებისთვის შექმნილი ილუსტრაციები.  წიგნი 1922 წელს გამოიცა და მის გაფორმებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ უფროსი თაობის მხატვრები: მოსე თოიძე, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი და ახალი თაობის წარმომადგენლები – აპოლონ ქუთათელაძე, შალვა ძნელაძე და შალვა მამალაძე .

1925-1930 წლებში ირაკლი თოიძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებიდანვე იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. მისი ნახატები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში.

1930 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მ. თოიძის სამხატვრო სტუდიაში და თბილისის სამხატვრო აკადემიაში. თანამშრომლობდა გაზეთებში.

იყო „AXP“- ის („რევოლუციის მხატვართა ასოციაცია“)  საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე, შემდეგ კი „სარმის“ - თავმჯდომარე.

1931 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. მიუხედავად ამისა, აგრძელებდა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და რეგულარულად მონაწილეობდა რესპუბლიკურ გამოფენებში. ასევე, მოაწყო რამდენიმე პერსონალური გამოფენა.

ირაკლი თოიძე, ძირითადად, მუშაობდა ილუსტრაციის დარგში. უმნიშვნელოვანესია 1937 წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები და შოთა რუსთაველის პორტრეტი. ეს ილუსტრაციები დღესაც ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქართული წიგნის გრაფიკაში.

გარდა ილუსტრაციებისა, შემოქმედების ადრეულ ეტაპზე მხატვარი ქმნიდა თემატურ ნაწარმოებებს, ყოფითი სცენების ამსახველ კომპოზიციებს. მან დაასურათა „საქართველოს ისტორია“ (1950), შექმნა ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია.   

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირაკლი თოიძის ღვაწლი პოლიტიკური პლაკატის განვითარების დარგში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის აქტუალობა. მათ შორის აღსანიშნავია: „რევოლუცია“ (1923), „კარნავალი“ (1928), „შვების საჩუქარი“ (1931) და მრვალი სხვა.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა პლაკატმა „დედასამშობლო გვეძახის“ (1941), რომელიც ომის თემაზე შექმნილი პლაკატების ერთგვარ სიმბოლოდაა ქცეული. ამავე თემას ეძღვნება ნამუშევრები: „წინ დასავლეთისკენ!“, „დედასამშობლოსათვის“, „სამშობლოს სახელით წინ, დევგმირებო!“, „ვფიცავ, დავამარცხებ მტერს!“ და ა.შ.

პოლიტიკურ პლაკატებზე მუშაობა მხატვარმა განაგრძო ომის შემდგომაც. გვიანდელ პერიოდში შექმნილი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ოქტომბრის 50-ე წლისთავი ჩვენი საერთო დღესასწაულია“, „ჩვენი ერთობა ურღვევია“, „მძიმე ინდუსტრია ჩვენი სამშობლოს ძლიერების საფუძველია“…

ირაკლი თოიძის კიდევ ერთი ნახატი, რომელმაც სრულყოფილად ასახა ეპოქა, დაკავშირებულია დიდ მშენებლობებთან - ზაჰესის ამუშავებამ მხატვარს შთააგონა, შეექმნა „ილიჩის ნათურა“, რომელიც სოციალისტური რეალიზმის ცნობილ ნიმუშად ითვლება. მეტად პოპულარული იყო ხელოვანის კიდევ ერთი სურათი – „ახალგაზრდა სტალინი კითხულობს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“.

ირაკლი თოიძე გარდაიცვალა 1985 წლის 1 აპრილს, მოსკოვში. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი თავმოყრილია მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში, ასევე, კერძო კოლექციებში.

ირაკლი თოიძე მრავალი ჯილდოს მფლობელია: საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1980), საქართველოს სსრ (1970) და რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1951 წ.), სსრკ სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951). 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

წყარო:

საქართველოენციკლოპედია. IV. -თბ., 2018. -გვ.83-84; 

https://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_თოიძე

https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/თოიძე_ირაკლი 

https://ru.wikipedia.org/wiki/Тоидзе,_Ираклий_Моисеевич

 

 


გააზიარე: