The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯერმენ გვიშიანი

ჯერმენ გვიშიანი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:18 მაისი, 2003  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ტროეკუროვოს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

ფილოსოფოსი ჯერმენ გვიშიანი დაიბადა 1928 წლის 24 დეკემბერს, ახალციხეში. მამა - სახელმწიფო უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ გვიშიანი (1905-1966).  

1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთირთობების ინსტიტუტი;

1951-1955 წლებში მსახურობდა სამხედრო–სასაზღვრო ძალებში;

1955 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში; 1957 წლიდან - სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტში;

ამავე დროს სწავლობდა ასპირანტურაში პროფ. ტ. ოიზერმანის ხელმძღვანელობით და 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „ამერიკული მენეჯმენტის სოციოლოგია“;

1962 წლიდან იყო სახელმწიფო საკოორდინაციო სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

1965-1985 წწ. - სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

1969 წ. - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

1979 წ -  საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (წ.-კორ. 1970);

ჯერმენ გვიშიანი ასწავლიდა ფილოსოფიას მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1960- 1968). მისი მეცნიერული კვლევის სფერო იყო ფილოსოფიის, სოციოლოგიის, მართვის თეორიისა და თანამედროვეობის გლობალური პრობლემების  სისტემური ანალიზი.

1976-1992 წწ. - სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სისტემური გამოკვლევების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1992 წლიდან - საპატიო დირექტორი), სსრკ (ახლანდ. რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კომპლექსურ პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

იყო შვეციის სამეფოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიისა და რომის კლუბის წევრი; გამოყენებითი სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზატორი, ლორდ ს. ცუკერმანთან და მ. ბანდისთან ერთად, ლაქსენბურგში (ავსტრია), სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

პრაღის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის საპატიო დოქტორი;

 შვედეთის სამეფო საინჟინრო აკადემიისა და ფინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი;

ჰელსინკის ეკონომიკის სკოლის საპატიო დოქტორი;

მართვის ამერიკული აკადემიისა და მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის წევრი;

ქალაქ ჰიუსტონის (ტეხასი, აშშ) საპატიო მოქალაქე და კეთილი ნების ელჩი;

მიღებული ჰქონდა: ძმები ვასილიევების სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემია (1979)  პოპულარული სამეცნიერო ფილმის "NTR-ის გზებზე" შექმნაში მონაწილეობისთვის;

შრომის წითელი დროშის ორდენი; ავსტრიის უმაღლესი ეროვნული ორდენი - დიდი ოქროს საპატიო ნიშანი ვარსკვლავით  (1992); საერთაშორისო პრემია „ოქროს მერკური“  და სხვ.;

1998 წლის 8 აგვისტოს მისი სახელი ეწოდა ასტეროიდს, რომელიც 1976 წელს აღმოაჩინა ასტრონომმა ნ. ჩერნიხმა (ასტროიდი 6574 Gvishiani);

დაქორწინებული იყო პოლიტიკოს ალექსეი კოსიგინის (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1964-1980 წლებში)  ქალიშვილ ლუდმილა ალექსეევნაზე (1928-1990). შვილები - ტატიანა და ალექსეი. ეს უკანასკნელი არის ცნობილი გეოინფორმატიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური ცენტრის დირექტორი.

ჯერმენ გვიშიანი გარდაიცვალა 2003 წლის 18 მაისს და დაკრძალეს ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

წყარო:

ენციკლოპედიასაქართველო, . 1, თბ., 1997. — გვ. 612.

https://ka.wikipedia.org/wiki/ჯერმენ_გვიშიანი 

https://ru.wikipedia.org/wiki/Гвишиани,_Джермен_Михайлович


გააზიარე: