The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ჟვანია

გიორგი ჟვანია
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1880
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1956  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კრასნენკოეს სასაფლაო, ლენინგრადი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

ჰიდროგრაფი, შორეული ნაოსნობის შტურმანი გიორგი სილიბისტროს ძე ჟვანია დაიბადა 1880 წლის 23 აპრილს სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში, მასწავლებლის ოჯახში.

ექვსი თვის ასაკში დაობლდა. ორ ძმასთან, სამი წლის ბესარიონთან და შვიდი წლის პეტრესთან ერთად აღიზარდა მამიდის, მღვდელ მათე კალანდარიშვილის მეუღლის ღარიბ ოჯახში.

დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. შემდეგ უფროსმა ძმებმა ფულის შეგროვება მოახერხეს და 11 წლის გიორგი სასწავლებლად ახალი სენაკის სკოლაში გაგზავნეს, რის გამოც თავად განათლების გარეშე დარჩნენ.

სწავლობდა ქალაქ ფოთში საზღვაო პრაპორშჩიკების სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა პირველი კატეგორიის შტურმანის დიპლომი. სწავლის პერიოდში დაცურავდა  რუსულ გემებზე მეზღვაურად.

ფოთის საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შორეული ნაოსნობის შტურმანის რანგში მსახურობდა რუსეთის იმპერიის დიდი ტონაჟის სავაჭრო გემებზე ოდესა-ვლადივოსტოკის ხაზზე.

1905 წ. - კაპიტნის მესამე თანაშემწე ორთქლის გემზე „ბარონი დრიზენი“;

1906 წ. - კაპიტნის მესამე თანაშემწე  ორთქლის გემზე „ოტო ბორგი“;

1907 წ. - კაპიტნის მეორე თანაშემწე სანკტ-პეტერბურგის პორტის ორთქლის გემ „ამურზე“;

1908 წ. კაპიტნის მეორე თანაშემწე სანკტ-პეტერბურგის პორტის ჩრდილოეთ გადაზიდვის კომპანიის ხომლდ „პეტრე მელნიკოვზე; ამავე წლის 20 ივნისიდან - კაპიტნის უფროსი თანაშემწე ოდესის პორტის მინერალური საწვავის გადაზიდვის კომპანიის ხომალდზე „პეტრე დარსი“;

ოდესაში დაქორწინდა რუს გოგონაზე, ანა გეორგიევნა მაიევაზე. 1908 წლის 28 ნოემბერს ოდესაში შეეძინათ ვაჟი, დიმიტრი, 1910 წლის 9 აპრილს კი ქალიშვილი,  თამარი.

1911 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მსახურობდა შორეული ნაოსნობის შტურმანად და კაპიტნად შავი ზღვის ნავსადგურებში განლაგებულ სავაჭრო გემებზე.

1912 წლის 9 აპრილს დაიწყო სამსახური მთავარ ჰიდროგრაფიულ სამმართველოში. მალე იგი გაგზავნეს ჰელსინგფორსში, როგორც 1-ლი კლასის ლოცმანი, რათა შეემოწმებინა ფინეთის საზღვაო გემები.

გიორგი ჟვანია იყო პირველი მსოფლიო ომის, სამოქალაქო და დიდი სამამულო ომების მონაწილე..

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1916 წლის 14 აპრილიდან უნტერ-ოფიცრის წოდებით მსახურობდა ბალტიის ფლოტში. მალევე, გენერალური შტაბის წარდგინებით გაგზავნეს საზღვაო ფლოტის პრაპორშჩიკთა სკოლაში, ორანიენბაუმში, რომელიც დაამთავრა 1917 წლის 23 აგვისტოს (პირველი გამოშვება).

პრაპორშჩიკთა სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ბოტნიის ყურის გეოდეზიურ ექსპედიციაში (1917 წლის 15 მაისიდან 30 ნოემბრამდე). ჰიდროგრაფიულ სამუშაოებს ეწეოდა გემ „სექსტანზე“.

1917 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა ობერ-ოფიცრის, საზღვაო პოდპორუჩიკის წოდება.

გიორგი ჟვანია იყო ბალტიის ფლოტის ყინულის კამპანიის მონაწილე. იახტების - "შტანდარტის" და "ზარნიცას", სამაშველო გემის - "ვოლხოვის", ჰიდროგრაფიული ხომალდების - "სამოიედისა" და "ბაკანის" მეთაური; ბალტიის ფლოტის შტაბის კრონშტადტის ჰიდროგრაფიული რაიონის ჰიდროგრაფიული განყოფილების უფროსი.

სამსახურიდან გადადგა საზღვაო ძალების 1-ლი რანგის კაპიტნის წოდებით.

გარდაიცვალა 1956 წლის 22 იანვარს, ლენინგრადში. დაკრძალულია იქვე, კრასნენკოეს სასაფლაოზე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა დაკრძალვის ტერიტორიაზე.

წყარო:

https://ru.wikipedia.org/wiki/Жвания,_Георгий_Сильвестрович


გააზიარე: