The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1990  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

მერაბ მამარდაშვილი დაიბადა 1930 წლის 15 სექტემბერს, ქ. გორში. მამამისი,

კონსტანტინე (კოტე) მამარდაშვილი, სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო და სამსახურის გამო ქვეყნის სხვადასხვა მხარეში უხდებოდა ცხოვრება. მერაბის დაბადების დროს ის გორში მსახურობდა. დედა, ქსენია პლატონის ასული გარსევანიშვილი, დიასახლისი გახლდათ.

ოთხი წლის იყო მერაბი, როდესაც ლენინგრადში გადავიდნენ, სადაც მამა სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. სკოლაში კი ვინიცაში შევიდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კოტე მამარდაშვილმა ცოლ-შვილი თბილისში გადაიყვანა.

მერაბმა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა, 1949 წელს, ოქროს მედალზე დაამთავრა და მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1957 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ჟურნალში «Вопросы философии». პირველი სტატია 1958 წელს გამოაქვეყნა.

1961- 1966 წლებში  მუშაობდა ჟურნალ «Проблемы мира и социализма»-ს რედაქციაში, პრაღაში. ამ პერიოდისთვის ის უკვე ფლობდა ოთხ ენას: ინგლისური, ფრანგული, გერმანული და იტალიური.

1962 წელს მერაბ მამარდაშვილმა მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო, 1968-ში სადოქტორო დისერტაცია. 1972 -ში პროფესორობა მიენიჭა.

1968-1987 წლებში იყო «Вопросы философии»- ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

1969 წელს ჩაატარა სპეციალური კურსები - „ეგზისტენციალიზმი“ და „ჰეგელის სულის ფენომენოლოგია“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1972-1974 წლებში კითხულობდა ლექციების სერიას („ცნობიერების ანალიზის პრობლემები“) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

1975-1980 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტსა და უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე.

მერაბ მამარდაშვილის მიერ წაკითხული ფილოსოფიის კურსი საჯარო ლექციებად იქცა. მან ახალგაზრდებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და მათი საყვარელი ფილოსოფოსი გახდა. ლექციაზე შესულს არა მხოლოდ ფეხზე ადგომით, ტაშით ეგებებოდნენ. მსმენელებით გადაჭედილი აუდიტორიის მაგიდაზე უამრავი დიქტოფონი იდო. ამ ჩანაწერებს ლექციის შემდეგ უსმენდნენ, შიფრავდნენ, აკონსპექტებდნენ.

მოსკოვში მამარდაშვილს „ქართველ სოკრატეს“ ეძახდნენ. ხელისუფლება მას  ეჭვის თვალით უყურებდა, როგორც დისიდენტს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებისთვის სახიფათო აზრებს ავრცელებდა.

1980 წლიდან, დაახლოებით 2 წელი, იგი ანდრის რუბენისის მოწვევით, კითხულობდა ლექციების კურსს - „შემეცნებითი ფორმების ანალიზი და ცნობიერების ონტოლოგია“- ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში.

თავისუფალი აზროვნების გამო მერაბ მამარდაშვილი მოსკოვის ყველა სამსახურიდან მოიცილეს. ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ისტორიის ინსტიტუტი და გაემგზავრა საქართველოში.

1984-1985 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს მარსელ პრუსტზე - „გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1987-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მერაბ მამარდაშვილი განიცდიდა გერმანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით, ემანუილ კანტის გავლენას. მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

მერაბ მამარდაშვილი გარდაიცვალა 1990 წლის25 ნოემბერს გულის უკმარისობით მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში, როდესაც ბრუნდებოდა სამშობლოში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მ. მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი).

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მერაბ_მამარდაშვილი

2. თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.638

3. https://burusi.wordpress.com/2009/04/30/merab-mamardashvili-2/


გააზიარე: