The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი კავსაძე

ირაკლი კავსაძე
დაბადების თარიღი:1969  (55 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

ცნობილი მსახიობების, კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის ვაჟი ირაკლი კავსაძე 1969 წელს, თბილისში დაიბადა.  თავადაც მშობლების გზას გაჰყვა და პროფესიად მსახიობობა აირჩია. მსახიობი და რეჟისორია მისი დაც, ნანუკა ხუსკივაძე.

ირაკლი ამერიკაში პირველად 2000 წელს ჩავიდა. მაშინ იქ დარჩენას არ გეგმავდა. უკვე შემდგარი მსახიობი იყო, საქართველოში ფილმებშიც იღებდნენ და თეატრშიც თამაშობდა. ყველაფერი გადაწყვიტა ძველ ნაცნობთან, პაატა ციქურიშვილთან შეხვედრამ. მისგან მიიღო შემოთავაზება ამერიკაში გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა სტანისლავსკის ინტერნაციონალურ თეატრ–სტუდიაში, სადაც იმ ხანად პაატა და მისი მეუღლე მოღვაწეობდნენ.

ირაკლის გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. თბილისში დაბრუნდა და მხოლოდ ერთი წლის ფიქრის შემდეგ, 2001 წლის 26 აგვისტოს გაემგზავრა სამუშაოდ ამერიკაში.

2001 წელს „სინეთიკის თეატრი" ახალი დაფუძნებული იყო. ამ თეატრის დადგმები  სხვა თეატრების სპექტაკლებისგან გამოირჩევა. აქ ცოტას ლაპარაკობენ. ძირითადი ყურადღება ექცევა დრამას, პლასტიკას, მუსიკას და ქორეოგრაფიას. ირაკლი კავსაძის პირველი სპექტაკლი იყო „ჰამლეტი“, სადაც მან კლავდიუსი ითამაშა. ამას მოჰყვა "სტუმარ–მასპინძელი", "ფაუსტი" და "სალომე".

სეზონის ბოლოს მოხდა "სინეთიკის თეატრის" არნახული აღიარება – თატრი ნომინირებული იყო ვაშინგტონის თეატრალური "ოსკარით" – "ჰელენ ჰეიზ ევორდ", ერთდროულად 7 კატეგორიაში". „ნიუ-იორკ თაიმსში“ კი „სინეთიკის თეატრის“ შესახებ დაიბეჭდა სტატია, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა: „იმის იქით აღარაფერია.“

ვაჟა–ფშაველას "სტუმარ–მასპინძელს"გამორჩეული ადგილი უჭირავს, როგორც თეატრის, ასევე, ირაკლი კავსაძის ცხოვრებაშიც, რადგან ამ სპექტაკლში მასთან ერთად კახი კავსაძეც მონაწილეობდა, რომელმაც მუსას როლი ინგლისურ ენაზე შეასრულა. თავად ირაკლი ზვიადაურს თამაშობდა, მისი ქალიშვილი ირინკა კი ჯოყოლას და აღაზას შვილს. 

„სინეთიკ თეატრის“ ანგარიშზე უკვე 90-ზე მეტი დადგმაა. წელიწადში ოთხ ახალ სპექტაკლს უშვებენ. ირაკლი კავსაძის საქმიანობა მხოლოდ მსახიობობით არ შემოიფარგლება. მას თეატრში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს, ხშირად არის სპექტაკლის მუ­სი­კა­ლუ­რი გამ­ფორ­მე­ბე­ლი და პაატა ციქურიშვილის, ანუ მთავარი რე­ჟი­სო­რის, ასის­ტენ­ტი.

2018 წელს ირაკლი კავსაძემ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დადგა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“.  

ამ ნაწარმოებთან მათ ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და მან ამიტომ გადაწყვიტა ეს სპექტაკლი დედისთვის მიეძღვნა, რომელსაც ამ წელს 80 წელი შეუსრულდებოდა, წამყვანი გმირი კი მამა, კახი კავსაძე უნდა ყოფილიყო. იგი სპექტაკლში ზღაპრის მთხრობელის როლს განასახიერებდა.

კახი კავსაძის ავადმყოფობის პერიოდში, ირაკლი ვაშინგტონიდან ჩამოვიდა და ზღაპრის მთხრობელის როლი თავად ითამაშა.

სპექტაკლის პირველი ნაწილი შედგება მთლიანად ირაკლი კავსაძის მიერ შემდგარი ტექსტისგან, სადაც ის ეგზიუპერის ცხოვრების მთავარ მომენტებზე მოგვითხრობს. ხოლო მეორე ნაწილში მაყურებელი უკვე იხილავს ყველასათვის ცნობილი პატარა უფლისწულის ისტორიას. 

სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა გიორგი ალექსი-მესხიშვილმა. ხოლო, მუსიკა კომპოზიტორ კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

ირაკლი კავსაძე ვაშინგტონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე მსახიობ მალხაზ გორგილაძის ქალიშვილი, ლიკა გორგილაძეა. პროფესიით ის სტომატოლოგია. ამჟამად სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს, მა­ნამ­დე კი „ამერიკის ხმის“ ქართული განყოფილების წამყვანი იყო.

მიუხედავად წარმატებული სამსახიობო კარიერისა ირაკლი სხვა სამსახურებშიც მუშაობს, რადგან, როგორც თავად ამბობს, იქ მარტო არტისტობით თავს ვერ ირჩენ.  მსახიობობა აირჩია პროფესიად მისმა უფროსმა ქალიშვილმა ირინკამ, რომელიც მამას პარტნიორობასაც უწევს სცენაზე, ხოლო, უმცროს ქალიშვილს, ნატალი-ბელას, რომელიც 2002 წელს ამერიკაში დაიბადა, არტისტობაზე მეტად ხატვა და პოეზია იტაცებს. იგი კარგად ხატავს და ლექსებსაც წერს.

წყარო:

1. https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=1193
2. http://www.gzapress.ge/sakhe/2270-irakli-kavsadze-mamaze-ojakhsa-da-amerikul-ckhovrebaze.html

3. კავსაძე ირაკლი. როგორ უმკლავდება ირაკლი კავსაძე ამერიკაში ნახევარმილიონიან ვალს და რატომ დატოვა მან პაატა ციქურიშვილთან ერთად ამერიკაში დაარსებული თეატრი: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი კაპანაძე // თბილისელები. თბილისი. 2018. 18-24 ივნისი. N25 (912). გვ.10

4. კავსაძე ირაკლი. მე და ჩემმა ცოლმა ბევრ რამეში გამოვცადეთ ერთმანეთი: ინტერვიუ / ესაუბრა ავთო ჩიტიძე // სარკე. თბილისი. 2022. 15-21 ივნისი. N24 (1274). გვ. 24-28 

 

 

 


გააზიარე: