The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე გოძიაშვილი

ალექსანდრე გოძიაშვილი
დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1941  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამხედრო სასაფლაო, ვარშავა
კატეგორია:პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე გოძიაშვილი დაიბადა 1897 წელს სანკტ–პეტერბურგში. იზრდებოდა თბილისსა და გურჯაანში, სადაც მამამისი ვენახებსა და ღვინის სარდაფებს ფლობდა. გოძიაშვილების ოჯახი ხშირად იმყოფებოდა სანკტ–პეტერბურგში, რადგანაც ღვინით ამარაგებდნენ იმპერატორის ბიძას – ბრწყინვალე თავადს, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძეს.  იმპერიის დედაქალაქში მათ მფლობელობაში იყო ღვინის საწყობები და სავაჭრო სახლი ნევის პროსპექტზე.

ალ. გოძიაშვილი მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. სამხედრო სასწავლებელი 1916 წელს დაამთავრა. 1918 წლამდე მსახურობდა ბახჩისარაის საკავალერიო პოლკში. ომის დასასრულს, გერმანელებისა და რუსების დაზავების მომენტში, ის გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ჰანოვერის ახლოს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა.

ომის შემდეგ გოძიაშვილი პოლონეთში დარჩა, სადაც დაქორწინდა ირენა კურდვანოვსკაზე (ირენა თავის დებთან ერთად ვარშავაში მედდად მუშაობდა ორგანიზაციაში, რომელიც დახმარებას უწევდა გერმანელთა ტყვეობიდან განთავისუფლებულ მშიერსა და უფულო ჯარისკაცებს). მათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ.

მაშინ პოლონეთი ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე იდგა. ალ. გოძიაშვილი საკუთარი სურვილით წავიდა ფრონტზე და პოლონეთის ეროვნული არმიის კავალერიის როტმისტრის რანგში დაიწყო სამსახური (1919-1922).

სამხედრო კარიერის მანძილზე იგი დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრითა და პოლონეთის საბრძოლო ჯილდოებით.

არმიიდან წამოსვლის შემდეგ ალ. გოძიაშვილმა დაამთავრა ვარშავის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. მისი სადიპლომო ნაშრომი - "საქართველოს სახელმწიფოს ამოცანები საერთაშორისო სამართლის შუქზე", 1926 წელს დამოუკიდებელ წიგნად გამოიცა ვარშავაში. ამჟამად ნაშრომი დაცულია ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გოძიაშვილი ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ჟურნალ „სიმართლის ხმის“ რედაქტორ-გამომცემელი.

ომისგან დანგრეულ პოლონეთში, რომელიც დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე იმყოფებოდა, ძალზე მძიმე იყო ცხოვრება. ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის, მით უფრო ემიგრანტისთვის, რთული იქნებოდა ოჯახის, ამასთან სამი შვილის შენახვა. ამის გამო, ის  იძულებული გახდა სამსახური შეეცვალა და მუშაობა დაეწყო სიმამრის ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც  მისმა მეუღლემ მამისგან მზითევში მიიღო. სავაჭრო ობიექტს მან სოლიდური სახელი „ყავისა და ჩაის სარეალიზაციო სპეცმაღაზია – ალექსანდრე გოძიაშვილი“ უწოდა.

საქართველოსა და სანკტ-პეტერბურგში დაგროვილი გამოცდილებისა და აქტიური სარეკლამო მუშაობის შედეგად მაღაზიამ მალე დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია.

ალექსანდრე გოძიაშვილი ითვლება ვარშავაში ყავის ბარების ერთ–ერთ პირველ დამაარსებლად. ვარშავის მთავარ ქუჩაზე, მარშალოვსკაზე მდებარე მისი მაღაზიების კედლებზე ყავის შესახებ აფორიზმებსაც წაიკითხავდით, - იგონებს მისი ვაჟი, ეჟი ირაკლი გოძიაშვილი

1931-1939 წლებშიალ. გოძიაშვილი თავმჯდომარეობდა პოლონეთის ქართველთა კომიტეტს. ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვა ქვეყნების ქართულ ემიგრაციასთან; 

1939 წლის სექტემბრიდან ალექსანდრე გოძიაშვილი გერმანელებს ემალებოდა და ამის გამო ხშირად უხდებოდა საკუთარ ბნელ სარდაფში ცხოვრება. ამის შდეგად იგი დაავადმყოფდა და 1941 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.131;

2. გრიშიკაშვილი, ამბროსი. ალექსანდრე გოძიაშვილი // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 89-90.

3. გოძიაშვილი ეჟი ირაკლი. „გაიხსენეთ ალექსანდრე გოძიაშვილი“ // ისტორიანი. 2017, N9 (81). - გვ. 47-48 


გააზიარე: