The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რომან გორელაშვილი

რომან გორელაშვილი
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 2022  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

პიანისტი რომან გორელაშვილი დაიბადა 1936 წლის 14 ნოემბერს, თბილისში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი. პედ: ქსენია ჯიქია; 

1959 წელს - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი. პედ.: ა. თულაშვილი;

1962 წელს - თსკ-ის ასპირანტურა. პედ.: ანასტასია ვირსალაძე;

1957 წლიდან (სტუდენტობის პერიოდიდან) დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის IV მუსიკალურ სასწავლებელში;

1960 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი;

1962 -2001 წწ. - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. 1975 წლიდან - პროფესორი. 1980-1990 წწ. - საფორტეპიანო ფაკულტეტის დეკანი;

ამავე დროს, 1977 წლიდან პერიოდულად იწვევდნენ პედაგოგიური საქმიანობისთვის უცხოეთში, მათ შორის: პრაღის კონსერვატორიაში, ვაიმარში (გდრ) და  ბუდაპეშტის ფ. ლისტის სახელობის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში;

1967 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება;

2001 წლიდან მოღვაწეობდა საზღვარგარეთ (ისრაელი, აშშ);

პიანისტის შესრულების მანერა გამოირჩეოდა ტექნიკური სრულყოფილებით. მის საშესრულებლო შემოქმეებაში წამყვანი ადგილი ეკავა ქართულ საფორტეპიანო მუსიკას. არაერთი ქართველი კომპოზიტორი სწორედ ბატონი რომანისთვის ქმნიდა ნაწარმოებებს, შესაბამისად, ის იყო მათი პირველი შემსრულებელი (ტ. ბაქრაძე, ო. გორდელი, ს. ნასიძე, ა. ბალანჩივაძე, მ. დავითაშვილი, ო. თაქთაქიშვილი და სხვ.). სულხან ცინცაძემ სწორედ მას მიუძღვნა ციკლი "24 პრელუდია ფორტეპიანოსთვის".
ასევე საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევარი დატოვა რომან გორელაშვილმა ისეთ სპეციფიკურ და რთულ ჟანრში, როგორიცაა საფორტეპიანო ტრანსკრიფციები და პერეფრაზები (მათ შორის ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ თემებზე). მისი ტრანსკრიფციების გამოცემები ხელმისაწვდომია თბილისის სახელწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში.

1980-1984 წლებში ფირმა „მელოდიამ“ გამოუშვა ფირფიტები პიანისტის ჩანაწერებით, მათ შორის, მისი რედაქციით გამოვიდა ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებები.

რომან გორელაშვილი წლების მანძილზე ატარებდა საქარველოს რეგიონებში საგანმანათლებლო ლექცია - კონცერტებს ქართული საფორტეპიანო მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით.

პიანისტის რეპერტუარში ასევე დიდი ადგილი უჭირავს უცხოელ კომპოზიტორთა -  ფერენც ლისტის, სერგეი რახმანინოვის, პეტრე ჩაიკოვსკის, ჯორჯ გერშვინის და სხვათა ნაწარმოებებს.

2004 წლიდან რომან გორელაშვილი ცხოვრობდა აშშ - ში, კერძოდ ფილადელფიაში. აქვე გარდაიცვალა 2022 წლის 22 ნოემბერს.

2023 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა ქართველი პიანისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საფორტეპიანო დუეტები. ასოცირებულმა  პროფესორებმა ლანა გულდედავამ და მზია გოგაშვილმა შეასრულეს რომან გორელაშვილის საფორტეპიანო ტრანსკრიფციები.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.109; https://georgianencyclopedia.ge/ka/form/1983 


გააზიარე: