The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირინა ციქურიშვილი

ირინა ციქურიშვილი
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:მსახიობი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

მსახიობი და ქორეოგრაფი ირინა კვენეტაძე- ციქურიშვილი ამერიკაში მოღვაწეობს. მან მეუღლესთან, პაატა ციქურიშვილთან ერთად, ვაშინგტონში დააარსა თეტრი „სინეტიკი“ და დიდი ხნის ოცნება აიხდინა.

„Synetic Theater“  სრულიად ახლებური სტილის თეატრია, სადაც მოძრაობისა და ტექნიკის სპეციფიკა შეცვლილია. ახალი თეატრის კონცეფციის დამკვიდრება წყვილმა ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და რამდენიმე თეატრალური ჟანრის სინთეზის საშუალებით შეძლო. სპექტაკლები ინტერნაციონალურია, მაგრამ აუცილებლად წააწყდებით ქართული მუსიკის ან ცეკვის ელემენტებს.

ირინა ციქურიშვილი ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კურსდამთავრებულია. მისი მეუღლე თბილისის პანტომიმის თეატრში მოღვაწეობდა, 1991 წლიდან კი, მსახიობთა ერთ ჯგუფთან ერთად, ხუთწლიანი კონტრაქტით გერმანიაში მუშაობდა. ამავე პერიოდში ირინასაც გამოუჩნდა უცხოეთში წასვლის შანსი. მამამისი, ტანვარჯიშის მწვრთნელი ნოლიკო კვენეტაძე, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ამერიკაში საქმიანობდა. მასთან ჩასულმა ირინამ საბავშვო სტუდიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ბალეტის საფუძვლებს ასწავლიდა, 1995 წლის ოქტომბერში კი მათ პაატაც შეუერთდა.

1997 წელს, პაატა და ირინა ციქურიშვილებმა, ანდრეი ბაბელთან ერთად დაარსეს სტანისლავსკის ინტერნაციონალური თეატრი–სტუდია. პაატასთვის ეს იყო პირველი ნაბიჯები რეჟისურაში, სპექტაკლებს მყისიერი წარმატება მოჰყვა. მაყურებელს მოსწონდა, რომ მათში ორგანულად იყო შერწყმული პლასტიკა, მოძრაობა, ცეკვა, დრამა, ტექსტი.

2001 წელს, იმავე ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა "სინეთიკის თეატრი". პირველი სპექტაკლი იყო "ჰამლეტი" უსიტყვოდ. მას მოჰყვა "სტუმარ–მასპინძელი", "ფაუსტი" და "სალომე". სეზონის ბოლოს კი მოხდა "სინეთიკის თეატრის" არნახული აღიარება – პირველად აღმოჩნდნენ ნომინირებული ვაშინგტონის თეატრალური "ოსკარით" – "ჰელენ ჰეიზ ევორდ" - ერთდროულად 7 კატეგორიაში. 

2003 წლიდან დასმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.მას შემდეგ ციქურიშვილების მიერ კავკასიური და ამერიკული სტილის შერწყმით დაარსებულ თეატრში უამრავი საინტერესო სპეკტაკლი დაიდგა და ძალიან ბევრი ჯილდოც მოიპოვეს. პაატამ მიიღო საუკეთესო რეჟისორის პრიზი – სპექტაკლებისთვის: "ოტელო", "რომეო და ჯულიეტა", "მაკბეტი", "ჰამლეტი"…

ირინა მრავალჯერ გახდა პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს "ჰელენ ჰეისის" მფლობელი. მათ შორის, ზედიზედ 5-ჯერ აქვს მოგებული თეატრალური ოსკარი სპექტაკლებში: "კარმენი", "მაკბეტი", "ფრანკენშტეინი", "ოსტატი და მარგარიტა", "ჰამლეტი".

გარდა თეატრში მოღვაწეობისა, ირინა ციქურიშვილი, პერიოდულად, ჯორჯთაუნისა და ამერიკის უნივერსიტეტებში მიწვეულ ქორეოგრაფად მუშაობს და წლის განმავლობაში ინტენსიურ თრეინინგებსაც ატარებს.

2013 წლის 12 საპატიო ვაშინგტონელს შორის ირინა და პაატა ციქურიშვილებიც  დაასახელეს.

2024 წელს, „სინეტიკის თეატრს“ „ჰელენ ჰეისის“ პრესტიჟული ჯილდოს 11 ნომინაცია ერგო. მათი ორი წარმოდგენა - „გული-გამთქმელი“ და „ოქროს თევზი“ - წარადგინეს წლის საუკეთესო ნომინაციაზე, ირინა ციქურიშვილმა კი საუკეთესო ქორეოგრაფის ნომინაცია ორი სხვადასხვა სპექტაკლისთვის მიიღო.

„სინეთიკის თეატრის“ დამფუძნებელ წყვილს, ვაშინგტონში, უკვე, 90-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული.

ირინას და პაატას ორი შვილი ჰყავთ  – ვატო და ანა. ისინიც „სინეტიკის თეატრის“ მსახიობები არიან.

 წყარო:

1. https://www.forbeswoman.ge/post/itsikurishvili 

2. https://newsge.com/ირინა-ციქურიშვილმა-ვაშინ/

 

 

 


გააზიარე: