The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შალვა გორდელაძე

შალვა გორდელაძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1973  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაიკოვოს სასაფლაო, კიევი, უკრაინა
კატეგორია:მათემატიკოსი

ბიოგრაფია

შალვა გიორგის ძე გორდელაძე დაიბადა 1905 წლის 20 ოქტომბერს, სოფელ ხვარბეთში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში.

ქ. მახარაძის ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ (1922) ასწავლიდა მათემატიკას და ოცნებობდა უმაღლეს განათლებაზე. ესწრებოდა კიდეც ლექციებს, როგორც თავისუფალი სტუდენტი თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ მამის გარდაცვალებამ აიძულა სწავლა შეეწყვიტა და სამსახური ეძებნა.

მუშაობდა საქართველოს შრომის სახალხო კომისარიატში ბუღალტრად, კონტროლიორად და ინსპექტორად, თუმცა სწავლის გაგრძელების იმედს არ კარგავდა.

1927 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომლის  წარმატებით დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის გამოყენებითი ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.

შალვა გორდელაძე გატაცებული იყო ასტრონომიით და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მიზნით, 1934 წელს ჩააბარა გამოცდები ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ასტრონომიის სპეციალობაზე. თავის ხელმძღვანელთან, ცნობილ ასტროფიზიკოს ვ. ა. ამბარცუმიანთან ერთად მან ჩაატარა სამუშაოები ბნელი და დიფუზური ნისლეულების მნიშვნელოვან პრობლემებზე გალაქტიკაში. ამ კვლევების შედეგები და მათი მეთოდოლოგია ფართოდ იქნა აღიარებული მსოფლიო ასტრონომების მიერ და მოხვდა ვარსკვლავური ასტრონომიის სახელმძღვანელოებში.

ასპირანტურაში სწავლის პერიოდში შ. გორდელაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა აბასთუმნის ახალი ობსერვატორიის მშენებლობასა და დაარსებაში. 1936-1940 წწ. იყო აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ამავდროულად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. 1939-1940 წლებში მას  თბილისის უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობა ეკავა და ასწავლიდა ზოგად და თეორიულ ასტროფიზიკას.

1940 წელს მეცნიერი მიიწვიეს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიულ ობსერვატორიაში სამუშაოდ, სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. პარალელურად, კითხულობდა ლექციებს  თეორიულ ასტროფიზიკასა და სპექტროსკოპიაში უნივერსიტეტის უფროსკურსელთათვის.

1941 წელს დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა ყველაფერი შეცვალა. შ. გორდელაძე  ევაკუაციას ექვემდებარებოდა, როგორც უნივერსიტეტის დოცენტი, მაგრამ მან ფრონტზე მოხალისედ წასვლა არჩია. დაინიშნა სამხედრო ტოპოგრაფად საარტილერიო პოლკში. მონაწილეობდა იაბლუნივკას, სტეჟინცის, კანევის ბრძოლებში. 1941 წლის სექტემბერში ტყვედ ჩავარდა პირიატინის მახლობლად,  ალყაში მოქცეული დივიზიის სხვა ჯარისკაცებთან ერთად.

შემდეგ იყო ტყვეთა ბანაკი, იძულებითი სამუშაოები, მძიმე ავადმყოფობა (პარტახტიანი ტიფი), ბანაკიდან გაქცევა და პარტიზანების რაზმთან შეერთება.

1943 წლის ბოლოს პარტიზანები წითელი არმიის ნაწილებს შეუერთდნენ. ქალაქ ზნამენკასა და კიროვოგრადის განთავისუფლებაში მონაწილეობისთვის შ. გორდელაძე დაჯილდოვდა ორი მედლით „სამხედრო დამსახურებისთვის“. 1944 წელს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი არმიიდან დაითხოვეს და გაგზავნეს მასწავლებლად კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის განყოფილებაში.

1944-1973 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კიევის უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იკვლევდა ახალი ვარსკვლავების ატმოსფეროში იონიზაციას, ტემპერატურის ცვლილებებს ანთებამდე და ანთების შემდეგ, აგრეთვე ანთების პროცესში სხვადასხვა სახით გამოყოფილ ენერგიას. პირველმა განსაზღვრა ახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად ამოფრქვეული ნივთიერების მასა.

ვ. ამბარცუმიანთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი თვალსაზრისი გალაქტიკაში ვარსკვლავთშორისი შთანთქმის დისკრეტულობის შესახებ.

1962 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხზე - „ვარსკვლავებისა და დიფუზური მატერიის ზოგიერთი მახასიათებლის შესწავლა“. 1965 წლიდან იყო კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის  მათემატიკური ფიზიკის კათედრის პროფესორი, 1967 წლიდან კი ამ კათედრის გამგე.

უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში შალვა გორდელაძის უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა 28000 მკრთალი ვარსკვლავის ფოტომეტრიული მონაცემების კატალოგი. იგი ავტორია მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

მეცნიერი გარდაიცვალა კიევში, 1973 წლის 25 იანვარს, პირდაპირ სამუშაო ადგილზე, გამოცდის წინ სტუდენტებთან კონსულტაციის დროს. დაკრძალეს იქვე, ბაიკოვოს სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_გორდელაძე 

2. საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.108

3. https://kpi.ua/ru/gordeladze


გააზიარე: