The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ გვერდწითელი

თამარ გვერდწითელი
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

თამარ (თამრიკო) გვერდწითელი დაიბადა 1962 წლის 18 იანვარს, თბილისში. მამა - მიხეილ გვერდწითელი, მეცნიერი, კიბერნეტიკოსი გახლდათ.  დედა - ინა კოფმანი, იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი უკრაინის ქალაქ ოდესიდან, წარმოშობით ებრაელი.

მუსიკაში მეცადინეობა თამრიკომ ადრეული ასაკიდან დაიწყო.  1970-იანების დასაწყისში თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ბავშვთა საესტრადო ანსამბლ „მზიურის“ სოლისტი გახდა. ანსამბლის შემადგენლობაში მთელი საბჭოთა კავშირი შემოიარა გასტროლებით და უცხოეთის ქვეყნებსაც ეწვია (1971-1979).

დამთავრებული აქვს თბილისის კონსერვატორიასთან არსებული სპეციალური  მუსიკალური ათწლედი, თსკ-ის საფორტეპიანო (1984) და საკომპოზიციო (1990) ფაკულტეტები.

1983 წელს მიიღო საქართველოს კომკავშირის პრემია, 1984 წელს - საკავშირო კომკავშირის პრემია (1981-1983 წლების საკონცერტო პროგრამებისთვის).

1984-1995 წლებში იყო საქტელერადიო საესტრადო- სიმფონიური ორკესტრის სოლისტი.

1995 წლიდან ძირითადად მოღვაწეობდა რუსეთში.

1989 წელს თ. გვერდწითელს მიენიჭა  საქართველოს დამსახურებული, 1991 წელს - საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 2004 წელს - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება.

არის არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, მათ შორის: III პრემია (საქ. რესპუბლიკური ფესტივალი, ბიჭვინთა, 1977); II პრემია (საკავშირო საესტრადო კონკ.დნეპროპეტროვსკი, უკრაინა, 1981); 19 წლისამ პოლიტიკური სიმღერის საერთაშორისო კონკურს „წითელ მიხაკში“ გაიმარჯვა (გრან-პრი და I პრემია, 1981, სოჭი, რუსეთი); 1982 წელს მონაწილეობა მიიღო პოპ-მუსიკის კონკურს „დრეზდენ-შლაგერში“ (გერმანია, II პრემია); 1988 წ. - გაიმარჯვა კონკურს „ოქროს ორფეოსზე“ ო. თევდორაძის სიმღერით „მიძღვნა ედით პიაფს“ (I პრემია, სოფია, ბულგარეთი). გამოდიოდა სან-რემოსა და სოპოტის ფერსტივალებზე.

1991 წელს თამარ გვერდწითელი ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მომღერლის პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის "ოლიმპიაში" გაიმართა მისი პირველი კონცერტი;

ჯილდოები: ისრაელის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის (წიწვოვანი ხის დარგვა „მშვიდობის ხეივანში“, 1993); 1998 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი - თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; „სახეები“ (2000); „პილარის“ საპატიო ლაურეატი (2001); „წლის ადამიანი“კულტურასა და ხელოვნებაში გაწეული უდიდესი წვლილისათვის (2002); პრემია „რუსეთის აღორძინებისათვის. XXI საუკუნე“ (2004); აინშტაინის პრემია (2005); „მსოფლიო საპატიო მეცენატი და ქველმოქმედი - 2005“; „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“ (2006); „ოქროს ვარსკვლავი“ (2006); ინგუშეთის სახალხო არტისტი (2006); ეკატერინე დიდის I ხარისხის ორდენი (2007); დიაგილევის I ხარისხის ორდენი (2007) და სხვ.;

მომღერალს გამოცემული აქვს მრავალი ალბომი და კლიპი. კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სიმღერებს ასრულებს ათზე მეტ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად, ძველებრაულად, უკრაინულად და სხვ.;  

2013 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

თამარ გვერდწითელს პირველი ქორწინებიდან რეჟისორ გიორგი კახაბრიშვილთან, ჰყავს ვაჟი - ალექსანდრე (სანდრო) კახაბრიშვილი (1986).

დღესდღეობით მუსიკოსი არა მარტო ესტრადაზე მღერის, არამედ თავადაც ქმნის სიმღერებს. მას იღებენ ფილმებში, როგორც მსახიობს, მონაწილეობს მიუზიკლებში, ასრულებს კარმენის პარტიას დნეპროპეტროვსკის ოპერის სცენაზე და სხვ.;

2022 წლიდან ძირითადად ცხოვრობს საქართველოში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . 1.–თბილისი., 1997.–გვ.60 https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_გვერდწითელი 

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Гвердцители,_Тамара_Михайловна

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბილისი. 2015. გვ. 109


გააზიარე: