The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თეიმურაზ ჯორჯაძე

თეიმურაზ ჯორჯაძე
სხვა სახელი:თემურ  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

ჯორჯაძეების გვარი საქართველოში VI საუკუნიდან მოდის. წარმომავლობით მესხურია, მაგრამ ძირითადად კახეთში, გრემში ცხოვრობდნენ. ამ გვარის კაცები ტრადიციულად მეღვინეები ყოფილან და ჩვენში დღესაც ასე პოპულარულ კონიაკებს - "გრემს" და "ენისელს" მხოლოდ ისინი ასხამდნენ.

თემურ ჯორჯაძის ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი იყო. მისი ბაბუა 1921 წელს კომუნისტებმა გადაასახლეს და გრემში, მათ სახლში, სკოლა და რაიკომი გახსნეს. ბებია, სიუზან დე ლა ტიე, ფრანგი გახლდათ და 1923 წელს ემიგრაციაში წავიდა. ყველაზე პატარა ვაჟი მას ხელში ეკავა და თან წაიყვანა, ორი უფროსი ვაჟი კი ხალხში გაიბნა და დაეკარგა. ასე დარჩნენ გივი და ვახტანგ ჯორჯაძეები საქართველოში.

რეპრესიებს ვერც თემურის დედის მხარე გადაურჩა. ბაბუა მიხეილ ნივიროვსკი, პოლონელი გემთმშენებელი ინჟინერი, აქ სამუშაოდ მოიწვიეს და სამი წლის შემდეგ, 1937 წელს, დახვრიტეს, როგორც ხალხის მტერი...

გამოსახლებების შემდეგ, მათი ოჯახი წლების მანძილზე ცხოვრობდა თბილისში, ერთ-ერთი სახლის სხვენის ბინაში. სწორედ აქ დაიბადა 1946 წლის 13 თებერვალს თეიმურაზ (თემურ) გივის ძე ჯორჯაძე.

ოჯახში მთავარი არა მატერიალური კეთილდღეობა, არამედ განათლება და განვითარება გახლდათ. გივი ჯორჯაძეს ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მისი მეუღლე კი პედაგოგი იყო. თემურ ჯორჯაძის უმცროსი დაა, კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე.

თემური ფიზიკური ნაკლით, დეფორმირებული ტერფებით დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ვერ დადიოდა, იწვა ან სხვენის ფანჯრიდან აკვირდებოდა გარემოს. შემდეგ ყავარჯნებით სიარული ისწავლა, მერე სირბილიც, ყავარჯნებით თამაშობდა ფეხბურთს, ახტებოდა ტრამვაის და ასე შემდეგ. ხუთი წლისა მამამ ცურვაზე მიიყვანა. მერვე კლასში ფარიკაობაზე თავად ჩაეწერა, 15 წლისამ, 1962 წლიდან, დაიწყო რაგბის თამაში და დღეს იგი ქართული რაგბის პიონერი, სპორტის ოსტატი, მრავალი სამთავრობო და სპორტული ჯილდოს მფლობელია.

თემურ ჯორჯაძემ დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

პარალელურად, ასპარეზობდა სპი-ს ა  და თსუ-ს მორაგბეთა ნაკრებ გუნდებში. 1964 წელს მიიწვიეს ახალშექმნილ თბილისის "ლოკომოტივში", სადაც გუნდის წამყვანი მორაგბე გახდა.

1970 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის ასპირანტურაში. რაგბისთვის თავი არც აქ დაუნებებია, წარმატებით ასპარეზობდა მოსკოვის "სპარტაკში".

თემურ ჯორჯაძის მეორე გატაცებაა აღმოსავლური ორთაბრძოლები. საქართველოში ამ სპორტის დაფუძნება მის სახელთანაა დაკავშირებული და დღემდე ის ამ სახეობის ფედერაციის პრეზიდენტია. მიღებული აქვს მრავალი სპორტული ჯილდო. ის არის კარატეს ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ინსტრუქტორი. კარატეში ფლობს შავი ქამრის მეშვიდე დანს.

მოსკოვიდან თბილისში საცხოვრებლად 1981 წელს დაბრუნდა. მუშაობდა არქიტექტორად თბილისში, ხელმძღვანელობდა საბინაო სამოქალაქო განყოფილებას. შემდეგ აიღო საათები სამხატვრო აკადემიაში.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ კარატე აკრძალული იყო, მას მაინც ჰყავდა ჯგუფები უნივერსიტეტებში, ოღონდ თავიდან ოფიციალურად გაფორმებული ჰქონდა როგორც ძიუდოს ჯგუფები.

თემურ ჯორჯაძეს ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყნებში ლექციების წასაკითხად და იქაური უნივერსიტეტების პროფესორის წოდებასაც ფლობს. მან არქიტექტურაში შექმნა ახალი ხაზი - "განათება და ფერით მოდელირება", რისთვისაც გერმანიის კანცლერმა გადასცა ამ ქვეყნის ერთ - ერთი მაღალი ორდენი - წმინდა გიორგის ჯვარი. ეს იყო 1998-1999 წლებში.

ამ მიმართულებით თემურ ჯორჯაძემ მრავალი ქვეყნის აკადემიასთან ერთად იმუშავა, შტატებიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული. დაიწყო ლოს-ანჯელესიდან, სან-ფრანცისკოდან და გააგრძელა ნიუ-იორკის დიზაინის ინსტიტუტთან.

დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე 2008 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამოაყალიბა ახალი სპეციალობა – „განათება და ფერი არქიტექტურულ დიზაინში“. 

ფაკულტეტს თემურ ჯორჯაძე თავად ხელმძღვანელობს. პედაგოგთა მიერ შემუშავებულ სამაგისტრო პროგრამაში თავმოყრილია არქიტექტურული დიზაინის თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები, სინათლისა და ფერის გამოყენების მეთოდოლოგია, გარემოში ადამიანზე განათების, ფერისა და ბგერის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ასპექტები, საინჟინრო დისციპლინები, ეკონომიკური საკითხები. მაგისტრატურის დამთავრებულებიდან უმრავლესობა გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ესპანეთის წამყვან ფირმებში მუშაობს.

თემურ ჯორჯაძე არის თბილისის სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრი.

წყარო:

1. https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=6912 

2. https://sputnik-georgia.com/20151023/228870588.html

3. ჯორჯაძე ნანა. მისტიკური სხვენის ბინადარი: ინტერვიუ / ჩაიწერა ირმა ჩუბინიძემ //ეპიზოდი / მთავარი რედაქტორი: სოფო მოსიძე. - თბილისი, 2011. - დეკემბერი. - გვ.50-70

4. ბასილია კახა. თემურ ჯორჯაძე // ბასილია კახა. ქართული კარატე 50 წლისაა. თბილისი. 2015. გვ. 57-63

5. ჯორჯაძე თემურ. 9 აპრილს ერთ რუსს მოვაძვრე ჩაფხუტი, რომელიც ახლაც სახლში მაქვს: ინტერვიუ / მოამზადა რუსუდან შაიშმელაშვილმა // კვირის პალიტრა. 2022. 27 ივნისი-3 ივლისი. N26(1457). გვ. 23


გააზიარე: