The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვასილ ახმეტელი

ვასილ ახმეტელი
ოფიციალური სახელი:ვასილ ჭიჭიაშვილი
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

მაკედონიაში მცხოვრები, ბალეტის მოცეკვავე ვასილ ჭიჭიაშვილი მაკედონიას პირველად 2001 წელს ეწვია. მიწვეული იყო სპექტაკლზე ,,პორგი და ბესი” (ჯორჯ გერშვინი). იმ პერიოდში მოღვაწეობდა თურქეთის ქ. მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრში, როგორც წამყვანი სოლისტი, მაგრამ როცა მაკედონიაში ყოფნისას თანამშრომლობაზე შემოთავაზება მიიღო ბალეტის ხელმძღვანელობისგან, სიამოვნებით დათანხმდა. მაკედონიაში 2002 წელს გადავიდა და დღემდე იქ მოღვაწეობს.

ვასილ ჭიჭიაშვილი წარმოშობით ახმეტიდანაა (აქედან მოდი მისი სცენური ფსევდონიმი - “ახმეტელი”). ცეკვით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, მაგრამ როცა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მოხვდა, მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ იქ ქართული ცეკვების გარდა, კლასიკური ცეკვაც შეისწავლებოდა.

პროფესიონალური კარიერა სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 1992 წელს დაიწყო.

1992-1997 წლებში საქართველოში შესრულებული წამყვანი პარტიებიდან აღსანიშნავია: ბაზილი, “დონ კიხოტი”; სოლორი, “ბაიადერა”; ალბერი, “ჟიზელი”; ზიგფრიდი, “გედების ტბა”; ჯეიმსი, “სილფიდა”; ასევე, მონაწილეობდა “გორდაში” (თორაძე), რომელიც ვ. ჭაბუკიანმა დადგა და გიორგი ალექსიძის სპექტაკლებში.

1990-იანი წლების მძიმე პირობების გამო დასის რეპერტუარი შეზღუდული იყო, მაგრამ არ გაჩერებულან და პედაგოგ-რეპეტიტორებთან ერთად იმ რთულ პერიოდშიც მუშაობდნენ.

1997-2001 წლებში, ვასილ ჭიჭიაშვილი 4 სეზონის მანძილზე მონაწილეობდა საბალეტო სპექტაკლებში თურქეთის ქალაქ მერსინში, ნუგზარ მაღალაშვილის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მის რეპერტუარს შეემატა ბალეტები: ,,კორსარი”, ,,რომეო და ჯულიეტა”, ,,პორგი და ბესი” და ,,1001 ღამე”.

2007-2012 წლებში მაკედონია დატოვა და კვლავ თბილისის სცენას დაუბრუნდა,სადაც პარტნიორობას უწევდა დასის ხელმძღვანელს და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს ნინო ანანიაშვილს. ამ წლებში მისი რეპერტუარი გაიზარდა ცნობილი ქორეოგრაფების სპექტაკლებით: მოცარტიანა, ჩაკონა, სერენადა, სიმფონიური ვესტერნი, ბუგაკუ , ჩაიკოვსკი პა დე დე ( ბალანჩინი), ,,მაკნატუნა”, ,,მძინარე მზეთუნახავი”, ,,ამაო სიფრთხილე,” ფოკინის ,,შეჰერეზადა,”. ფრედერიკ ეშტონის ,,მარგარიტა და არმანი, ” ,,ტაისი პა დე დე, ” ,,გაზაფხულის ხმები”, ირჟი კილიანის ,,stepping stone”, იური პოსოხოვის ,,საგალობელი”.

დღესდღეობით ვასილ ჭიჭიაშვილი აქტიური მოცეკვავე აღარ არის. მუშაობს რეპეტიტორად მაკედონიის ოპერისა და ბალეტის დასში.

წყარო:

https://speech.ge/khelovneba/vasil-tchitchiashvili-baleroni-qoreographi-makedonia/

https://mk.wikipedia.org/wiki/Васил_Чичиашвили

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 49

ნადარეიშვილი ლეილა. ახმეტელი ვასილი გიორგის ძე  // ქართული ბალეტი /ლ. ნადარეიშვილი. - თბილისი,  2010. - გვ.110


 


გააზიარე: