The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ კალატოზოვი

მიხეილ კალატოზოვი
ოფიციალური სახელი:მიხეილ კალატოზიშვილი
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1973  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

კინორეჟისორი, ოპერატორი, მსახიობი და კინოწარმოების ორგანიზატორი მიხეილ კალატოზიშვილი დაიბადა 1903 წლის 28 დეკემბერს თბილისში. ნოვატორული ძიებებითა და კინომატოგრაფიული მსოფლმხედველობით გამორჩეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კინოს ისტორიაში.

1923 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო „სახკინმრეწვის“ სტუდიაში. მისი პირველი რეჟისორული ნამუშევარია 1928 წ. ნ. გოგიბერიძესთან ერთად გადაღებული ფილმი „მათი სამეფო“. შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“ 1930 წ.), რომლეშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული.

1933 წელს კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. 1934-35 წლებში სათავეში ედგა „სახკინმრეწვს“. 1936 წელს დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. 1937 წელს დაამთავრა ხელოვნების სახელმწიფო აკადემია. 1937 წლიდან, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, ცოტა ხანს იყო თბილისის კინოსტუდიის დირექტორი.

სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა „ლენფილმში“ (ფილმი „მამაცობა“, 1939 წ, და „ვალერი ჩკალოვი“, 1941 წ.). 1943 წლიდან მუშაობდა „მოსფილმში“. 1945-1948 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვრული ფილმების წარმოების მთავარ სამმართველოს.

1946-48 წლებში იყო სსრკ კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე.

50-იან წლებში იღებს განსხვავებული ჟანრისა და სულისკვეთების ფილმებს. ფილმისთვის „განწირულთა შეთქმულება“ (1950 წ.), შექმნილია ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 1951 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. შემდეგი ეტაპი რეჟისორის შემოქმედებით ბიოგრაფიაში იწყება კინოკომედია „ერთგული მეგობრებით“  (1954 წ.), რომელშიც ლირიკა და პოეტურობა ოსტატურადაა შერწყმული სატირასა და გროტესკთან. 1956  წ. გამოდის საბჭოთა ახალგაზრდებისადმი მიძღვნილი ფილმი „პირველი ეშელონი“.  მსოფლიო აღიარება მოიპოვა კალატოზიშვილის 1957 წელს გადაღებულმა  ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ ( „ოქროს პალმის რტო“ კანის XI კინოფესტივალზე, 1958 წ.). ფილმში სრულყოფილადაა ასახული ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის, ახალგაზრდობის თემა. ტაიგაში დაღუპული გეოლოგების ჯგუფის ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება 1960 წელს გადაღებული ფილმი „გაუგზავნელი წერილი“.

მიხეილ კალატოზიშვილის უკანასკნელი ფილმი იტალია-სსრკ-ის ერთობლივი ნამუშევარი „წითელი კარავი“ (1970 წ.) ეძღვნება უ. ნობილეს ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციას. ამ ფილისათვის რეჟისორს  სსრკ სახელმწიფო პრემია მიანიჭეს 1971 წელს.

მიხეილ კალატოზიშვილი გარდაიცვალა მოსკოვში 1973 წლის 26 მარტს. რეჟისორები არიან მისი შვილი გიორგი და შვილიშვილი მიხეილი.

წყარო:

1.მიხეილ კალატოზოვი (კალატოზიშვილი) : 1903-1973 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.176-179. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

2. ქუთათელაძე, ზურაბ. მიხეილ კალატოზოვი (1903-1973) : კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.98

3. კალატოზიშვილი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.111. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


გააზიარე: