The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რომან გიუტაშვილი

რომან გიუტაშვილი
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

რომან ივანეს ძე გიუტაშვილი დაიბადა 1937 წლის 11 აპრილს, თბილისში. 1951 წლიდან ვარჯიშობდა კლდეზე ცოცვაში, ალექსი მჟავანაძის ხელმძღვანელობით.

1953 წელს „მედიკოსის“ შემადგენლობაში განახორციელა პირველი ასვლა ყაზბეგის მთაზე და დაიმსახურა „სსრკ ალპინისტის“ სამკერდე ნიშანი.

1959 წელს დაამთავრა ინსტრუქტორების სკოლა.

1959-1964 წწ.-  უმცროსი ინსტრუქტორი.

1965 წლიდან მეორე კატეგორიის ინსტრუქტორ-მეთოდისტი ალპინიზმში.

1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით.

არის მრავალი ექსპედიციის მონაწილე (მათ შორის მ. ხერგიანთან ერთად), როგორც მაშველი და ინსტრუქტორი. ხუთხუთჯერ დალაშქრა კომუნიზმის (1998-იდან ისმაილ სამანის), ლენინისა (2006-იდან იბნსინას) და კორჟენევსკაიას პიკები. ბევრჯერ ხელმძღვანელობდა ასვლებს ტიან-შანსა და პამირის მთებში.

1984-1994 წწ. იყო ალპინისტთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

რომან გიუტაშვილი პირველი ქართველი მთამსვლელია, რომელიც ევერესტის (ჯომოლუნგმა) მწვერვალზე ავიდა (მსოფლიოში კი 394-ე).

მან ევერესტი დალაშქრა 1991 წლის 10 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის ექსპედიციის შემადგენლობასთან ერთად. ექსპედიცია საერთაშორისო იყო - ორი რუსი, ოთხი ესპანელი, ერთი ქართველი და ერთიც ამერიკელი ალპინისტი. ჯომოლუნგმაზე რვავე ავიდა.

რომან გიუტაშვილის მეწყვილე იყო დენიელ მეზური, აშშ-დან. მათ ერთმანეთი კატმანდუში გაიცნეს. იქ დამეგობრდნენ და მწვერვალზე ასვლაც ერთად გადაწყვიტეს. ამერიკელი 30 წლის იყო, ხოლო გიუტაშვილი - 54-ის და იცოდა, რომ მისთვის ეს ევერესტის დაპყრობის ბოლო შანსი იყო.

ახალგაზრდობას გამოცდილებამ აჯობა და როდესაც მწვერვალამდე რამდენიმე ათეული მეტრიღა რჩებოდა, ქართველ ალპინისტს მეტი ენერგია შემორჩა, ხოლო დენიელს არაქათი გამოეცალა, ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. რომანი არჩევანის წინაშე დადგა: ან როგორმე გზა უნდა გაეგრძელებინათ, ან თავის ოცნებაზე უარი ეთქვა და ორივე ქვემოთ დაშვებულიყო, რადგან მთაში პარტნიორის მიტოვება არ შეიძლება, აქ სხვა კანონებია.

რომან გიუტაშვილმა შეძლო ამერიკელი მთასვლელის გამხნევება და გზის გაგრძელებაზე დაითანხმა და ადგილობრივი დროით 17.00 სათზე ევერესტზე იდგნენ.

ექსპედიციის მონაწილე ალპინისტებს თავისი ქვეყნის ეროვნული დროშა ყოველთვის თან აქვთ. რომან გიუტაშვილს დროშაზე წინასწარ არ უზრუნია, რადგან ექსპედიციაში მოხვედრამდე პამირზე იყო. მას საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშა ნანახიც არ ჰქონდა. საბედნიეროდ მას დაეხმარა ქართველი ქალი - თალიკო ყუბუსიძე, რომელიც კატმანდუში იყო გათხოვილი. მისი ქმარი ნეპალის სამეფო ტელევიზიის ოპერატორი გახლდათ. სწორედ მან მოძებნა ინტერნეტში ჩვენი ქვეყნის დროშა, ხოლო ქალბატონმა თალიკომ თავისი ხელით შეკერა.

ევერესტზე ასვლა გამოდგა სპორტსმენის  ბოლო მარშრუტი „დიდ ალპინიზმში“.

1992 წელს, თბილისის ომი რომ დაიწყო,  რომან გიუტაშვილი ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე წლის შემდეგ მან ევერესტზე ნამყოფი დროშა თბილისში გამოატანა ჟუნალისტ გოგი ფრანგიშვილს „ქართული სპორტის დიდების მუზეუმში“ გამოსაფენად (2005 წლიდან განთავსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შენობაში).

ჯილდოები და წოდებები: საქართველოს სპორტის რაინდი (2013); რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის საკლასიფიკაციო კომისიის მუდმივი წევრი (1997-იდან); საპატიო ტიტული “თოვლის ჯიქი” (1989); სსრკ ჩემპიონი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (1979, ტაჯიკეთის უნივერსიტეტის პიკი) და სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1977, ევგენი აბალაკოვის პიკი); 1966 - სსრკ სპორტის ოსტატი; ფლობს „ედელვაისის" მე-2 ხარისხის ორდენს (№119) და ჟეტონს „ მთაში გადარჩენა“. არის რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი.

წყარო:

1. ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქამეთა სამინისტროmsy.gov.ge 

3. ენციკლოპედია „საქართველო“, . 2, თბ., 2012. — გვ. 38.

4. https://ka.wikipedia.org/wiki/რომან_გიუტაშვილი

5. https://www.facebook.com/ordoedelweiss/posts/2582337478681658/

6. გურასაშვილი, ავთანდილ. საუკუნოვანი ბრძოლა ევერესტისათვის / ავთანდილ გურასაშვილი // ოლიმპიელი / საქ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გამოცემა. - თბილისი, 2013. - N35. - გვ.89-97.

7. ჯაფარიძე, ივანე. თოვლის ჯიქი // მყინვარწვერიდან ევერესტამდე (1923-1991 წწ.) .- თბ., 2010. - გვ.248.


გააზიარე: