The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ავთანდილ ხარჩილავა

ავთანდილ ხარჩილავა
დაბადების თარიღი:195?
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ავთო ხარჩილავამ სამეცნიერო კარიერა  1980-იან წლების დასაწყისში თბილისის ფიზიკის ინსტიტუტში დაიწყო, სადაც შეუერთდა ფიზიკოს-ინჟინრების ჯგუფს, მსოფლიოში უდიდესი, ხუთმეტრიანი სტრიმერული კამერის შესაქმნელად.

პროექტი წარმატებით დასრულდა. ჩატარდა უნიკალური ექსპერიმენტები სერპუხოვოს ამაჩქარებელზე (სსრკ) და 1983 წელს, ჯგუფის ოთხ წევრს საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მიენიჭა, მათ შორის: ავთანდილ იროდის ძე ხარჩილავას, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელს.

ექსპერიმენტის შედეგად გამოვლენილი რამდენიმე შედეგი ავთომ დისერტაციაშიც ასახა. პარალელურად  მუშაობდა ახალ ამოცანებზე, მათ შორის CERN-ის CMS ექსპერიმენტის პროექტზე.

1991 წელს, კვლევების გასაგრძელებლად და CMS ექსპერიმენტის პროექტში მიღებული შედეგების შესატანად, მიიწვიეს CERN-ში, სადაც გააგრძელა მუშაობა ახალი ამოცანების დასაძლევად. ვიზიტი წარმატებული გამოდგა, რადგან რამდენიმე შედეგი CMS ექსპერიმენტის პროექტში შევიდა და ავთო დაასაჩუქრეს მძლავრი პერსონალური კომპიუტერით,  რათა სამშობლოში ეფექტურად გაეგრძელებინა კვლევები.

სამწუხაროდ, იმ ძნელბედობის ჟამს (1993) საქართველოში მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა და ავთო ხარჩილავამ და მისმა მეუღლემ, ასევე ფიზიკოსმა, ია იაშვილმა, ევროპას მიაშურეს.

1995 წელს ბერლინში გადავიდნენ საცხოვრებლად და მუშაობა დაიწყეს მაღალი ენერგიების კვლევით ცენტრში, DESY (Hamburg/Zeuthen)-ში. ავთო ცენტრის მკვლევარ-მეცნიერი გახდა, იამ კი 1997 წელს დისერტაციაზე დაიწყო მუშაობა და 2000 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (Humboldt University, Berlin).  

შემდეგ იყო სტრასბურგი და ბოლოს ისევ ჟენევა (CERN). ავთო ხარჩილავამ სამი საერთაშორისო ექსპერიმენტის ფარგლებში იმუშავა ათიოდე პროექტზე, თუმცა მისი  ძირითადი, სამომავლო მიზანი იყო კვლევების ჩატარება LHC-ზე,  რომელიც გეგმის მიხედვით 2008 წელს ამუშავდებოდა.

1990-იანი წლების მიწურულს გადაწყვიტა D0 ექსპერიმენტზე მუშაობა (Fermilab, Chicago) და 2000 წელს მეუღლესთან ერთად ამერიკაში ჩავიდა.

მაღალი ენერგიების ფიზიკოსისათვის, 2000-იან წლებში Fermilab-ი ყველაზე საინტერესო ლაბორატორიას წარმოადგენდა. იმ დროისთვის (2001) მსოფლიოში უდიდესი ენერგიის ამაჩქარებელი (Tevatron Run II) სწორედ Fermilab-ში ამუშავდებოდა და მეცნიერების მიზიდულობის ცენტრი სწორედ ეს ჩიკაგოსთან ახლოს მდებარე საერთაშორისო ლაბორატორია (Fermi National Accelerator Laboratory) გახდა.

ცოლ-ქმარი ლაბორატორია Fermilab-ში 2005 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი ნიუ-იორკის ბუფალოს უნივერსიტეტში გადავიდნენ.
ბუფალოს უნივერსიტეტი ნიუ-იორკის შტატში ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტია, 30 000 სტუდენტით. 2005 წლამდე აქ მაღალი ენერგიების ფიზიკის დეპარტამენტი არ არსებობდა, 2005 წელს კი ერთდროულად გაიხსნა ორი პოზიცია მაღალი ენერგიების ფიზიკის მეცნიერ თანამშრომლებისთვის, რომელიც ავთომ და მისმა მეუღლემ დაიკავეს. მას შემდეგ აქ მუშაობენ.

ავთო ხარჩილავა ასწავლის ზოგად ფიზიკას, წარჩინებულ სტუდენტებს კი ბირთვულ და ნაწილაკების ფიზიკას. ხელმძღვანელობს ჯგუფს და კვლევებს ატარებს Fermilab-სა და CERN-ში. არის D0 და CMS კოლაბორაციების წევრი. მუშაობს ტრეკულ (Silicon Pixel) დეტექტორზე, მძიმე კვარკების იდენტიფიკაციაზე, ჰიგგს ნაწილაკის თვისებების დეტალურ შესწავლასა და შესაბამისი ფონური პროცესების ანალიზზე.

წყარო: 

1. https://speech.ge/metsniereba/avtho-kharchilava-metsnieri-a-sh-sh/ 

2. საქართველოს სსრ 1983 წლის სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელს . ხარჩილავას // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. - თბილისი, 1983. - ტ.110. - გვ.219. - (N1)


გააზიარე: