The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ღონღაძე

გიორგი ღონღაძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1969
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 2000  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე (უკრაინულად - გონგაძე) დაიბადა 1969 წლის 21 მაისს, თბილისში, რუსლან ღონღაძისა და ლესია კორჩაკის ოჯახში. მამა პროფესიით არქიტექტორი გახლდათ. 1990 წელს ის მოხვდა საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს შემადგენლობაში (დისიდენტური მოძრაობიდან). სპეციალობით ექიმი ლე­სია ღონ­ღა­ძე (კორ­ჩა­კი) ლვო­ვიდან იყო. მა­მა­მი­სი თე­ო­დორ კორ­ჩა­კი და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლი რა­დი­ო­ტექ­ნი­კო­სი გახლდათ. გიორგის ჰყავს ძმა, მიშა ღონღაძე, რომელიც თბილისში ცხოვრობს. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, გიორგი, მამის გავლენით საქართველოს სახალხო ფრონტის წევრი გახდა.

1991 წლის დეკემბერ-იანვრის სამხედრო პუტჩის დროს ღონღაძეები პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს, გიორგი ნაციონალისტური დაჯგუფების „უნა უნსოს“ (Ukrainian National Assembly – Ukrainian People's Self-Defence) უკრაინელ მოხალისეებთან ერთად აფხაზეთში იბრძოდა, სადაც ფილმი „ომის ჩრდილი“ გადაიღო. სოხუმის დაცემამდე გიორგი მძიმედ დაიჭრა. თბილისში მკურნალობის შემდეგ კი იგი დედის სამშობლოში, ლვოვში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა ლვოვის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი ჟურნალისტური კარიერაც ლვოვში დაიწყო.

სიცოცხლის ბოლო დღეებში გიორგი ღონღაძე უკვე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იყო, რომელიც თავისივე დაარსებულ ოპოზიციურ გამოცემას, ინტერნეტ გაზეთ „უკრაინკაია პრავდას“ ხელმძღვანელობდა.

გიორგი 2000 წლის 16 სექტემბერს კიევიდან გაიტაცეს. იმავე წლის ნოემბერში, კიევთან ახლოს, ტარაშჩეის ტყეში, თავმოჭრილი გვამი იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ სწორედ აქ მოკლეს ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტი.

გიორგი ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალში და პროტესტებში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. ღონღაძის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა მის სიკვდილთან დაკავშირებული ორი ადამიანი დააპატიმრეს 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე 2009 წლის ივლისში. მისმა ქვრივმა, მიროსლავა გონგაძემ და მათმა შვილებმა სოლომია და ნანა გონგაძეებმა, მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად.

2005 წლის 23 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გიორგი ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

გიორგი ღონღაძის ცხედარი, გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ, 2016 წლის 22 მარტს მიაბარეს მიწას. ამ დრომდე მისი ნეშთი მორგში ინახებოდა. ცხედარი ვერ დაკრძალეს, რადგან დედა ლესია ღონღაძე (გარდაიცვალა 2013 წლის 30 ნოემბერს) აცხადებდა, რომ ის მის შვილს არ ეკუთვნოდა.
წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ღონღაძე

2. https://zakon.rada.gov.ua/laws/show/1202/2005#Text

3. https://ghn.ge/news/150584

4. https://www.amerikiskhma.com/a/giorgi-gongadze-investigation-129260948/536409.html


გააზიარე: