The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბიბი კვაჭაძე

ბიბი კვაჭაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი კვაჭაძე
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

მუსიკოსი, რადიო და ტელეწამყვანი ბიბი (გიორგი) კვაჭაძე დაიბადა 1962 წლის 16 ივლისს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის 29-ე საშუალო სკოლა (1979). 1980 წელს ჩააბარა უცხო ენების და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე. უმაღლესი სასწავლებელი 1986 წელს დაამთავრა და თავისი პროფესიით, მთარგმნელად დაიწყო მუშაობა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

1989 წლიდან შეუერთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლექტივს. მუშაობდა პროტოკოლის განყოფილებაში კულტურისა და ეკონომიკის დეპარტამენტებში. მიიღო ატაშეს დიპლომატიური რანგი.

1990-1991 წლებში სწავლობდა ქალაქ მოსკოვში საერთაშორისო ბიზნესის სკოლაში, 1992-1993 წლებში კი ჰოლანდიაში, ქ. ჰააგაში აღმოსავლეთ ევროპის დიპლომატიური კორპუსისთვის განკუთვნილ სპეციალურ კურსებზე, რომლის დამთავრების შემდეგ. დაბრუნდა თბილისში და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაინიშნა პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ.

ბიბი მუსიკით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. ჰოლანდიაში სწავლის პერიოდში იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონცერტებში და მუსიკალურ შეკრებებში, გაიცნო უამრავი მუსიკოსი და მუსიკალური პროდიუსერი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიხვდა, რომ მუსიკალური მოღვაწეობის გარეშე ვეღარ გაძლებდა, ამიტომ უარი თქვა ძირითად პროფესიაზე და 1993 წლის აგვისტოში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

1993 წლის ნოემბერში ბიბი კვაჭაძე ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც დიდი ხნის ოცნება აისრულა. იქ მან ორი წელი იმუშავა როგორც record producer-მა და სესიურმა მუსიკოსმა. თანამშრომლობდა ევროპის სხვადასხვა ხმისჩამწერ სტუდიებთან, ჯგუფებთან, ბევრ კონცერტებზე გამოდიოდა და საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა შოუ-ბიზნესში. მას იწვევდნენ როგორც სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებზე, ასევე ადგილობრივ Jam-Session-ებზე. თუმცა, მიუხედავად წარმატებული მუსიკალური კარიერისა, ბიბიმ ოჯახთან სიშორეს ვერ გაუძლო და 1994 წელს თბილისში დაბრუნდა.

საქართველოში დაბრუნებული მუშაობდა სხვადასხვა პატარა კომპანიაში თარჯიმნად და, ასევე, მიჰყავდა მუსიკალური გადაცემები - FM „რადიო 96“-ში, შემდეგ კი  „აუდიენციაში“ (ახლანდელი რადიო „იმედი“ - FM 105.9). ცოტა ხანში ბიბი კვაჭაძე ძალიან პოპულარული რადიო დიჯეი გახდა. მას რამდენიმე რადიო შოუ მიყავდა, 1996 წლიდან კი მუსიკალური რედაქტორის თანამდებობაც შეითავსა ტელე-სტუდია „მაესტროში", სადაც დაიწყო სატელევიზიო გასართობი და მუსიკალური გადაცემებისთვის მუსიკის წერა და არანჟირება.

1996 წელს სერგი გვარჯალაძესთან ერთად სტუდია „Jazz Spirit“-ში დუეტ „ბიბი და სერგის“ სახით ჩაწერეს პირველი სიმღერა „Fish is My Friend“, 1998 -2003 წლებში მათ კიდევ რამდენიმე სიმღერა შექმნეს და ჩაწერეს.

პროდიუსერული კარიერის პარალელურად ბიბის არც თარჯიმნობისთვის უღალატია. 1996 წელს იგი მიიწვიეს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ინგლისური ენის მასწავლებლის და ინსტრუქტორის თანამდებობაზე.

2002 წელს, საელჩოდან წამოსვლის შემდეგ „საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში", (სწაპი) კვლავ თარჯიმნად დაიწყო მუშაობა, ხოლო, ორი წლის შემდეგ მიღებული იქნა კომპანიის მუდმივ შტატში, ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსად, სადაც 2007 წლამდე იმუშავა.

წარმატებით გაგრძელდა ბიბი კვაჭაძის მუსიკალური კარიერაც. 2007 წელს იგი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საბავშვო მუსიკალური ტელეპროექტ „ანა-ბანას" წამყვანად მიიწვიეს. ამავე დროს, მან ხმისჩამწერ სტუდია „სანო სტუდიაში", ხმის რეჟისორად და არანჟირების სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. 2010 წელს კი შესთავაზეს მუსიკალური პროდიუსერის თანამდებობა ხმისჩამწერ სტუდია „Bravo Records“-ში, სადაც მან 2013 წლამდე იმუშავა.

ბიბი კვაჭაძე არის მრავალი მუსიკალური ალბომის პროდიუსერი და თანაპროდიუსერი.

2014 წლიდან მუსიკოსმა პროფესიონალური მუსიკალური კარიერა ნიუ-იორკში გააგრძელა. იგი მეგობრების რეკომენდაციით მოხვდა ქალაქის წამყვან ხმისჩამწერ კომპანიაში - „Purfek Storm Group“. შემდგომში მან  ბრუკლინში  დააარსა საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია „Bibi's Freedom Productions Studio“ და ინტენსიურად თანამშრომლობდა ამერიკელ მუსიკოსებთან სხვადასხვა პროექტებზე.

მუსიკოსს დაწერილი აქვს ორიგინალური მუსიკა მხატვრული და ანიმაციური ფილმებისთვის. მათ შორის:  200-მდე საკუთარი სიმღერა, და 300-ზე მეტი ინგლისურენოვანი ტექსტი სხვადასხვა შემსრულებლისთვის. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჯგუფებთან და დუეტებთან.

ამერიკაში ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბიბი კვაჭაძე სამშობლოში დაბრუნდა.

2023 წელს ქართველი მუსიკოსები ბიბი კვაჭაძე და ალეკო ბერძენიშვილი ამერიკული პრემია „გრემის“ დაჯილდოების ნომინანტთა განსახილველ სიაში მოხვდნენ მათი ერთობლივი სიმღერით “So, We’ll Go No More A Roving”, კატეგორიაში: საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტული შესრულება და ვოკალი.

ბიბი კვაჭაძე 1986 წელს დაოჯახდა, ჰყავს ქალ-ვაჟი ჰყავს - ნინო (1987) და ალექსანდრე (1990).  ნინო პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, სანდრო კი - მუსიკოსი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ბიბი კვაჭაძე

2. ადვაძე რუსუდანი. ქართველი მომღერლები „გრემზე“ წარადგინეს // სარკე. თბილისი, 2023. 8-14 ნოემბერი.

N 45 (1347). გვ.5

3. კვაჭაძე ბიბი. რას უკრძალავს ამერიკის კანონმდებლობა ბიბი კვაჭაძეს და რას აკეთებდა ის სპეცდანიშნულების რაზმში: ინტერვიუ / ესაუბრა ანი რევია // თბილისელები. თბილისი. 2020. 24 თებერვალი-1 მარტი N 9 (1000). გვ.10


გააზიარე: