The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზაზა ფუტკარაძე

ზაზა ფუტკარაძე
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ზაზა ფუტკარაძე დაიბადა აჭარის მაღალმთიან სოფელ ტომაშეთში, მრავალშვილიან ოჯახში. ოთხი წლის იყო, როდესაც ოჯახი გურიაში, სოფელ ნატანებში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობა გურიაში გაატარა, შემდეგ კი სწავლა ბათუმში, პირველ აკადემიურ გიმნაზიაში გააგრძელა.

ექიმობაზე ყოველთვის ოცნებობდა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და  მაგისტრატურა.

საფრანგეთში სტაჟირების მიზნით 2009 წელს ჩავიდა. სწავლობდა მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში ფუნდამენტური ფარმაკოკინეტიკისა და მათემატიკური მოდელირების განხრით.  

ასევე, განათლება მიიღო კლინიკური და პოსტ კლინიკური კვლევების მიმართულებით მარსელის, გრენობლისა და ლიონის სამედიცინო უნივერსიტეტებში.

პირველი სამსახური ქ. მარსელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინსტიტუტში ჰქონდა, სადაც იშვიათი და ძალიან იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებს იკვლევდნენ.

2015 წელს ზაზა ფუტკარაძემ მოიპოვა კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით – ინოვაციურ  ტექნოლოგიებსა და პროექტების მართვაში, რის  შემდეგაც მუშაობა დაიწყო ქ. გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტში კვლევების კოორდინატორად. იგი კოორდინირებას უწევს მონო და მულტიცენტრულ კვლევებს ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და  ონკოლოგიის მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარდა, ეხება ინსულტ გადატანილ პაციენტებში ღეროვანი უჯრედების გამოყენებას.

ქართველ ექიმს ექვსი დიპლომი აქვს, მათ შორის სამი მაგისტრის ხარისხისაა.

2020 წლის COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე, ვაქცინების კვლევებში.

ერთი წლის წინ მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, როგორც ფარმაცევტული ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

ზაზა ფუტკარაძე იმედოვნებს, რომ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან, როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამების მიმართულებით, რადგან მიაჩნია, რომ მეცნიერების ხელშეწყობა და დასავლური სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართველი მეცნიერი ორივე ქვეყნის მოქალაქეა. 2016 წლიდან ის ხელმძღვანელობს ასოციაციას "ქართველები საფრანგეთში", რომელიც ახორციელებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე საქველმოქმედო პროექტებს საფრანგეთსა და საქართველოში.

ასოციაცია 17 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს. ეს სივრცე დღეს უამრავი ადამიანისთვის ერთადერთი საშუალებაა საიმისოდ, რომ თანამემამულეებს ხმა მიაწვდინონ და სასურველი ინფორმაცია მიიღონ, რაც ახალჩამოსულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/20190130/zaza-futkaradze-244114869.html

2. https://speech.ge/meditsina/zaza-phutkaradze-eqimi-saphrangethi/ 


გააზიარე: