The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გოჩა ლაღიძე

გოჩა ლაღიძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

გოჩა ლაღიძე დაიბადა 1965 წლის 18 მარტს, თბილისში. მე-8 კლასამდე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა (1971-1979), მერე კი ფიზიკა- მათემატიკისადმი მიდრეკილების გამო მშობლების ინიციატივით, სწავლა განაგრძო თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში.

კომაროვის სკოლაში გოჩას აღმზრდელ პედაგოგთა შორის იყო საქართველოს ისტორიის მასწავლებელი ჯუანშერ ჯურხაძე. მან დააინტერესა ჭაბუკი ქართველი რაინდების გმირული ცხოვრება-მოღვაწეობით და მათი საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშებით. სწორედ მის ოჯახში ნახა გოჩამ ხვსურურული იარაღების კოლექცია - აბჯრები, ჯაჭვის პერანგები და სხვა საჭურველი. საუცხოო ქართულმა საჭურველმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა 15 წლის ყმაწვილზე და გადაწყვიტა თავისი ხელით დაემზადებინა მუზარადი. მასწავლებლის დახმარებით მიზანს წარმატებით მიაღწია და ასე დაიბადა მისი პირველი ნამუშევარი, ე. წ. „გუდამაყრული ჩაბალახი".

1982 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის განხრით. სტუდენტობისას ჯარში გაიწვიეს, 2 წელი უკრაინაში მსახურობდა. ჯარიდან დაბრუნებულმა, ინსტიტუტში სწავლა რომ გააგრძელა, უკვე სერიოზულად იყო გატაცებული ქართული საჭურველით და ინტენსიურად სწავლობდა ისტორიული საბრძოლო აღკაზმულობების ნიმუშებს.

1985 წლიდან ხშირად სტუმრობდა აკად. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს. მონდომებულ ჭაბუკს ფონდის მცველმა მისცა უფლება, ხელით შეხებოდა და შეესწავლა ეს ისტორიული ნივთები. კვლევაში განსაკუთრებულ დახმარებას უწევდნენ მუზეუმის ფონდის თანამშრომლები და ქართულ იარაღზე სამეცნიერო ნაშრომების ავტორები - კოტე ჩოლოყაშვილი და გურამ შოშიტაშვილი.

1985-1989 წწ. პერიოდში, გოჩა ლაღიძემ შექმნა მნიშვნელოვანი ისტორიული და მხატვრული ნამუშევარი - მთლიანად აღადგინა ხევსურული აბჯარი (ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავეები, საფუხრები, სამხარიღლიო, ფარი და ხმალი).

საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და რესპუბლიკის სახალხო მხატვრის გურამ გაბაშვილის ინიციატივით, 1988 წელს, შეიქმნა ფილმი "ჯაჭვის პერანგი", სადაც წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა მესაჭურვლის ნამუშევრები. ამავე წელს ეს ნამუშევრები, რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ, გაიგზავნა ავსტრიის ქალაქ ტიროლის მერიაში ორგანიზირებულ სამხატვრო გამოფენაზე.

1988 წელს გოჩა ლაღიძეს მიენიჭა საქართველოს მხატვართა კავშირის ხალხური ოსტატის წოდება;

1989 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროობის ინჟინრის კვალიფიკაციით;

1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატში, ამასთან ერთად ასისტირებას უწევდა მხატვარ თემურ სულხანიშვილს. ამავე წლებში მხატვარ ზურაბ წერეთელის პირადი დაკვეთით შეასრულა რამოდენიმე მხატვრულ-მონუმენტალური ნამუშევარი;

1989 წელს, თბილისის მხატვართა სახლში მოწყობილ რესპუბლიკურ გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ, შესთავაზეს სახელოსნო კუს ტბაზე, არქიტექტურისა და ყოფის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც 1991 წლამდე მუშაობდა რესტავრატორის შტატით;

1994 წლიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნიდერლანდების სამეფოში.თავდაპირველად ცხოვრობდა ქ. ჰერტოგენბოსხში, სადაც  ჰქონდა სახელოსნო და ასრულებდა სახელმწიფო დაკვეთებს. დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ კი, უკვე, დიდი სახელმწიფო დაკვეთა მიიღო და მისი შესრულებით დაიმსახურა სტატუსი – „მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ნიდერლანდების კულტურაში“. ამ სტატუსის წყალობით მიიღო ნიდერლანდების მოქალაქეობა.

1998-2000 წწ. იყო ქ. ვეხელის (ნიდერლანდები) პეტერ ბრიუხელის სახ. სამხატვრო ინსტიტუტის დოცენტი, სპეციალობით: ქანდაკება ლითონში და ლითონის მხატვრული დამუშვება;

2001-2002 წწ. კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკის გაკვეთილებს ნიდერლანდების კოლექციების ინსტიტუტში (ნიდერლანდების სამეფოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს დაწესებულება, ამჟამად ამსტერდამის უნივერსიტეტის ფაკულტეტი), სპეცილობით ისტორიული ლითონის დამუშავება;

2002 წლიდან - ნიდერლანდების მხატვართა კავშირისა და ნიდერლანდების ხელოვანთა კავშირების ფედერაციის წევრი;

2004 წლიდან - ისტორიული იარაღისა და საჭურველის მკვლევარ-მეცნიერთა საერთაშორისო გაერთიანების წევრი;

2005 წლიდან - საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი;

2006-2007 წწ.  - მიწვეული პროფესორი ქ. ანტვერპენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, აუდიო-ვიზუალური და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ლითონის რესტავრაციის დეპარტამენტი, სპეციალობა: ლითონის მხატვრული დამუშვება;

2009 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიწვეული იყო და მუშაობდა ფონდებში დაცული 11 ნივთის რესტავრაცია-კონსერვირებაზე, მათ შორის იყო "თამარ მეფის ზარდახშა". ეს პროექტი - "კვალიფიცირებული თანამემამულეების დროებით სამშობლოში დაბრუნება" - დაფინანსდა გოჩასა და ჰოლანდიის მთავრობის მიერ;

2010 წელს გოჩა ლაღიძის ინიციატივითა და ორგანიზებით ქ. ანტვერპენში ჩატარდა ქართული ფოლადის (ბულატის) ვორქშოფები, ხოლო, 2012 წელს - ქართული ოქროთი თეგვის (ზარნიშის) ვორქშოფები, რამაც ქართული ბულატის ფოლადს და ქართული ოქროთი თეგვის ტექნოლოგიებს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ამ ვორქშოფებთან დაკავშირებით მას მოწვეული ჰყავდა სპეციალისტი საქართველოდან;

ხელოვანი ამჟამად ცხოვრობს ქალაქ როზენდალში. ძირითადად მუშაობს, როგორც რესტავრატორი, აღადგენს ძველებურ ანტიკვარულ იარაღს და ზოგადად ანტიკვარიატს.  ასრულებს დაკვეთებს ჰოლანდიის, ბელგიის და შვეიცარიის მუზეუმებისთვი, ასევე, კერძო კოლექციონერებისთვის. გარდა ამისა, ამზადებს საავტორო იარაღებს და, როგორც თავად ამბობს „განტვირთვისთვის“ ქმნის პატარა ცხოველებს, მწერებს – კალიებს, ჭიამაიებს, კიბორჩხალებს, რომლებსაც ამზადებს ლითონისგან, ვერცხლის ან მოოქრული ფრთებით.

გოჩა ლაღიძის ინიციატივით, ავტორობით და დაფინანსებით შეიქმნა ქართველ მხატვარ-მეიარაღეთა ინტერნეტ პორტალი http://www.georgians-weapons.com .; ეს საიტი აქტიურად ემსახურება ქართული მესაჭურვლეობის ხელოვნების უკეთ წარმოჩინებას და პოპულარიზაციას საქართველოში და საზღვარგარეთ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

2015 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია);

2014 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია);

2013 - ნიდერლანდების ოქრომჭედელთა გილდიის ოსტატის წოდება;

2013 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია);

2012 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია);

2011 - მხატვარ-მესაჭურვლეთა გამოფენა-კონკურსი, ოქროს თასი (ბელგია);

2011 - თანამედროვე მხატვარ მეიარაღეთა გამოფენა-კონკურსი, მთავარი პრიზი (ქ. პარიზი, საფრანგეთი);

2011 - თანამედროვე მხატვრული საავტორო იარაღის გამოფენა კონკურსი, პრიზი "საუკეთესო საგამოფენო ნამუშევარი" (ქ. ტიელი, ჰოლანდია);

1999 - თანამედროვე ჭედური ხელოვანების გამოფენა კონკურსი, გრანპრი (ქ. ბურგხლისტერი, ლუქსემბურგი). ნამუშევარი: "მაურიც ვან ნასსაუს საჭურველი";

გოჩა ლაღიძის მეუღლეა, ლელა ბარბაქაძე, რომელიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მისი ჯგუფელი იყო. ჰყავთ სამი შვილი - 2 ვაჟი და ერთი - ასული.

წყარო:

1. https://www.gotscha.nl/ge-biografie.htm 

2/ https://nostal.ge/2022/11/28/sawurvlis-ostati-goca-larize/

3. ლაღიძე, გოჩა. რა უნიკალური ქართული იარაღი აღმოჩნდა ჰოლანდიაში მოღვაწე მესაჭურვლე გოჩა ლაღიძის ხელში : ინტერვიუ / ესაუბრა ეკა სალაღაია // თბილისელები. - თბილისი, 2014. - 10-16 მარტი. - N10(689). - გვ.47
4. ლაღიძე, გოჩა
. გოჩა ლაღიძის რა ნამუშევარი ინახება უცხოელი მულტიმილიონერის ოჯახში და რომელ შეკვეთაში გადაუხადა მას დიდი ფული ზურაბ წერეთელმა : ინტერვიუ /ესაუბრა ნათია უტიაშვილი // თბილისელები. - თბილისი, 2015. - 4-10 მაისი. - N18(749). - გვ.10


გააზიარე: