The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზაქარია ფურცხვანიძე

ზაქარია ფურცხვანიძე
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

ზაქარია ფურცხვანიძე დღეს ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთი წარმატებული ენათმეცნიერია, რომლის ინტერესის სფერო კორპუსის ლინგვისტიკა და ინფორმაციის სტრუქტურირების საკითხებია. დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ქ. ქუთაისში. იქვე დაამთავრა სკოლა დაქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი.

როგორც თავად ამბობს, გრამატიკით ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაინტერესდა ქართული ენის მასწავლებლის, მარინე უკლებას წყალობით, მერე კი  ქუთაისში, უნივერსიტეტის პროფესორ ჟუჟუნა ფეიქრიშვილთან მეცადინეობამ საბოლოოდ განსაზღვრა მისი პროფესიული გზა.

1990-იან წლებში, როდესაც საქართველოში არ იყო ბევრი ალტერნატივა, გაჩნდა შანსი საზღვარგარეთ ესწავლა. რადგან ინგლისური იცოდა, ამერიკაში აპირაბდა წასვლას, მაგრამ მამის რჩევას დაჰყვა და გერმანიას მიაშურა.

გერმანულის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, ჰუმბოლდტისა და ლაიბნიცის უნივერსიტეტებში (ბერლინსა და ჰანოვერში) სწავლობდა ფილოსოფიას და ენათმეცნიერებას. რამდენჯერმე ჰქონდა პედაგოგიური გამოცდილების დაგროვების შანსი, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა ბოსტონში, მასაჩუსეცის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გატარებული არასრული ერთი წელი. შემდეგ კი კვლავ  გერმანიაში დაბრუნდა და სადოქტორო პროგრამა მკაცრ ემპირიულ, ლინგვისტურ გარემოში გაიარა, რაც დისერტაციის დაცვით დაგვირგვინდა.

2009 წლიდან მუშაობს მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, კერძოდ, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში პროფესორის თანამდებობაზე.

ზაქარია ფურცხვანიძე მუდმივად საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ სამშობლოსთან ძალიან მყარი კონტაქტები აქვს და არაერთ პროექტს ახორციელებს ქართველ კოლეგებთან ერთად. განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ქუთაისის ისტორიის მუზეუმთან, სადაც ერთობლივად განახორციელეს რამდენიმე პროექტი, მათ შორის სამუზეუმო არტეფაქტების გაციფრულება. გარდა ამისა, არ ივიწყებს არც მშობლიურ alma mater-ს, ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს.

2020 წელს ჰესენის ფედერალური მიწის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ დააფინანსა 11 პროექტისაგან შემდგარი კონსორციუმი „ენა და იდენტობა“, სადაც ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელობა დაეკისრა ზაქარია ფურცხვანიძეს.

„ურბანული ენობრივი კუნძულები და ქსელები – ახალი და ძველი ენობრივი უმცირესობები“ – ესაა ამ პროექტის სათაური, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა ჰქონდა სამი წლის მანძილზე, ფერეიდანში, პროფესორ მარინე ბერიძესა და სხვა კოლეგებთან ერთად, ფუნდამენტურად შეესწავლა ენობრივი კუნძულების ჩამოყალიბების, არსებობის და გაქრობის დარგთაშორისი ასპექტები.

წყარო:

https://speech.ge/metsniereba/zaqaria-phurtskhvanidze-enathmetsnieri-germania/ 

ფურცხვანიძე ზაქარია. ფერეიდნული პარადოქსი: ენობრივი კუნძულის ნარატივი/ გერმანულიდან თარგმნა ივეტა ვაშაკიძემ. - თბილისი, 2020.


გააზიარე: