The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


აბრაამ საპირი

აბრაამ საპირი
ოფიციალური სახელი:აბრაამ სეფიაშვილი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე აბრაამ სეფიაშვილი (აბრაამ საპირი) დაიბადა 1942 წლის 31 მარტს სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში.

1959 წელს დაამთავრა ვანო სტურუას სახელობის საშუალო სკოლა (სამტრედია) და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა  1971 წელს ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

1972 წლი 10 მაისიდან ცხოვრობს ისრაელში. ივრითის მოკლე კურსის გავლის შემდეგ ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქ. აშდოდში ჩამოაყალიბა ისრაელში პირველი საქართველოდან ამოსულთა კომიტეტი;

1973 წელს სათავეში უდგება აშდოდის პორტის ქართველი ებრაელი მუშების გაფიცვას, რომელიც მოშიმშილე გაფიცულთა სრული გამარჯვებით დამთავრდა; ამ გაფიცვის შემდეგ აბრაამ სეფიაშვილი ისრაელში საქართველოდან ამოსულ ებრაელთა ავტორიტეტულ პიროვნებად იქცა;

აბრაამ საპირი გახლავთ 1973 წლის ქიფურის ომის მონაწილე, სადაც იგი მოხალისეთ წავიდა 18 ახლად ამოსულ ქართველ ებრაელთან ერთად;

ბატონი აბრაამი ისრაელის ისტორიაში პირველი ოლეა მთელი საბჭოთა კავშირიდან, ვინც ისრაელში ამოსვლიდან სულ რაღაც წლინახევრის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურაში აირჩიეს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე - ქ. აშდოდის საქალაქო მუნიციპალიტეტის დეპუტატად;

აშდოდის მუნიციპალიტეტში მოღვაწეობის დროს მისი ინიციატივით ეწოდა აშდოდის ქუჩებს მ. მიხაკაშვილის და ი. ელიაშვილის სახელები, ხოლო ეზორ ვავის პარკს ბააზოვების სახელი. აშენდა ეზორ ვავის ქართველ ებრაელთა ცენტრალური სალოცავი;

აბრაამ სეფიაშვილი გახლავთ გაზეთის "ალია საქართველოდან" დამაარსებელი ისრაელსა და საქართველოში, მისი უცვლელი გამომცემელი და მთავარი რედაქტორი (ისრაელში) 45 წლის განმავლობაში;

1975 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირიდან ამოსულ ოლეთა სრულიად ისრაელის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ და მისი ქართული სექციის პირველ თავმჯდომარედ;    

1976 წელს ჩამოყალიბდა „ისრაელ-საქართველოს მეგობრობის რუსთაველის სახელობის საზოგადოება", რომელმაც მისი ხელმძღვანელობით მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში ჩატარდა ასობით კონცერტი, ათასზე მეტი ექსკურსია ქართველი ებრაელებისათვის და საქართველოდან ჩამოსული ასობით ტურისტისათვის. ამ ორგანიზაციის ეგიდით ისრაელში ჩამოყალიბდა არაერთი, ქართული თეატრალური ჯგუფი, ვოკალურ-ინსტრუმენტული და ქორეოგრაფიული ანსამბლი. გადაღებულ იქნა პირველი ქართულ-ებრაული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;

1978 წელს აბრაამ სეფიაშვილმა დააფუძნა „საქართველოდან ამოსულთა მსოფლიო ფედერაცია" (თავმჯდომარე), რომელშიც გაერთიანდა საქართველოდან გამოსულები ისრაელიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. შედეგად, საქართველოდან გამოსულ ებრაელობას გაუჩნდა წარმომადგენელი მსოფლიო მასშტაბით;

1983 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა პოლიტიკური მოძრაობა „ალია და ახალგაზრდები", რომელშიც გაერთიანდნენ საბჭოთა კავშირიდან ამოსული ოლეები. აბრაამ საპირი ამ ორგანიზაციის ეგიდით იყრიდა კენჭს 1984 წლის ქნესეთის არჩევნებში;

1989 წელს, საქართველოდან მთავრობის ოფიციალური მიწვევით, თბილისს ესტუმრა ისრაელელ ჟურნალისტთა დელეგაცია აბრაამ საპირის ხელმძღვანელობით. მათი სტუმრობის პერიოდში ჩატარებულმა საქართველოს რუსთაველის სახელობის საზოგადოების მეორე ყრილობამ იგი  აირჩია რუსთაველის საზოგადოების სამდივნოს პირველ უცხოელ საპატიო წევრად;

1993 წლიდან იყო ქ. ბათიამის მერის მოადგილე;

1998 წელს აბრაამ საპირი შეყვანილ იქნა ორგანიზაცია "კერენ კაიმეთი"-ს ოქროს წიგნში. ის ისრაელში ამოსული პირველი ქართველი ებრაელია, რომელიც შეიყვანეს ამ საპატიო წიგნში (ისრაელის სახელმწიფოს საიუბილეო 50-ე წელს), ებრაელი ერის ყველაზე გამოჩენილ და დამსახურებულ პირთა გვერდით;

2017 წლის აგვისტოში აბრაამ საპირმა ოჯახის თითქმის სრული შემადგენლობით იმოგზაურა საქართველოში;

2020 წლის იანვარში საქართველოს მწერალთა კავშირის ოქროს ფონდის გადაწყვეტილებით აბრაამ საპირს მიენიჭა "კულტურის ამაგდარის" წოდება;

2020 წელს, როგორც მთავარი რედაქტორი სათავეში ჩაუდგა "ქართველ ებრაელთა ენციკლოპედიის" ვებ გვერდის (gjenciclopedi.com) შექმნას ოთხ (ქართულ-რუსულ-ივრითულ-ინგლისურ) ენაზე და მის გავრცელებას საზოგადოებრივ ქსელებში.  ვებ გვერდი უკვე ფუნქციონირებს;

აბრაამ სეფიაშვილი აკეთებდა პოლიტიკურ მიმოხილვებს ისრაელის რადიო "კოლ-ისრაელის" ქართულენოვან გადაცემებში;

აბრაამი არის ისრაელის ქართველ ებრაელ მწერალთა გაერთიანების თავმჯდომარე; ავტორია წიგნებისა: "პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი" (2000), "კულაში - ნანახი, განცდილი, გაგონილი" (2000), "საქართველო დამოუკიდებლობის მიღებიდან 27 წლის შემდეგ" (2017); გამოქვეყნებული აქვს ასობით პუბლიცისტური შრომა, სტატია, რეპორტაჟი;

ჰყავს მეუღლე  და ქალ-ვაჟი. ორივე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და და პროფესორია. მოღვაწეობენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.

წყარო:

 1. აბრაამ საპირის პირადი გვერდი: abraamsapir.com

2. დოლიძე, გოგი. აბრაამ საპირ (სეფიაშვილი) - 70 / გოგი დოლიძე // რაინდი / ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი. - თბილისი, 2011. - N3-4. - გვ.26-27

 


გააზიარე: