The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1844
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1929  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

ენათმეცნიერი, ფილოლოგი და ისტორიკოსი ალექსანდრე ცაგარელი დაიბადა 1844 წლის 27 ნოემბერს (ძველი სტილით) კასპის რაიონში. ყრმობის წლები მან დიღომში გაატარა. მამაანტონ თომას ძე ცაგარელი მღვდელი იყო. დედასალომე დიმიტრის ასული უთნელიშვილი განათლებული და ქართული ენის კარგად მცოდნე ყოფილა. მან უდიდესი როლი ითამაშა შვილის ხასიათის ჩამოყალიბებაში.

თავდაპირველად ალექსანდრე ცაგარელი თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. 1859 წელს მან სემინარიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია და პედაგოგების ყურადღება მიიპყრო.

ამ პერიოდში ალექსანდრე ცაგარელს ძალზედ იტაცებდა ხელოვნება. მისი ოცნება იყო სწავლა განეგრძო პეტერბურგის სემინარიაში და თავისუფალ დროს სამხატვრო აკადემიაში ლექციების კურსი მოესმინა, მაგრამ ეს ოცნება ვერ განახორციელა და სამშობლოში დარჩა. საქართველოში მას კარგ ლიტერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ. 1862 წელს „ცისკარში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწარმოები.

1865 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, ალექსანდრე ცაგარელმა სწავლა განაგრძო გიმნაზიაში, ხოლო 1966 წელს, კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე, დავით სარაჯიშვილთან ერთად, პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად.

1867 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში, მაგრამ მალე უნივერსიტეტში ისტორია – ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა მსმენელად.

პეტერბურგში ქართული ფილოლოგიის კათედრას განაგებდა პროფესორი დავით ჩუბინაშვილი.

ალექსანდრე ცაგარელი გატაცებით ეუფლებოდა ევროპულ ენებს, გერმანულ წიგნებს ლექსიკონის გამოუყენებლად კითხულობდა. სავალდებულო საგნების გარდა, მთელ თავისუფალ დროს ენათმეცნიერული და ლექსიკოლოგიური ნაშრომების კითხვას უთმობდა.

თავისი შრომისმოყვარეობით და მრავალმხრივი ცოდნით ალექსანდრე ცაგარელმა სულ მალე დაიმსახურა ყურადღება და სიყვარული, გარშემო შემოიკრიბა და დაიახლოვა ქართველი ახალგაზრდობა.

1867 წელს ალექსანდრე, კვლავ დავით სარაჯიშვილთან ერთად, გერმანიაში გაემგზავრა და მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტი გახდა.
1868 წლის შემოდგომიდან ალექსანდრე ცაგარელი უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია. 1869 წელს კი ძველ საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც სანსკრიტულსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა პროფესორ როთის ხელმძღვანელობით. აქვე შეადგინა სომხურ-ინგლისური, ინგლისურ-არაბული, თურქულ-რუსული მოკლე ლექსიკონები, შეაგროვა ცნობები ძველი ინდოეთისა და სპარსეთის შესახებ, გაარჩია ვახტანგ მეექვსის, ბექასა და აღბუღას სამართლის ზოგიერთი მუხლი.

უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდგომ, ალექსანდრე დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში და, ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, წარმატებით ჩააბარა გამოცდები. 1872 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა".

ეს იყო იბერიულ (ქართველურ) ენათა ისტორიულ – შედარებითი შესწავლის პირველი ცდა, რომელმაც სათავე დაუდო ნაყოფიერ კვლევა – ძიებას ამ მიმართულებით.

სწორედ იმ ხანებში, როცა ალექსანდრე ცაგარელმა კანდიდატის ხარისხი მიიღო, დავით ჩუბინაშვილს შეუსრულდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის 30 წელი და, არსებული წესის თანახმად, პენსიაზე უნდა გასულიყო. თავის შემცვლელად მან ალექსანდრე ცაგარელი დაასახელა.

1874 წლის 25 აპრილს ალექსანდრე ცაგარელი შეუდგა ლექციების კითხვას პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ის დამტკიცებული იქნა პრივატ – დოცენტად და ქართული ენისა და სიტყვიერების კათედრის გამგედ. ორი წლის შემდეგ მას მიენიჭა ქართული სიტყვიერების მაგისტრის წოდება. 1880 წელს კი მოიპოვა ქართული სიტყვიერების დოქტორის ხარისხი. ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია, დაცული ქართველურ ენათა სფეროში. იგი ავტორია ენათმეცნიერული ნაშრომებისა: "ქართული ენის გრამატიკული ლიტერატურის შესახებ"(1873), "მეგრული ეტიუდები"(ორ ტომად, 1880);

ალექსანდრე ცაგარელი XIX საკუნის 60-იანი წლების ყველაზე უფრო ნიჭიერი და ნაყოფიერი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი იყო. იგი 1970-იანი წლებიდან  აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პრესაში ქართული მწერლობის საკითხებზე;

ახალგაზრდობიდანვე დაიწყო ქართულ ხელნაწერთა შეგროვება, აღწერა და შესწავლა.

1877-1878 წწ. მეგრულ ენაზე სამუშაოდ მივლინებისას, სოფელ გორდში, დადიანების რეზიდენციაში გაეცნო სამეგრელოს მთავრის ხელნაწერთა კოლექციას და აღწერა იგი; მან აღწერა აგრეთვე იოანე ბატონიშვილის კოლექცია, რომელიც 1880 წელს შეიძინა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკამ;

1878 წელს გამოსცა შანშოვანის ქართული გრამატიკა; რუსულ ენაზე თარგმნა ს.ს. ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა"(1878);

1881 წელს შეისწავლა მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ არქივში დაცული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალები და მოპოვებული მასალის შესახებ 1883 წელს გამოკვლევა დაბეჭდა სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალში, საბოლოოდ კი 1890-1902 წწ. რამდენიმე ტომად გამოაქვეყნა;

1882 წელს შეისწავლა და აღწერა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში არსებული 36 ქართული ხელნაწერი;

პირველმა გამოაქვეყნა იოანე ზოსიმეს „ქებაი ქართულისა ენისაი“ და პირველმა აღწერა სინური მრავალთავი.

1983 წელს მეცნიერი რვა თვით მიავლინეს აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საბერძნეთში სამუშაოდ. მან ზამთრის მძიმე პირობებში რამდენიმე დღეში აღწერა სინას მონასტრის 93 ქართული ხელნაწერი, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ ქართული კულტურის ისტორიისათვის. მათი უმეტესობა პირველად ცაგარელისეული აღწერილობით გახდა ცნობილი სამეცნიერო წრეებისათვის.

ალექსანდრე ცაგარელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე. მან თავისი მოღვაწეობით დამსახურებული ავტორიტეტი მოუპოვა ქართველოლოგიას რუსეთსა და ევროპაში. ის იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც   სპეციალურად ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს, მოინახულა ბევრი სავანე (ათონი, ჯვარი, საბაწმინდა), სარდაფებსა თუ სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების პირები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ. სამჯერ იმოგზაურა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო XII საუკუნის ქართულ ხელნაწერ ძეგლს.

ამ მოგზაურობის დროს ალექსანდრე ცაგარელმა აღწერა 332 ხელნაწერი, გადმოიწერა 40-ზე მეტი წარწერა და 50-ზე მეტი წმინდანისა და ისტორიული პირის სურათების წარწერები. ამ მასალების დიდი ნაწილი მანამდე სრულიად უცნობი იყო მეცნიერებისათვის.

შემდგომში მათ შესასწავლად ათონზე, სინას მთაზე თუ პალესტინაში ბევრი ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტი ყოფილა, რომლებმაც დააზუსტეს და შეასწორეს ალექსანდრე ცაგარელის მიერ მოწოდებული ცნობები, მაგრამ ამით მათი მნიშვნელობა არ დაჩრდილულა.

მეცნიერმა აღწერა თვით საქართველოში, პეტერბურგსა და მოსკოვში დაცული ძვირფასი კოლექციები და ყოველივე ამის შედეგად დაგვიტოვა ქართული წერილობითი ძეგლების აღწერილობა სამ წიგნად: «Сведения о памятниках грузинской письменности». (I – 1886; II – 1889; III – 1894); მისი აღწერილობანი მოიცავს 1194 ერთეულს, რომელთაგანაც 946 ხელნაწერია, 162 ძველი ნაბეჭდი წიგნი და 76 წარწერიანი ნივთი.

ალექსანდრე ცაგარელი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის („სტატიები და შენიშვნები ქართული საეკლესიო საკითხისთვის, რუსულ ენაზე, პეტერბურგი, 1912).

1920 წლის მაისში ალექსანდრე ცაგარელი დაბრუნდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად და ქართველ ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ქართული მეცნიერებისა და უნივერსიტეტის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო პროფესორთა საბჭომ 1922 წელს მას დამსახურებული პროფესორის წოდება მიანიჭა.

ალექსანდრე ცაგარელი გარდაიცვალა 1929 წლის 12 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

კასპში დგას ალექსანდრე ცაგარლის ძეგლი, ხოლო თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა.

წყარო:

1. კინწურაშვილი, კორნელი. ალექსანდრე ცაგარელი : [ცხოვრება და მოღვაწეობა]. - თბ. : განათლება, 1974

2. შუბითიძე, ვაჟა. ალექსანდრე ცაგარელი // ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი. - თბ., 2011. - გვ.254-256.

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ცაგარელი




გააზიარე: