The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნოე ადამია

ნოე ადამია
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1942  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სევასტოპოლის ძმათა სასაფლაო, უკრაინა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მეზღვაური, საბჭოთა კავშირის გმირი ნოე პეტრეს ძე ადამია დაიბადა 1917 წლის 21 დეკემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში. საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში და ჩარიცხეს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტში.

1940 წელს სწავლობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილში ქალაქ სევასტოპოლში.

1941-1942 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოცეულის მეთაური და განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში.

ნოე ადამია სნაიპერული მოძრაობის დამაარსებელი იყო. მან 80 სნაიპერი აღზარდა. მისი პირადი სნაიპერული რეკორდია 200 დახოცილი ფაშისტი ჯარისკაცი, მან, ასევე, ვერმახტის ორი ტანკი ააფეთქა.

1942 წლის 17 ივნისს, მოწინააღმდეგემ გაარღვია 775-ე მსროლელი პოლკის დაცვის ხაზი და ზურგიდან დაემუქრა საზღვაო ბრიგადის 1-ლ ბატალიონს. ვითარება მძიმე იყო. ხელმძღვანელობამ 1-ლ ბატალიონს სამი სნაიპერი - ნოე ადამია და მის მიერვე აღზრდილი სნაიპერები - ზამკოვი და გაი დაახმარა. საბჭოთა სნაიპერებმა 50 ფაშისტი გაანადგურეს. გერმანელები პანიკამ მოიცვა და მათ უკან დაიხიეს.

ამ ფაქტიდან სამი დღის შემდეგ, ნოე ადამია წინ გაუძღვა 15 წითელარმიელს და მოწინააღმდეგე სანგრებიდან გაყარა.

21 ივნისს ადამია, 11 საბჭოთა მსროლელთან ერთად, მტრის ალყაში მოექცა. გერმანელმა ჯარისკაცებმა მათ დანებება შესთავაზეს, თუმცა სნაიპერები არ დაემორჩილნენ. მათ 180 გერმანელი დახოცეს და მოახერხეს, მიეღწიათ თავიანთ ბრიგადამდე.
ნოე ადამია უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1942 წლის 3 ივლისს, ბრძოლის დროს საბჭოთა ჯარის სევასტოპოლიდან ევაკუაციისას.
შემდგომ გაირკვა, რომ დაიღუპა კამიშევის ყურესთან, გასფორტის რაიონში და დაკრძალულია ქ. სევასტოპოლის ძმათა სასაფლაოზე, მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის 86 ჯარისკაცთან ერთად.

ნოე ადამია დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, მედლებით "მამაცობისათვის" და "საბრძოლო დამსახურებისათვის".

საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 24 ივლისს (სიკვდილის შემდეგ) - სევასტოპოლის დაცვისას გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.48

საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

https://www.didisamamulo.ge/a/adamia-noe

https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_ადამია


გააზიარე: