The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რეზო ადამია

რეზო ადამია
ოფიციალური სახელი:ემელიანე ადამია
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

რეზო (ემელიანე) მიხას ძე ადამია დაიბადა 1938 წლის 21 თებერვალს ქ. სენაკში. დაამთავრა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (1970), აპოლონ ქუთათელაძის კლასი. 1969-1971 წწ. მუშაობდა თბილისის 50-ე საშუალო სკოლაში ხატვის მასწავლებლად. 1974-1988 წწ. - საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორად, მეცნიერ-თანამშრომლად.

რეზო ადამია მოღვაწეობს როგორც საგნობრივი ხელოვნების მიმართულებით, ასევე უსაგნო ხელოვნების, აბსტრაქციის დარგში. მისი ძირითადი ჟანრებია: პეიზაჟი, ხატწერა, ფიგურული თემატიკა, პორტრეტი და ნატურმორტი.

არის ავტორი ნამუშევრებისა: "მეთევზის ოჯახი", "მევენახეები" (1970), "ვაზო ქართულო" (1971), "მეცხვარეეები" (1972-1973), "ჩემი სოფელი" (1973), "მუსიკის წყარო", "ექსკურსია მუზეუმში" (1975), "მაწვნის გამყიდველი", "ჭირნახული", "უკანასკნელი ომის საშიშროება" (1976), პეიზაჟების სერიისა "სამეგრელო" (1975-1998); ხელოვნების მოღვაწეთა და მწერალთა პორტრეტების სერიისა და სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში შეწირული ხატებისა.

გამოფენებში მონაწილეობს 1966 წლიდან.

პერსონალური გამოფენები: სენაკი (1986), თბილისი (1987, 1997), საფრანგეთი, პარიზი, ნორმანდია, ქ. პორტ ბაი (1997), აზერბაიჯანი, იაპონია, ინგლისი, პოლონეთი, რუსეთი, სომხეთი (1970-1997); თბილისი - საჯარო ბიბლიოთეკა, "მზე და პარიზული დღესასწაული" (2005); პარიზი, ორი პერსონალური გამოფენა (2005-2006); თბილისი - საჯარო ბიბლიოთეკა, "მზე ნათელი პარიზი" (2006) და სხვა.

ხელმძღვანელობდა ძველი სენაკის მაცხოვრის და მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის სალხინოს (დადიანისეული) ეკლესიების საქველმოქმედო აღდგენის ორგანიზაციას. ფოთის, ხობის, სენაკის ეპარქიის დავალებით მუშაობს ნოქალაქევის ორმოც მოწამეთა ეკლესიის აღდგენის ორგანიზებაზე.

რეზო ადამია მრავალი წელია წმინდა ნინოს ხატებს ქმნის. პირველად, 1970-იან წლებში, სწორედ წმინდა ნინო დაიწერა. წმინდა ნინოს ხატი პატარა სამებაში დააბრძანეს…  მერე შეიქმნა მთავარანგელოზები.

დღეს ეს ხატები დავანებულია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების ეკლესიებსა და ოჯახებში, ხოლო მის მიერ შექმნილი ტილოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინახება, ასევე, დაცულია საქართველოს მრავალ მუზეუმსა თუ გალერეაში და რა თქმა უნდა კერძო კოლექციებში (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, რუსეთი, ლატვია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი).

ღვაწლმოსილი მხატვარი მონაწილეობს კოლხური ოდების გადარჩენის პროექტში. იგი დაუღალავად დადის დასავლეთ საქართველოს კუთხეებში, განსაკუთრებით სამეგრელოში და ხატავს ჯერ კიდევ შემორჩენილ ოდა-სახლებს.

მდიდარი სამხატვრო მემკვიდრეობის გარდა რეზო ადამია არის ესეების, ნოველებისა და მოთხრობების ავტორი. შექმნილი აქვს რამდენიმე წიგნი: 2008 წელს გამოსცა წიგნი, მისტიკოს პოეტ-ტერენტი გრანელზე, სახელწოდებით „სისხლიდან ცრემლი”, რაზეც მწერალთა კავშირმა მიანიჭა გალაქტიონ ტაბიძის პრემია. ორი წლის შემდეგ ამ  წიგნმა მიიღო დავით აღმაშენებლის პირველი პრემია. 2011 წელს გამოსცა მეორე წიგნი „უკვდავებაა სიკვდილში” (ტერენტი გრანელის  მოდერნისტული მხატვრობა); 2012 – „ვაჟა-ფშაველა და დრო...“; 2015 – „ერი, აკაკი და სამყარო“; 2016 – „წმინდა ნინო:რომანი (ილია ჭავჭავაძის პრემია); 2017 – „დაუოკებელი სულბობოქრობაა მერანი“: (ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი); 2018 – „მზე“ (რომანი); 2021 – „შეხვედრა დიდ მწერალთან“: წარმოსახვა, აზრთ-განცდები და განსჯა გენიის თვითმყოფად შედევრ-უკვდავებაზე: [კონსტანტინე გამდახურდია].

რეზო ადამია არის პარიზის მსოფლიოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მუდმივი წევრი; ეგრისის, კავკასიის ხალხთა და ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი; ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე; საქართველოს მხატვართა კავშირის სენაკის განყოფილების ხელმძღვანელი; თავადაზნაურთა საზოგადოების საორგანიზაციო კომისიის წინამძღოლი; ქ. დიჟონის საერთაშორისო გამოფენის საპატიო დიპლომის მფლობელი (1997) და სხვ.

წყარო:

1. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოშიქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.17; kvira.ge 

2. https://gemarket.art/art-author/rezo-adamia/

3. რეხვიაშვილი ნინო. რეზო ადამია: ფერწერულ ტილოზე ასახული საგანძური // სამეგრელო. თბილისი, 2017. N11(97). გვ. 18-19.

 

   
   
   

გააზიარე: