The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვიქტორ სანეევი

ვიქტორ სანეევი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1945
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 2022  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

ქართველი მძლეოსანი ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს, სოხუმში. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1969 წელს და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1973 წელს.

მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო, ცნობილი მწვრთნელის აკოფ კერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა 6 წლის შემდეგ კერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა; 

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოვიდა და „დინამოს“ სახელით მონაწილეობდა შეჯიბრებებში;

1968 წელს ვიქტორ სანეევი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში);

1971 წელი - მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი;

ასევე, ის არის მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი 1969-1977 წწ.;

ვიქტორ სანეევი ოთხი ოლიმპიადის მონაწილეა. ის ერთადერთი სამმხტომელია, რომელმაც მძლეოსნობის ამ ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა: მექსიკა(1968), მიუნხენი (1972) და მონრეალი (1976);

ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან მოსკოვის ოლიმპიადაზეც (1980), სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა;

ვიქტორ სანეევი ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელია საქართველოს სპორტსმენთა შორის;

1968, 1972 და 1976 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად;

1980 წელს, მოსკოვში, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ვიქტორ სანეევს ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდა წილად. იშვიათი გამონაკლისის გარდა მოქმედი სპორტსმენები ასეთი პატივით არ სარგებლობენ. ის ერთადერთი სპორტსმენია საქართველოდან, რომელსაც ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის პატივი მიაგეს;

სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე;

2001 წელი - საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცთა შორის (ოქროს პრიზი);

2005 წელს დაჯილდოებულ იქნა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; 

2005 წელს - სპორტის რაინდი;

2005 - თბილისის საპატიო მოქალაქე;

ვიქტორ სანეევი პირველი სპორტსმენია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა;

2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დღეებში, ქალაქის მეტროს სადგურთა დასახელება დროებით ყველა დროის უძლიერესი სპორტსმენების სახელებით და გვარებით შეიცვალა ერთ-ერთ სადგურს ვიქტორ სანეევის სახელი ეწოდა;

2013 წლის 16 ნოემბრიდან მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის - IAAF - დიდების დარბაზის წევრია.

1992 წლიდან ვიქტორ სანეევი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. 

გარდაიცვალა 2022 წლის 3 იანვარს, ქალაქ სიდნეიში. ოჯახის გადაწყვეტილებით დაკრძალეს სიდნეიშივე. დაკრძალვის წინ გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას თან ახლდა ორი ქართული სიმღერა — „ზამთარი“ და „საქართველოო ლამაზო“ „ცისფერი ტრიოს“ შესრულებით.

მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1968); იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018) და სხვ.;

2022 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭა. 

წყარო: 

1. სანეევი, ვიქტორ. მეოთხე სიმაღლე. - თბილისი, 1987.

2. ვიქტორი = Victor = Виктор. - თბილისი, 2005

3. ნაცვლიშვილი, პაატა. ვიქტორ სანეევი. - [თბილისი], 2011 

4. https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_სანეევი

5.თბილისიენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.785; 


გააზიარე: