The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირმა გიგანი

ირმა გიგანი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1996  (28 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ირმა გიგანი დაიბადა 1996 წლის 5 აპრილს, თბილისში. ის ცნობილი ქართული ოჯახის წარმომადგენელია. ბაბუა - პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი, დედა - თაკო ჩარკვიანი, პიანისტი და პოლიტიკოსი, მამა - ბიზნესმენი ჯონი გიგანი.

ირმამ მუსიკალური უნარები ადრეული ასაკიდან გამოავლინა. სამი წლის იყო როცა დამოუკიდებლად ააწყო მამუკა ჩარკვიანის კომპოზიცია.

5 წლისა შეიყვანეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ  მუსიკალურ სკოლაში. პედაგოგ  ლუდმილა ფირალიშვილის კლასი.

2002 წლის ივნისში იტალიის ქალაქ მინერბიოში მუსიკოს-შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე (Minerbio International Competition) გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი. მაშინ ექვსი წლის იყო, მაგრამ როდესაც იტალიაში მისი ჩანაწერი მოისმინეს, პატარა პიანისტი კონკურსზე დაუშვეს.

2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში, კამერული ორკესტრის თანხლებითა და რევაზ ტაკიძის დირიჟორობით, შეასრულა ბახის კონცერტი ფორტეპიანოსათვის (f-moll). იგივე ნაწარმოები შეასრულა 2003 წლის თებერვალში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ სოლო კონცერტზე, ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.

2002 წლის 25 ივლისს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ ლიანა ისაკაძის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე „ხელოვნების ზეიმი“.

2003 წელს მუსიკოს-შემსრულებელთა მე-3 რესპუბლიკურ კონკურსზე (ასაკის გამო კონკურსის გარეშე) დაჯილდოვდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს სპეციალური პრიზით.

2003 წლიდან არის ვ. სპივაკოვის ფონდის მიერ ჩატარებული ფესტივალების მონაწილე. სპივაკოვისა და იუნესკოს საერთაშორისო ფონდის სტიპენდიანტი.

2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედში“. პედაგოგი მაია ნარიმანიძე.

2006-2008 წლებში ირმა გიგანი მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათ შორის აღსანიშნავია კონცერტები ანკარის სიმფონიურ ორკასტრთან ერთად ანკარაში (თურქეთი), ორგანიზებული ვ. სპივაკოვის ფონდის მიერ და რეციტალი ნიცას ოპერის თეატრში (საფრანგეთი), ორგანიზებული იუნესკოს მიერ.

2009 წელს დაჯილდოვდა კულტურის დესპანის მედლით გაცვლისა და განვითარებისთვის.

იმავე წელს გამოიცა მისი დისკი ისრაელის კამერატასთან (დირიჟორი ავნერ ბირონი).

2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. 

ამავე წელს, 14 წლის პიანისტი წარმატებით წარდგა მოსკოვში სოლო-კონცერტით.

აღსანიშნავია მისი კონცერტები ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, რომლებიც გაიმართა 2012 წელს ეროვნულ საკონცერტო დარბაზში და ქუთაისის ოპერის თეატრში.

2009-2013 წწ. ირმა გიგანი სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სემინარიაში. პედაგოგი თენგიზ ამირეჯიბი. 2013-2016 წწ. კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პედაგოგი მანანა დოიჯაშვილი.

მუსიკოსი ეწევა აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას: შვეიცარია, ისრაელი, იტალია გერმანია, რუსეთი, ჰოლანდია თურქეთი, დანია.

პიანისტი წარმატებით გამოდის ცნობილ დირიჟორებთან და სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად: რეციტალი მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დიდი თეატრის კამერულ ორკესტრთან, ს. რახმანინოვის დარბაზში, ჩაიკოვსკის დარბაზში, საპრეზიდენტო სიმფონიურ ორკესტრთან – დირიჟორი ბურაკ ტუზუნი (თურქეთი), ე. მიქელაძის თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან – დირიჟორი არიელ ცუკერმანი, ისრაელის კამერატასთან – დირიჟორი და მუსიკალური დირექტორი ავნერ ბირონ და ა.შ.

2015 წელს ირმამ მოიპოვა მეოთხე პრემია საერთაშორისო კონკურსზე დანიის ქალაქ ორჰუსში (Aarhus Competition).

2016 წელს იყო მუსიკალური ფესტივალის „ბეთჰოვენ სუპერვარსკვლავის“ მონაწილე ისრაელის თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმში, ალექსანდრე კორსანტიასთან, სერგეი ბაბაიანთან, ალონ გოლდშტეინთან, ვადიმ გლუზმანსა და დავით ხრიკულთან ერთად.

ამჟამად ცხოვრობს და სწავლობს ავსტრიაში. 2018 წლის 5 ოქტომბერს ჩაირიცხა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში - MDW -  Universität für Musik und darstellende Kunst Wien, პედაგოგი - სტეფან არნოლდი.

Shigeru KAWAI Brand-ის მიწვევით, ირმას ჰქონდა რეციტალური კონცერტები გერმანიაში.

ასევე, 2019 წელს ჰქონდა კონცერტი და იყო ნაარდენის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის (ჰოლანდია) მონაწილე ალექსანდრე მელნიკოვთან, ჰანეს მინნართან, ალფრედ ბრენდელთან ერთად.

ქართველი პიანისტი გახდა საფორტეპიანო საერთაშორისო კონკურსის - Les etoiles du Piano (ფორტეპიანოს ვარსკვლავი) ლილ დე ფრანსის მეორე პრიზიორი.

2021 წელს ირმა გიგანმა ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა. აგრეთვე, სპეციალური პრიზები მოცარტის სონატისა და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ირმა_გიგანი

2. https://www.facebook.com/IrmaGiganiOfficial/about_details?locale=ka_GE

 

 

 

 


გააზიარე: