The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოლომონ ვადაჭკორია

სოლომონ ვადაჭკორია
სხვა სახელი:სოლონ
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1928  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

სოლომონ (სოლონ) ივანეს ძე ვადაჭკორია დაიბადა 1880 წელს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში, გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის სკოლაში. ბავშვობიდან მუშაობდა ტფილისის ტიპოგრაფიებში შეგირდად, შემდგომ - ასოთამწყობად.

1897 წელს მუშაობდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ასოთამწყობად. ამ პერიოდიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში.

1898 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში, თბილისში.

ლადო კეცხოველთან ერთად მუშაობდა ექვთიმე ხელაძის სტამბაში.

იყო ტიპოგრაფიის მუშათა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

1901 წლის დასასრულს კოოპტაციით შეიყვანეს რსდმპ ტფილისის კომიტეტში, სადაც მუშაობდა 1902 წლის ბოლომდე; შემდეგ ოჯახური მიზეზების გამო კომიტეტიდან გავიდა, მაგრამ განაგრძობდა პარტიაში მუშაობას.

1903 წლის ივლისში ჟანდარმერიამ დააპატიმრა და 3 თვე იჯდა მეტეხის ციხეში.

1905 წლამდე საპასუხისმგებლო პარტიული თანამდებობა არ ეჭირა.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი.

1905 წლის დასაწყისიდან ტფილისის კომიტეტში თბილისის მე-3 რაიონის წარმომადგენლად იყო კომიტეტის წევრის უფლებით.

1905 წლის აგვისტოში ქალაქის საბჭოს შენობაში დემონსტრაციის დარბევისას დააპატიმრეს და ციხეში იჯდა თვე-ნახევარი. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ სულ 6 დღე გაატარა ციხეში, რადგან 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტით გათავისუფლდა, თუმცა ამანაც ვერ უშველა დიდი ხნით, რადგან 1905 წლის ბოლოს კვლავ დააპატიმრეს 4 თვით.

დამსახურებების გამო პარტიამ სოლომონ ვადაჭკორიას კანდიდატურა 1906 წელს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე ხმოსნად წამოაყენა.

1908 წლამდე იყო რსდმპ ტფილისის კომიტეტის წევრი, ასევე იყო არალეგალურ გაზეთ „დილას“ პასუხისმგებელი რედაქტორი.

1908 წლის თებერვალში დააპატიმრეს; ძიებამ წელიწად-ნახევარს გასტანა და ბოლოს სამხედრო სასამართლომ 4 წლით კატორღა მიუსაჯა. კატორღის ვადის მოხდის შემდეგ სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც წელიწად-ნახევრის შემდეგ მოახერხა გაქცევა საზღვარგარეთ.

1914 წლიდან 1915 წლამდე ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, სადაც მუშაობდა ასოთამწყობად; 1915 წელს გადავიდა ბერლინში, იქაც ტიპოგრაფიაში მუშაობდა. მონაწილეობდა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის გაზეთ „ქართული გაზეთის“ გამოცემაში.

საქართველოში 1918 წლის მაისში დაბრუნდა, მუშაობდა ქალაქ თბილისში, ტიპოგრაფიაში.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

დამფუძნებელი კრების 1919 წლის 9 მაისის სხდომაზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საკანდიდატო სიის სამი წევრის გარდაცვალების გამო, ახალი წევრებიდან ერთ-ერთად სოლომონ ვადაჭკორია ჩაირიცხა ამ სიაში.

დამფუძნებელი კრების წევრობის გარდა სოლომონ ვადაჭკორია პარალელურად იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე მცირე ხნის განმავლობაში.

1920 წელს, დამფუძნებელი კრების წევრთა არჩევნების შედეგების საბოლოო გადაანგარიშების შედეგად ამოირიცხა კრების წევრობიდან (რადგან სოციალ-დემოკრატებს მანდატები შეუმცირდათ).

კრების წევრის უფლებამოსილების დატოვების შემდეგ მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის ტიპოგრაფიის გამგის თანაშემწედ და მთავრობის ტიპოგრაფიის გამგედ.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში:

ისევ მუშაობდა ტიპოგრაფიაში, სანამ 1921 წლის 21 მაისს არ დააპატიმრეს. ციხეში 2 თვე გაატარა. გათავისუფლების შემდეგ 1921 წლის ნოემბერში გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობაში 1923 წლამდე დაჰყო თბილისში. ამ პერიოდში პარტიაში ოფიციალურად არ ითვლებოდა, მაგრამ ასრულებდა არალეგალურ მდგომარეობაზე გადასული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებებს.

1922 წელს გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე, შემდგომ კი წევრის სტატუსით მუშაობდა 1922 წლის მაისამდე.

1922 წლის ნოემბრიდან კვლავ განაახლა საქმიანობა კომიტეტში 1923 წლის მაისამდე. იყო არალეგალური სტამბების ორგანიზატორი. აქტიურად მუშაობდა ნოე ხომერიკთან ერთად.

1923 წლის დასაწყისში დატოვა კომიტეტი და წავიდა ბათუმში, რათა არალეგალურად გამგზავრებულიყო გერმანიაში ოჯახთან, მაგრამ 1923 წლის 6 ივნისს საზღვარზე სხვისი - გერონტი არტემის ძე ჩუბინიძის - პასპორტით გადასვლის მცდელობისას დააპატიმრეს, მიხეილ ივანეს ძე ტუღუშთან (რომელიც ძიების ინფორმაციით პროფესიონალი ქურდი იყო) ერთად. დაკავებულები ჯერ გადაგზავნეს „აჭარისტანის“ ჩეკაში, შემდეგ კი გადაგზავნეს თბილისში, საქჩეკას კომენდატურაში.

სოლომონ ვადაჭკორიამ დაკითხვებზე დაასახელა თბილისის კომიტეტის ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც თავად შედიოდა კომიტეტში 1922 და 1923 წლებში, თუმცა დასახელებულების უმრავლესობა ან პატიმრობაში, ან საზღვარგარეთ, ან არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

1923 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქჩეკას თავმჯდომარეს და სთხოვა, რომ დროზე დაესრულებინათ საქმე და საზღვარგარეთ, ოჯახთან წასვლის საშუალება მიეცათ, რადგანაც ისედაც არალეგალურად აპირებდა გამგზავრებას და გათავისუფლების შემთხვევაშიც გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიტიკიდან ჩამოშორება.

1924 წლის 17 იანვარს საქჩეკას საიდუმლო განყოფილების  N1 ჯგუფის რწმუნებულმა მიკმა განიხილა ვადაჭკორიას საქმე და მიიღო რა მხედველობაში, რომ იგი შეუერთდა მეტეხის პოლიტპატიმარ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა განცხადებას ყოფილ მენშევიკთა ყრილობის მიერ მიღებული თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილებაზე შეერთებისა და პარტიიდან გასვლის შესახებ, მისი ციხიდან გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა.

1924 წლის ბოლოდან კვლავ არალეგალურად მუშაობდა, იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დასაშლელად ჩამოყალიბებული „მუშათა კომისიის“ წევრი; ეხმარებდა იატაკქვეშელ ყოფილ თანამებრძოლებს ხელისუფლებასთან შერიგებასა და ამნისტიის მიღებაში.

1925 წლისათვის, რამდენადაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კვლავ უარი უთხრა ვიზაზე საზღვარგარეთ ოჯახთან გასამგზავრებლად, მან კვლავ არალეგალურად სცადა გაღწევა. ამჯერად წარმატებით.

სოლომონ ვადაჭკორია გარდაიცვალა 1928 წელს, ბერლინში.

წყარო:

1. ხვადაგიანი, ირაკლისაქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. - თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“.- 2016.-გვ.228.

2. https://ka.wikipedia.org/wiki//სოლომონ_ვადაჭკორია

3. https://archive.ge/ka/biography/140


გააზიარე: