The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ისიდორე ვარაზაშვილი

ისიდორე ვარაზაშვილი
სხვა სახელი:გიშერა  (ფსევდონიმი)
დორელი  (ფსევდონიმი)
მანიჟაშვილი  (ფსევდონიმი)
რკინელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1882
გარდაცვ. თარიღი:3 აპრილი, 1945  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

სარკინიგზო საქმის სპეციალისტი, მეცენატი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე ისიდორე ვარაზაშვილი დაიბადა 1882 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის გუბერნიის, რაჭის მაზრის სოფელ მუხლში (ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), სოფრომ ვარაზაშვილის (ტფილისის მეპურეთა ჰამქრის უსტაბაში) ოჯახში.

დაამთავრა მამადავითის პირველდაწყებითი სასწავლებელი ტფილისში, 1897 წელს -  ნიკოლოზის სახელობის ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელი; 1898 წელს -  მანუილიანცის საბუღალტრო კურსები და ჩააბარა ტფილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში.

კურსის დასრულების შემდეგ, 1901 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომი-ბაკურიანის, ულუხანლუ-ჯულფის (1907), ბაქო-ჯულფის და ერზრუმი-სარიყამიშის რკინიგზების (1914-1916) გაყვანაზე.

1901 წელს გ. ნუცუბიძესთან ერთად ჭიათურაში დააარსა სცენის მოყვარულთა წრე.

1903 წლიდან იყო ვალერიან გუნიას ქართული დასის წევრი, „რკინელის“ ფსევდონიმით.

ამავე წლიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში - 1904 წელს გახდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.

აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ჭიათურაში - მეთაურობდა ესერთა „წითელ რაზმს“.

1906 წელს დააარსა ჭიათურის სცენის-მოყვარეთა წრე, რომელიც წლის ბოლოს გარდაიქმნა ჭიათურის დრამატიულ საზოგადოებად. ამავე დროს ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა სტატიებს „მანიჟაშვილის“, „დორელის“, „გიშერას“ და „ის. ვარაზაშვილის“ ხელმოწერით.

1906 წლის 13 იანვარს დააპატიმრეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ გაათავისუფლეს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ოსეცკის შუამდგომლობით. მუშაობა განაგრძო ჭიათურაში, მრეწველთა საბჭოს ტექნიკურ განყოფილებაში სადგურის უფროსის თანაშემწედ, მაგრამ პოლიციის თვალთვალის გამო მალევე დატოვა იქაურობა და 1907 წლიდან ულუხანლუ-ჯულფის რკინიგზის მშენებლობაზე გადავიდა სამუშაოდ.

1909 წელს იყო ჭიათურის რკინიგზის სადგურის უფროსი. 1909 წლის 13 ნოემბერს კვლავ დააპატიმრეს, თუმცა სამხედრო სასამართლომ ვერ მოახერხა ბრალის დასაბუთება და 1910 წლის თებერვალში თავდებქვეშ გაათავისუფლეს, შემდეგ კი საქმე შეწყვიტეს.

ისიდორემ მუშაობა განაგრძო ჭიათურაში, მრეწველთა საბჭოს საბაგირო გზების გამგედ და ჭიათურის დრამატიული საზოგადოების გამგეობის წევრად.

1917  წელს ეროვნულ საკითხებში უთანხმოების გამო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია დატოვა და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. სარიყამიშში დააარსა პარტიის სამხედრო ორგანიზაცია ქართველთა შორის, რომლის თავმჯდომარე თავად გახლდათ რუსეთ-თურქეთის ფრონტის დაშლამდე.

1917 წელს აირჩიეს შავი ქვის (მანგანუმის) მრეწველთა საბჭოს წევრად.

ივანე და ისიდორე ვარაზაშვილებმა 1917 წლიდან ხელი მოჰკიდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის განვითარებას. მათი მიზანი იყო, შავი ქვის რეწვა გადაექციათ ეკონომიკურად დაუძლურებული საქართველოს შემოსავლის მთავარ წყაროდ.

1918 წელს დაარსდა „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება“, რომელსაც ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ამერიკაში. პირველ თავმჯდომარედ ნიკო ნიკოლაძე მიიწვიეს.

1919 წლის იანვარში, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში განხეთქილების შემდეგ, ალექსანდრე წერეთელთან ერთად დააარსა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა „მაშვრალთა“ პარტია.

1919 წლიდან ისიდორე ვარაზაშვილი ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა სააქციო საზოგადოების „ჩემოს“ გამგეობის წევრი იყო 1921 წლამდე. ამავე წლის დეკემბერში აირჩიეს „ჩემო“-ს საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც იმუშავა 1923 წლამდე, ხოლო 1926 წლამდე იყო ამავე საბჭოს წევრი, 1928 წლამდე კი „ჩემო“-ს სალიკვიდაციო კომისიის წევრი.

პარალელურად, ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გახლდათ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ - 1922 წლამდე იყო სინდიკალისტთა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე მის ლიკვიდაციამდე.

1921-22 წლებში ისიდორე ვარაზაშვილი ჩრდილო ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის რწმუნებულად მუშაობდა.

1922 წელს ივანე და ისიდორე ვარაზაშვილები, სააქციო საზოგადოების დავალებით, გერმანიაში გაემგზავრნენ. იქ იმყოფებოდა მათი უმცროსი ძმა, გიორგიც, რომელიც სამთო ინსტიტუტში სწავლობდა.

ძმები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ მარგანეცით, მათ ქართული კულტურის პოპულარიზაციაზეც დაიწყეს ზრუნვა. ამ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფ მოწინავე ქართველ მამულიშვილთა შორის მომწიფებული იყო აზრი, ბერლინში ქართული გამომცემლობის დაფუძნების შესახებ. ამ იდეას ხორცი შეასხა ივანე ვარაზაშვილმა. მისი მცდელობითა და ქველმოქმედებით ბერლინში დაარსდა გამომცემლობა Naher osten, ანუ „ახლო აღმოსავლეთი“.

უცხოეთში მოსწავლე ხელმოკლე ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად და ქართულ-ევროპული კულტურული მემკვიდრეობის გაცვლის მიზნით, 1922 წელს ძმებმა ვარაზაშვილებმა, გერმანელ ქართველოლოგ რიჰარდ მეკელაინთან ერთად, გერმანიაში, ჰამბურგში, საფუძველი ჩაუყარეს პირველ „რუსთაველის საზოგადოებას“.

ვარაზაშვილები ცნობილი იყვნენ როგორც მეცენატები. ისინი ეხმარებოდნენ ბერლინში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს. ბევრი ქართველი სტუნდენტი, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდა.

1926 წელს ისიდორე სამშობლოში დაბრუნდა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად  საპაიო-საგამომცემლო  საზოგადოება "ქართული წიგნი" დააფუძნა, სადაც ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული გამოიცა, დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულები, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ თარგმნილი უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები, ასევე, შალვა დადიანის რომანი – „უბედური რუსი“.

ისიდორე ვარაზაშვილი 1929 წლამდე გამომცემლობა „ქართული წიგნის“დირექტორი იყო.

ჭიათურმანგანუმის საექსპორტო საზოგადოების „ჩემო“-ს გაუქმებისა და ჰარიმანის კონცესიის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ მთავრობის კონსულტანტად მანგანუმის წარმოების საქმეში.

1930-იანი წლებიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამშენებლო ტრესტის ხელშეკრულებათა განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდგომ სამშენებლო ტრესტის - „საქკომუნმშენის“ დირექტორის მოადგილედ.

1930-იანი წლების დასაწყისში იყო „ქართული კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი.

ისიდორე ვარაზაშვილი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი 1913 წლიდან, ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, სამეცნიერო და ლიტერატურული საზოგადოების გამგეობის საპატიო თავმჯდომარე, ქართველ მხატვართა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე. 

აღსანიშნავია, რომ მისი თაოსნობითა და "ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოების" სახსრებით მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიდგა აკაკი წერეთლის ძეგლი.

მიუხედავად დიდი დამსახურებისა, ისიდორე ვარაზაშვილი პოლიტიკურმა რეპრესიებმა შეიწირა. იგი საქართველოს სსრ შინსახკომმა დააპატიმრა 1935 წლის ზაფხულში ალექსანდრე წერეთელსა და რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომელთა შორის მისი ქალიშვილი - თამარ ვარაზაშვილიც იყო.

1936 წლის იანვარში საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ ბურჟუაზიული-ნაციონალიზმის და ფაშისტური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 10 წლიანი მკაცრი რეჟიმის პატიმრობა მიუსაჯა.

1937 წლის 24 დეკემბერს დახვრიტეს მისი ვაჟი - სოსო (სოფრომ) ვარაზაშვილი, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა.  

ისიდორე ვარაზაშვილი სასჯელს იხდიდა ვერხნეურალსკის (ჩელიაბინსკის ოლქი, რუსეთის ფედერაცია) პოლიტიზოლატორში. ამავე საპატიმროს გაცემული ოფიციალური ცნობით გარდაიცვალა 1945 წლის 3 აპრილს ინფარქტით, თუმცა სავარაუდოდ დახვრიტეს 1938 წლის დასაწყისში.

მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულია ისიდორე ვარაზაშვილის პირადი ფონდი, რომელიც ცენტრალურ არქივს 1967 წელს მისი ოჯახის წევრებმა გადასცეს და რომელშიც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაცულია მისი და მისი მეუღლის, ვერა წერეთლის პირადი წერილები, სტატიები ,,ჩვენი სახალხო თეატრის მნიშვნელობა წარსულში და მომავალში”. აქვეა გამოუქვეყნებელი ნაშრომი, 1907 წელს დაწერილი „კაცობრიობის მიზანი“, რომელიც ხელნაწერის სახით არის შემორჩენილი და კაპიტალიზმის ეკონომიკურ სიკეთეს შეეხება. 

პირად არქივში, ასევე დაცულია ცნობა 1960-იან წლებში მისი რეაბილიტაციის შესახებ.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.-გვ.164

2. https://archive.ge/ka/biography/15 

3. http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00001139/

4. https://archive.gov.ge/ge/news/isidore-varazashvilis-piradi-fondi

5. "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" : იოსებ იმედაშვილი // II ტომი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2021

 


გააზიარე: